რას შეცვლის „რკინიგზის მეოთხედის“ პრივატიზება?

რას შეცვლის „რკინიგზის მეოთხედის“ პრივატიზება?

მოხდება თუ არა ლარის გადასარჩენად რკინიგზის წილის პრივატიზება ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ ამ საკითხის განხილვა არ წყდება. ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, სხვები კი თვლიან, რომ რუსეთი სწორედ ასეთ შესაფერის მომენტს ელოდება. კრემლი დიდი ხანია ოცნებობს საქართველოს მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის ხელში ჩაგდებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ უკვე წარმოადგინა საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების სრული სია. „საპრივატიზაციო ნუსხა უკვე გამოქვეყნებულია, საბაზრო ღირებულება დადგენილია, თუმცა, შესაძლოა, ფასები და პირობები აუქციონის დროს შეიცვალოს“, - აცხადებს მიქელაძე.

მისი ინფორმაციით, საპრივატიზაციოდ, ჯერჯერობით, გამოტანილი არ არის რკინიგზის 25%-იანი წილი და მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის განხილვა.

„არის საუბარი და განიხილება რკინიგზის 25%-ის გასხვისება, თუმცა, ჯერ, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი სავალუტო კრიზისის დასაძლევად აუცილებელია დაიწყოს პირვატიზაციის პროცესი, მაგრამ იმავდროულად უნდა გამოირიცხოს „საქართველოს რკინიგზის“ გასხვისება. გოცირიძის აზრით, ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი პრივატიზების შემთხვევაში აუცილებლად რუსეთის ხელში აღმოჩნდება, ამიტომ საქართველოს რკინიგზის გასხვისებაზე საუბარი გამორიცხულია მანამ, სანამ რუსეთის ხელისუფლებაში პუტინი იქნება.

„ვინც არ უნდა იყიდოს, ეს წილი აუცილებლად აღმოჩნდება რუსეთის ხელში, როგორც ეს „თელასის“ შემთხვევაში მოხდა. ამიტომ უნდა შეწყდეს ასეთი არაპროფესიონალური და არასერიოზული საუბარი. ვიდრე ხელისუფლებაში არის პუტინი, უნდა დავივიწყოთ სიტყვა პრივატიზაციის კონტექსტი რკინიგზასთან მიმართებაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე კი, პირიქით, „საქართველოს რკინიგზის“ 25%-იანი წილის გასხვისებაში საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. მისი აზრით, მცირე წილის გასხვისება ინვესტორს საშუალებას არ მისცემს, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს.

„25%-ის გასხვისებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელმაც შეიძლება, ინვესტორს გენერალური გადაწყვეტილება მიაღებინოს რკინიგზის პოლიტიკასთან მიმართებაში. რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელია და მისით დემონსტრირება შეუძლია ინვესტორს, თუმცა მცირე წილის გასხვისება მას არ მისცემს საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ პრივატიზაციიდან მოზიდული ფულით შესაძლებელია რკინიგზის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება.

ექსპერტი ამბობს, რომ პრივატიზაცია არის გზა, რათა ქვეყანაში გაიზარდოს სავალუტო შემოდინება და საინვესტიციო ნაკადი.

„ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სახელმწიფოს ხელში არის ბევრი აქტივი, რომელიც დღეს შეიძლება ეკონომიკურად ისე აქტიურად არ არის ჩართული ურთიერთობებში. ამიტომ კერძო სექტორში მათი მოხვედრა გამოიწვევს ბევრად უფრო გააქტიურებას, ვიდრე დღეს, თუნდაც არსებულ პირობებში აქვთ დატვირთვა ამ აქტივებს“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

„საქართველოს რკინიგზის“ წილის პრივატიზება თავის დროზე ყველა მთავრობის გეგმაში, მაგრამ ჯერჯერობით მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. რკინიგზის 100% ამჟამადაც სახელმწიფოს ხელშია.