გორში სტალინის ძეგლი აღარ დგას. აღსრულდა! შეგვიძლია გავიხსენოთ ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშა აწ. აღებული სტალინისადმი, თბილისის თავზე მოფრიალე წითელი დროშის შესახებ. ყველას ეზღვება ის, რაც უნდა მიეზღოს. ჩვენ არ გვაინტერესებს კითხვა სტალინის როლზე საქართველოს ისტორიაში. აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ჩვენ თავად ფაქტს არ ვეხებით. ვეხებით იმას, რის გამოვლინებასაც თავად ფაქტი წარმოადგენს. რა იყო ეს - სამართლიანობის აღსრულება თუ გარკვეული მითოლოგემის რეალიზაცია. მითოლოგემისა, რომელიც ფროიდმა განიხილა “ტოტემი და ტაბუ”- ში. პირველყოფილ ურდოში ტირანი მამა ზეობს. მისი ზეობის მოშურნე სრული ძალაუფლების მოსურვე და ოიდიპოსის კომპლექსით შეპყრობილი შვილები მამას კლავენ და სჭამენ. კანიბალიზმის აქტით ისინი ძალაუფლებას ეზიარებიან და თავად იქცევიან ტირან მამებად. ფსიქოანალიტიკოსები ამავე მითოლოგემის კვალს ხედავენ ბერძნულ მითში კრონოსის მიერ, მამამის ურანოსის დასაჭურისების და მისი ტახტის დაკავების შესახებ...
გარეგნულად ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც სტალინის დაუძინებელ მტერს უნდა გაეკეთებია. ასეთი მტრის შესახებ სტალინური აგიტპროპის წარმომადგენლები 1941 წელს თურმე შემდეგ სიმღერას მღეროდნენ: “ჰიტლერი კაცი არ არის, ის პირუტყვია ტყისაო, ხელშეკრულება დახია, სუ-სუ-რუ კავშირისაო”.
ორთოდოქსი სტალინისთვის მითოლოგემებში სააკაშვილი ჰიტლერს უტოლდება (ამიტომაც არის, რომ ოპონენტების ნაწილი მიშას ჰიტლერის ჩამოშლილი ქოჩრით და ულვაშით ხატავს). მითოლოგემის გენეზისი ნათელია. მითოსში ხდება თვალსაჩინო წარმოდგენა, ვიზუალიზაცია რაღაც ზოგადისა. სტალინისტისათვის ჰიტლერ-სააკაშვილის მითოლოგემაში კონცენტრირდება ისეთი ელემენტები, როგორიცაა სიმუხთლე და ვერაგობა (ჰიტლერი ომის გამოუცხადებლად და ღამით დაესხა თავს სტალინს, სააკაშვილმა სტალინის ძეგლიც წინასწარი გამოცხადების გარეშე, აგრეთვე ღამით აიღო).
მითოლოგემას აძლიერებს ის, რომ სტალინიცა და სააკაშვილიც ერთ დღეს არიან დაბადებულები. თან რა დღეს. რიტუალურ დღეს! ზამთრის მზებუდობისას, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე სუფევს.
ასტრომითოპოეტური წარმოდგენისთვის არცთუ უმნიშვნელოა ის, რომ ჰიტლერმა სტალინთან ომი 22 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის დღეს დაიწყო. სააკაშვილს ჟანრის კანონი რომ დაეცვა, სტალინის ძეგლი ზაფხულის მზებუდობისას, ჰა და ჰა, რომელიმე ბუნიობისას უნდა აეღო (ისე, ქუთაისის მემორიალთან ანგარიშგასწორებისას ხელისუფლებამ მაინც ვერ მოახერხა რიტუალური თარიღისათვის არ მიემართა).
ზამთრის მზებუდობისას შობა სტალინისტების მითოლოგემაში სააკაშვილს ამბივალენტურ ელფერს ანიჭებს (პრინციპში, ამბივალენტურობა ნებისმიერი მითოლოგიის დამახასიათებელია). სააკაშვილს რაღაც იდუმალი სიახლოვეც აკავშირებს სტალინთან და ამავე დროს მისი ნეშტის შემბილწავის როლშიც გამოდის (ცხადია, რომ სტალინისტურ მითოლოგიაში სტალინის ძეგლის აღება ზუსტად სტალინის გვამის შებილწვის იდენტურ აქტად აღიქმება).
მოკლედ მეფე არტურის და მის დისშვილ მორდრედის ისტორიის რეინკარნაცია ხდება.
არტურიადური ციკლიდან გამომდინარე, სტალინისტებს შეუძლიათ დამშვიდნენ – მათი ბელადი მშვიდად ისვენებს (კი არ განისვენებს, არამედ, სწორედ, ისვენებს) რომელიღაც ჯადოსნურ კუნზულზე, ან სულაც შეიძლება ბაზალეთის ტბის ძირას და ერთხელაც დაგვიბრუნდება. ელოდეთ ძრწოლით ამ მომენტს ქართველებო.
სანამ ერთი მეფე-ქურუმ-ბელადი ისვენებს, ქვეყანას ჩამნაცვლებელი მეფე-ქურუმ-ბელადი მართავს. შედარებით მითოლოგიაში და რიგ სხვა მეცნიერებებში ასეთ ჩამნაცვლებელ მეფე-ქურუმ-ბელადს თანისტი ეწოდება.
თანისტის მმართველობას სხვასთან ერთად კარნავალურობის უდიდესი მუხტი ახასიათებს. ყველამ იცის, რომ ბელადი ნამდვილი არაა, მაგრამ ყველა ისე იქცევა თითქოს მეფე ნამდვილი იყოს.
ეს მითოლოგემა არაერთგზის გათამაშებული პოლიტიკურ ისტორიაში. ივანე მრისხანეს მიერ სიმეონ ბეკბულატოვიჩის ხელთდასმა კვაზიმეფედ, მეფის თანისტად, ამ მითოლოგემის რეინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამავე მითოლოგემის კონტექსტში ჯდება პეტრე პირველისა და მისი ძმის – ივანე გონებასუსტის მეფობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთში დღეს არსებული მედვედევ-პუტინის (თუ პირუკუ) ტანდემიც.
იგივე მითოლოგემის კიდევ ერთი სპეციფიკური რეინტერპრეტაციაა თვითმარქვია ხელმწიფეთა ფენომენი ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან. რასაკვირველია, ასეთი ფენომენი ბევრი ერისათვისაა დამახასიათებელია, მაგრამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელში ის სისტემურ ხასიათს ატარებს. რატომ?
ამ კითხვაზე პასუხი გასცა ცნობილმა რუსმა სემიოტიკოსმა ბ. უსპენსკიმ. თავის გამოკვლევაში(მკითხველს ვურჩევ გაეცნოს მას მისამართზე http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/Ysp/index.php) უსპენსკიმ დაასაბუთა, რომ თვითმარქვია ხელმწიფეთა სისტემატური გაჩენა რუსეთში ტახტზე მჯდომი პირის არასაკმარისი ლეგიტიმურობის შედეგია. ჩნდება ეჭვი, რომ მეფე ის არ არის, ვინც უნდა იყოს, რომ “царя подменили”. სადაც შეცვლილი მეფე ჩნდება, ბუნებრივია, რომ თვითმარქვია ხელმწიფეც გამოჩნდეს. ამ მიმართებით სტალინისტებისათვის სააკაშვილი დაახლოებით იმასვე წარმოადგენს, რასაც ეკატერინე II-ის მომხრეებისათვის პუგაჩოვი. ანუ, თვითმარქვია ქურუმ-მეფე-ბელადი.
რაც შეეხება ზვიადისტებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. მათი უდიდესი ნაწილისათვის სააკაშვლი არის თვითმარქვია გამსახურდია, ხოლო უფრო მცირე ნაწილისთვის – ე.წ. გამიშაისტებული ზვიადისტებისთვის სააკაშვილი გამსახურდიას რეინკარნაციაა, თანაც – უფრო მაგარი (სიტყვა “მაგარი” მედეა თუშმალიშვილს ეკუთვნის, რომელმაც “რბილ” გამსახურდიას “მაგარი” სააკაშვილი დაუპირისპირა).
თუმცა, ეს – დეტალებია. მთავარია იმის აღნიშვნა, რომ მეფე-ქურუმის ნაცვალი, თანისტი იქ ჩნდება, სადაც ხელისუფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს ან პრეტენზია აქვს ასეთზე. თანისტის კარნავალურობამ ნაღდი ხელმწიფის საფუძველმდებარე სერიოზულობასა და მარადიულობას უნდა გაუსვას ხაზი. მაგრამ შეიძლება თანისტმა სერიოზულად წარმოიდგინოს თავი მეფე-ქურუმად. ის, რომ სტალინის ძეგლი ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე, სააკაშვილის ერთნებური და თვითნებური გადაწყვეტილებით იქნა აღებული, ქართველებს უნდა გვამცნობდეს: ახალი აბსოლუტური მმართველი მოგვევლინა.
ახალი, აბსოლუტური მმართველი, ერთის მხრივ ანტისტალინისტია, ებრძვის სტალინის მემკვიდრეობას და რუსებს, თუმცა მმართველობის აბსოლუტური ხასიათიდან და დაბადების დღის თარიღიდან გამომდინარე იდუმალ კავშირშია დიდ ბელადთან.
მოკლედ, სტალინისტებიც და მიშაისტებიც სააკაშვილს ერთნაირად აღიქვავენ სტალინის მემკვირედ. ერთნი – როგორც სტალინის თანისტად, ხოლო მეორენი –აბსოლუტურად ახალ სტალინად, ბრძენ ხელისუფლად, რომელმაც ძველი კერპი დაამხო და მის ნაცვლად საკუთარი თავის ძეგლი აღმართა. თანაც – ხელთუქმნელი, როგორც ამას ჩვენი მტერი ერის წარმომადგენელი ერთი პოეტი იტყოდა (გვარს არ დავასახელებ, თორემ რუსეთუმეობას დამწამებენ).
მოკლედ, რაც ერთი მიმართებით კარნავალია, მეორე მიმართებით – მისტიკაა. ამაშია აბსოლუტური ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო. ქართველი პოლიტოლოგები აბსოლუტური ხელისუფლების ამ იდუმალობას ვერ წვდებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკითხს მეტისმეტად რაციონალურად უდგებიან და ხელისუფლების მისტიკური არსი ხელიდან უსხლტებათ.
ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ამ საკითხზე პაატა ბურჭულაძეს მივმართოთ, რომელსაც აბსოლუტური ხელისუფლების არსთან დაკავშირებულ ორ შესანიშნავ ოპერაში (მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი” და “ხოვენშცინა” მაქვს მხედველობაში) შესანიშნავად შეასრულა ორი წამყვანი პარტია.თანაც ერთი მეფისა, ხელისუფლებაზე მანიაკალურად შეყვარებული თვითმპყრობელისა, და მეორე რელიგური განდგომილების ბელადისა, რომელიც თავისებურ ანტი-მეფეს და ამ აზრით თანისტს წარმოადგენს. ამიტომ, ბატონი პაატა ალბათ ჩვენს პოლიტიკოსებზე და მათ ყმა ფარჩაკ-ექსპერტებზე უკეთ გვეტყვის აბსოლუტური ხელისუფლების ერთდროულად იდუმალი და კარნავალური არსის შესახებ.
თუმცა, თემიდან გადავუხვიე. ამას გარდა, ჩვენი ჩრდილოელი და თანაც აბსოლუტური მტრების პოეტთა და მუსიკოსთა ქებას თან მოსდევს ბრალდება ოკუპანტისათვის ხელისშეწყობისა. ამიტომ, ისღა დამრჩენია, ამა საკითხზე უბნობა აღარ გავაგრძელო და ისევ სააკაშვილ-სტალინთან დაკავშირებულ მითოლოგემას დავუბრუნდე.
ურიგო არ იქნება ვიკითხოთ, რომელი იყო სტალინის მითოლოგემებს შორის უმთავრესი. ცხადია ის რომელსაც ამხანაგი სტალინი პირადად და ყველაზე მასობრივად ამკვიდრებდა. როგორ ამკვიდრებდა? არა, ტერორით. არა! ამხანაგი სტალინი ტერორს ნაკლებად იყენებდა იქ, სადაც ამოცანის მიღწევა პიარით შეიძლებოდა. ამგვარი პიარის ინსტრუმენტი ტელევიზიის არარსებობის პირობებში კინო იყო. მისი მნიშვნელობა ბოლშევიკთაგან ჯერ კიდევ ლენინმა გაიაზრა, ხოლო შემდეგ სტალინმა ვირტუოზულად გამოიყენა.
გავიხსენოთ სტალინის ეპოქის ყველაზე ცნობილი ისტორიულად ანგაჟირებული ფილმები: “ივანე მრისხანე”, “პეტრე პირველი” და “გიორგი სააკაძე”. არ შევეხებით ამ ფილმების მხატვრულ მხარეს. აღვიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამ ფილმებს, მაშინდელი რეალიების გათვალისწინებით, მხატვრულად სუსტს ნამდვილად ვერ უწოდებ.
