2 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა მიმდინარე წლის 28 თებერვალს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ, რომელიც საქართველოში ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ „სეთ თოფ ბოქსების“ შეძენას და დარიგებას ეხებოდა.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია „AG მიკროელექტრონიქსს“, რომელსაც ქალაქ რუსთავში მიკროჩიპების მცირე საწარმო აქვს, „სეთ-თოფ ბოქსების“ შეკვეთა დაუბლოკა, კონკურსის პირობები ჩუმად შეცვალა, ჩინური კომპანიის მონაცემებს მოარგო და რომ „კომპანია „AG მიკროელექტრონიქსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაჩუმების სანაცვლოდ მორიგებას და სამართალის აღდგენას სთავაზობს“.
დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ზემოხსენებული ბრალდებები არის სრული სიცრუე და ცილისწამება. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ემიჯნება სიუჟეტში გაჟღერებულ მესიჯებს და არანაირ მორიგებას არ სთავაზობს „AG მიკროელექტრონიქსს“. „სახელმწიფოს მიერ შესყიდული „სეთ თოფ ბოქსების“, ხარისხიანობა და ტექნიკურ მოთხოვნებთან თავსებადობა ტესტირების შედეგად დადასტურებულია ფინეთის საექსპერტო ლაბორატორიის მიერ. „სეთ-თოფ ბოქსების შესყიდვის პროცესს დეტალურად აკვირდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მისი კონსულტანტები, რადგან ისინი ჩვენი ფინანსური პარტნიორები არიან ამ პროცესში. ასევე რეფორმის მსვლელობას მეთვალყურეობას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკური საბჭო და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროცესი განხორციელდა სუფთად, გამჭვირვალედ და სამაგალითოდ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, პროცესი წარიმართა სრული გამჭვირვალობით და ჩატარდა რამდენიმე ეტაპად. ბაზრის კვლევისა და ფასთა კვოტირების პროცესში თავდაპირველად 21 კომპანია მონაწილეობდა, მათი შესაძლებლობები შეისწავლეს ფინურ ლაბორატორიაში, რომელმაც განახორციელა კომპანიების მიერ წარმოდგენილი „სეთ თოფ ბოქსების“ ტესტირება. ტესტირების პროცესის მეორე ეტაპზე, 2014 წლის 20 ოქტომბერს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ სეთ-თოფ ბოქსებზე ფინური ლაბორატორიის მიერ წარმოებული ტესტირების დოკუმენტაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სამივე მონაწილე კომპანიის მიერ წარდგენილ აპარატურას კვლავ დაუფიქსირდა ხარვეზები. ფინური საექსპერტო ლაბორატორიის რეკომენდაციის შესაბამისად, ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ სეთ-თოფ ბოქსების მომწოდებლებს შესთავაზა ერთი კვირის ვადაში (21-27 ოქტომბერი) მიმღები აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში ხარვეზების აღმოფხვრა და ერთი დღის განმავლობაში ტესტირება იგივე ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯებით. ტესტირების მე-3 რაუნდში მონაწილეობის სურვილი კვლავ სამმა კომპანიამ გამოთქვა. მათ შორის AG Telecom-მა ლაბორატორიაში წარადგინა ჩინური კომპანია Newland-ის ტექნოლოგიური პლატფორმა, ხოლო ჩინურმა კომპანიებმა KONKA-მ და WellAV-მა წარადგინეს თავისი ტექნოლოგიური პლატფორმები. 2014 წლის 31 ოქტომბერს, სეთ-თოფ ბოქსების პოტენციური მომწოდებლები გამოვლინდა: ა) ჩინური მწარმოებელი კომპანია WellAV, თავისი წარმოების ტექნოლოგიური პლატფორმით, ბ) ჩინური მწარმოებელი კომპანია KONKA, თავისი წარმოების ტექნოლოგიური პლატფორმით და გ) AG Telecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში (ე.წ. რუსთავის ქარხანა, შემდგომში AGT), რომელმაც ტესტირების მე-3 რაუნდის დასკვნით ეტაპზე (ბოლო ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე) ჩინური მწარმოებელი კომპანია Newland-ის ტექნოლოგიური პლატფორმა ჩაანაცვლა ჩინური მწარმოებელი კომპანია KONKA-ს ტექნოლოგიური პლატფორმით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომის #37 ოქმის თანახმად, „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო შესაბამის საექსპერტო ლაბორატორიაში ტესტირებაგავლილ სეთ-თოფ ბოქსების შესყიდვას განახორციელებს მისივე მწარმოებელი კომპანიისგან, კვოტირების შედეგად დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასით“. სეთ-თოფ ბოქსების მწარმოებელმა კომპანია AGT-მ ვერ წარმოადგინა საბოლოო პროდუქტი, რომელიც აწყობილია მის მიერ და რომელმაც გაიარა ხარისხობრივი ტესტირება საექსპერტო ლაბორატორიაში, ამავდროულად, კომპანია AGT-სა და WellAV-ის მიერ ფასთა კვოტირების შედეგად შემოთავაზებული ფასი არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“ მონაწილეობს სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხელშეწყობა, თუმცა ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ეკონომიკისა სამინისტროსა და კონკრეტულად ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, რომელმაც კარგად და პროფესიულ დონეზე გაართვა თავი ამ რთულ პროცესს, ცილი დასწამონ. მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, რომ ბაზარზე შეიქმნება საკმაოდ დიდი მოთხოვნა „სეთ-ტოფ ბოქსებზე“ და ყველას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული ტექნიკა მოსახლეობას შესთავაზოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა.