[კვირის პალიტრა]
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6831 ლარის ნიშნულზე გამყარდა.
ირაკლი ლექვინაძე, (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში):
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 1 აპრილიდან დღემდე, ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით, ევროსთან მიმართებაში კი დაახლოებით 1,2%-ით გამყარდა. ეს არის ეროვნული ბანკის ანტიინფლაციური პოლიტიკის ნაწილი. ეროვნული ბანკი ცდილობს გაამყაროს ლარი, რადგან ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და ბუნებრივია, ლარის კურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფასების მერყეობას ქვეყანაში.
გარდა ამისა, ახლა არის სეზონი, როდესაც ბუნებრივი ფაქტორებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტა ამ პერიოდში გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ამის დასტურად, შეგიძლიათ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც გადახედოთ. ამსთან ერთად, წინ გველის სააღდგომო დღესასწაული, როდესაც ადგილობრივ ვალუტაზე ყოველთვის იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად ხდება მისი გამყარება. ამიტომ, ბოლო დროს ლარის გამყარების მიზეზი ერთის მხრივ არის ეროვნული ბანკის ანტიინფლაციური პოლიტიკა და მეორე მხრივ, სეზონური პერიოდი, რომელიც აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ 1 მაისამდე ლარის გამყარების ტენდენცია ამერიკულ დოლართან მიამრთებაში გაგრძელდება, შემდეგ კი კურსის ზრდას უნდა ველოდოთ.
- რა გავლენას იქონიებს ლარის კურსის გამყარება ექსპორტთან მიმართებაში?
- ვფიქრობ, რომ ჩვენი ექსპორტი არ არის იმ მოცულობის, რომ ამ დონის გამყარებამ მას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას. ზოგადად ეროვნული ვალუტის გამყარება ყოველთვის აძვირებს ადგილობრივ პროდუქციას და შესაბამისად, ექსპორტის მოცულობა ამ დროს მცდირდება. მაგრამ საქართველოში ამას არ მგონია რამე სერიოზული გავლენა ჰქონდეს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ექსპორტი მცირედით, მაგრამ მაინც გაძვირდება.
- იმპორტთან მიმართებაში თუ იქონიებს გავლენას ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილება?
- ადგილობრივი ვალუტის გამყარება ყოველთვის ახალისებს იმპორტს და სტიმულს აძლევს, რადგან უფრო იაფი უჯდებათ იმპორტიორებს ამ კურსთა შორის სხვაობით შემოტანილი პროდუქცია. შესაბამისად, იმ პირობვებში, როდესაც ჩვენთან ლარი უფასურდება და მყისიერად გვიძვირდება იმპორტირებული პროდუქცია, ლარის გამყარების პარალელურად რა თქმა უნდა არასდროს მოჰყვება ხოლმე ამას პროდუქციის გაიაფება. შესაბამისად მოგების ის მარჟა, რომელიც კურსთა შორის სხვაობით დარჩებათ კომპანიებს, ძირითადად იმპორტიორების და არა მომხმარებლების სარგებელი იქნება.
- შესაძლებელია, რომ ამის გათვალისწინებით შიდა ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს?
- ამის თქმა ჩვენს პირობებში ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მოგების მარჟა ასეთ პირობებში კომპანიებს ყოველთვის ეზრდებათ.