ჩვენთვის არსებითია ის, რომ სამივე ფილმს საფუძლად ერთი სქემა უდევს – ერის გაბრწყინებისათვის მებრძოლი მამა, რომელსაც თავისი მიზნის მიღწევაში ხელს უშლიან დიდგვაროვანი შინაგამცემნი და გარეშე მტერნი. ერის დიადი მამა (შეთავსებით მეფე-ქურუმ-ბელად-წინასწარმეტყველი) დიადი მიზნის მისაღწევად არაფერს, არავითარ მსხვერპლს არ ერიდება.
მთავარი მსხვერპლი სამივეს (ივანე მრისხანის, პეტრე პირველის და გიორგი სააკაძის) დაღუპული ვაჟია. ეს ვაჟები სრულიად სხვადასხვა გარემოებებში იღუპებიან, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. ერის მამა, იყენებს რა მის ხელთ არსებულ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, აბსოლუტურ თუ სრულ ხელისუფლებას, ბოლოს და ბოლოს აღწევს სასურველ მიზანს.
სტალინის ეპოქის კვაზიისტორიული ფილმების დისკურში მეორდება ერთიდაიგივე პიარსქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფალი – ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი – აბსოლუტური ხელისუფლებაზე დამყარებული გამარჯვება (“გიორგი სააკაძის” შემთხვევაში ასეთი ხელისუფლების არარსებობით გამოწვეული დამარცხება, რაც ქართველთათვის ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო) – ერის გაბრწყინება.
სამეულს (ივანე მრისხანე, გიორგი სააკაძე, პეტრე პირველი) მეოთხე წევრი აკლია. მეოთხე წევრის გამოცნობა ძნელი არ არის. ეს თავად იოსებ სტალინია (პოტენციურად არსებობს მეხუთე წევრი - მიხეილ სააკაშვილი). ყველაზე მთლიანად და გამონაკლისის გარეშე ვრცელდება აღწერილი სქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფალი – ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი (სააკაშვილის შემთხვევაში მსხვერპლი ფაკულტატური, არაარსებითი მომენტია; ჩვენს პოსტმოდერნულ ეპოქაში ასეთი პათეტიკა აუცილებელი არაა) - ერის გაბრწყინება.
ივანე მრისხანის, პეტრე პირველისა და გიორგი სააკაძის განდიდებით იოსებ სტალინი საკუთარ თავს განადიდებდა, ხოლო საკუთარ აბსოლუტური ხელისუფლებას გარე ძალების და მათთან დაკავშირებული შიდაგამცემების ძლევის აუცილებლობით ასაბუთებდა.
იგივეს აკეთებს სააკაშვილიც, ოღონდ, თანისტის ლოგიკით, ამას წინამორბედი დიდი მამის განდიდებით კი არ აკეთებს, არამედ მისი ძეგლის დამხობით. ამ ასპექტით ამაყად და ახლებურად ჟღერს ბებერი ფროიდის ნაწერის ნიშანდობლივი სახელდება “დოსტოევსკი და მამისმკვლელობა”.
საქართველოსთვის, სადაც სტალინისადმი სპეციფიკური მიდგომა არსებობდა, სქემამ თავისებური და ნიშანდობლივო მოდიფიკაცია განიცადა. აღებული იქნა არა გამარჯვებული ხელმწიფე, როგორც ამას რუსეთში ჰქონდა ადგილი (ალექსანდრე ნეველი, პეტრე პირველი ან ივანე მრისხანე, რომელიც მიუხედავად კატასტროფული მარცხისა სტალინმა ეიზენშტეინის მეშვეობით გამარჯვებულად გააპიარა), არამედ დამარცხებული პოლიტიკური მოღვაწე.
სტალინის სააკაძე საქართველოს გაბრწყინებისათვის ებრძვის გარეშე მტრებს და შინაგამცემლებს, ებრძვის თავდადებულად ისე, როგორც დიდ მოღვაწეს შეშვენის. ამ ბრძოლაში შვილსაც კი წირავს მსხვერპლად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხდება. რატომ? რა უნდა დაასკვნას ქართველმა ამ მარცხიდან? ის, რომ გიორგი სააკაძეს აკლდა ივერიის გაბრწყინებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტი - აბსოლუტური ხელისუფლება. ამიტომ ვერ დაძლია შიდაგამცემლები და გარეშე მტრები.
