მენავთობეები: „საწვავი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ახლა ღირს“

მენავთობეები: „საწვავი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ახლა ღირს“

ავტომფლობელებისთვის რთული პერიოდი იწყება. ყველა ტიპის საწვავი ძვირდება. ავტოგაზი ბოლო 3 თვეში ორჯერ გაძვირდა და ახლა 1 კბ/მ 1,2 ლარის ღირს. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე გაძვირდა ბენზინიც და დიზელიც. დღე-დღეზე იგივე მოხდება ბრენდირებულ სადგურებზე.

დღესდღეობით “პლატცის” ფასზე და ლურის კურსზე გადაანგარიშებით 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,4 ლარზე მაღალია. საცალო ქსელში კი ის 1,6 ლარის ფარგლებში იყიდება. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ დღეს არსებული ფასები რეალობას აღარ ასახავს, რადგან ყველა ლოგიკის თანახმად, საწვავი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ახლა ღირს.

კომპანია “ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოდგილის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ საწვავზე ფასის მომატება გარდაუვალი იქნება.

“ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ნავთობპროდუქტებზე არის მნიშვნელოვანი მატება. პირველი იანვრიდან მოყოლებული 1 ტონა საწვავის ღირებულება “პლატცის” სავაჭრო ინდიკატორის მიხედვით, ბენზინზე დაახლოებით 160 დოლარით არის გაზრდილი, დიზელზე კი - 110 დოლარით. ამას თუ დავუმატებთ ფასწარმოქმნისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის ეროვნული ვალუტის კურსი, იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომელზეც ხდება გარიგებები მსოფლიო ბირჟებზე, ანუ დოლართან მიმართებაში, მივიღებთ ცალსახა პასუხს: ამ ფონზე კლების გაგრძელებაზე ვერანაირი ილუზია ვეღარ გვექნება. რაც შეეხება საწვავის ფასის მატებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ესეც გარდაუვალი იქნება”, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

მენავთობეების მტკიცებით, დღეს არსებული ფასები რეალობას აღარ ასახავს, რადგან ყველა ლოგიკის თანახმად, საწვავი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ამჟამად.

“ჩვენ ვიჩენთ კეთილგონიერებას, ველოდებით მოვლენების განვითარებას იმ იმედით, რომ დასტაბილურდება ვითარება ეროვნული ვალუტის გარშემო. მსოფლიო ბაზარზეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არსებული აღმავალი ტრენდი შეიცვლება ისევ კლებადი ტრენდით, რაც საწვავის კიდევ უფრო გაიაფების საშუალებას მოგვცემს”, - აცხადებს მიშველაძე.

კომპანია “სოკარის” კორპორაციული ბიზნესის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ზუბიტაშვილი ამბობს, რომ თუ ლარის გამყარების პროცესი არ გაგრძელდა, ნავთობკომპანიები არჩევანის წინაშე დადგებიან.

“ამ ეტაპზე, კბილებით გვიჭირავს და ვცდილობთ არ გავაძვიროთ, მაგრამ თუ ვითარება არ შეიცვალა, მაშინ ეკონომიკა აღარ მოგვცემს ამის საშუალებას და პროდუქტი გაძვირდება. მით უმეტეს თუ ამას “პლატცის” გაძვირებაც შეუწყობს ხელს”, - აცხადებს ზუბიტაშვილი.

კომპანია “გალფი” კი ჯერჯერობით, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ აკეთებს. თუმცა, ამბობენ, რომ ინფლაცია ფასებზე მოქმედებს, რადგან კომპანია საწვავის იმპორტს ახორციელებს.

როგორც ჩანს, საწვავის გაიაფების 8-თვიანი პროცესი დასრულდა, ახლა გაძვირების დროა. ავტოგაზმა უკვე 10 თეთრით მოიმატა, ახლა ბენზინისა და დიზელის ჯერია.