შესაბამისად, საქართველოს გააბრწყინებს ის ქართველი, რომელიც მართალია დიდი იმპერიის მმართველია, მაგრამ ქართველია, საქართველოზე ზრუნავს და ყველაფერს იზამს ივერიის გაბრწყინებისათვის. და გააბრწყინებს კიდეც, რამეთუ ის არის ბრძენი მმართველი, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებას ფლობს.
ეს სტერეოტიპი სტალინურმა პიარმა ისე ჩაგვისვა ქართველებს თავში, რომ დღემდე ვერ ამოგვიგდია. საქართველოს ისტორიას დღესაც ამ პრიზმით ვუყურებთ. აბსოლუტური ხელისუფლება და აბსოლუტური ცენტრალიზაცია აბსოლუტური სიკეთეა, რომლის არარსებობამ , მართალია, წარსულში დააქცია საქართველო, მაგრამ თუ აწ-მყოფი ბრძენი ხელისუფალი (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ შემდგომი) დაამკვიდრებს აბსოლუტურ ხელისუფლებას, საქართველო მომავალში აბსულუტურად გაბრწინდება.
ცხადია ამ დროს აწმყო ხელისუფლების ამოცანად ამ ხელისუფლების ერთგული პიარი აბსოლუტური ხელისუფლების მიღწევას აცხადებს. გამსახურდიას დროს ეს იყო “ჯერ – დამოუკიდებლობა, შემდეგ – დემოკრატია”; შევარდნაძის დროს – “შევარდნაძეს უნდა დავუჯეროთ, მის გარდა ვერავინ აღგვიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერავინ მოიზიდავს დასავლურ ფულს”; სააკაშვილის დროს – “რა დროს დემოკრატიაა, როცა მტერი თბილისიდან ორმოც კილომეტრში დგას”.
ასევე, სტალინური პიარის წიაღში იძერწებოდა მძლავრი და ვერაგი გარეშე მტრისა და შინაგამცემთა ხატებანი. გამსახურდიას დროს ეს იყო “იმპერია” და მისი მომხრე შინაგამცემები: სხვადასხვა ჯურის “პუტჩისტები” და შევარდნაძე (უბედურმა კომუნისტებმა იმ დონეზეც ვერ გაქაჩეს, რომ შიდაგამცემლების როლი შეესრულებინათ).
შევარდნაძის დროს ასეთ როლში გამოდიოდნენ “რუსეთის რეაციული ძალები” და მათი აგენტი შიდაძალები: “ზვიადისტები”, იგორ გიორგაძე და სხვა მისთანანი. სააკაშვილის დროს უვერაგესი და უცბიერესი აბსოლუტური გარე მტერი, ცხადია, პუტინია, ხოლო შიდაგამცემები ოპოზიციონერები – სხვადასხვა “გრეჩიხები” , გუბაზები, ბურჯანაძეები თუ ნოღაიდელები.
სტალინის ძეგლის დამხობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მისტიური მეფე-ბელად-ქურუმ-წინასწარმეტყველი ჰყავს. სტალინის ძეგლის დამხობით საქართველოს ეუწყება, რომ მოიძებნა ხელისუფალი რომელიც ჩაჯა სტალინურ მითოლოგემაში: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფლი –ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი (ეს უკანასკნელი როგორც ვთქვით უკვე სქემის არააუცილებელ, ფაკულტატურ ელემენტად იქცა) - ერის გაბრწყინება. სანამ ამ სქემაზე მოთხოვნა არსებობს, არავითარი წინსვლა საქართველოს არ ექნება.
ისე, არსებითად, არც არაფერი შეცვლილი. რომელი რიცხვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ალგებრული გამოსახულება, ის, როგორც სწორედ ალგებრული გამოსახულება უცვლელი დარჩება.
მოკლედ, მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს. უფრო ზუსტად, ვითარება ფრეზერის “ოქროს რტოს” ჟანრში ვითარდება: ქურუმობის მაძიებელმა ახალგაზრდამ მოკლა ბებერი მეფე-ქურუმი. მოკლა იმით, რომ მის ძეგლს დემონტაჟი გაუკეთა და თავად შედგა დაობლებულ კვარცხლბეკზე. ყველაფერი გასაგებია გარდა ერთისა: რა დავაშავეთ ქართველებმა ისეთი, რომ გაუთავებლად უნდა ვიყოთ ჩართული ხელისუფლების მარადიული სიგიჟის მარადიულ თვითდაბრუნებაში?
ნახატი: ჯორჯო ვაზარი - კრონოსი (სატურნი) ჰკოდავს მამამისს