ვალდამძიმებული მოსახლეობა და ვალმოხდილი ბანკები

ვალდამძიმებული მოსახლეობა და ვალმოხდილი ბანკები

გიორგი ქადაგიძის მითითების შემდეგ, კომერციულმა ბანკებმა მომხმარებელს სასწრაფოდ შესთავაზეს დოლარში აღებული სესხის ახლებური მომსახურება. ნაჩქარევი გადაწყვეტილება ვალდამძიმებული მოქალაქეებისთვის დიდი ვერაფერი შვება აღმოჩნდა.

ლარის დევალვაციის გამო, დამძიმებული ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად, „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში, ხოლო სესხი დოლარში აქვთ აღებული, ავტომატურად გაუგრძელოს სესხის დაფარვის ვადა, რათა, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, არ შეიცვალოს ყოველთვიური გადასახადი ლარში:

„შესაბამისად, არც პროცენტი არ შეეცვლებათ, ანუ იგივე პროცენტით მოხდება სესხის პროლონგაცია. შესაბამისად, იმ წნეხს, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს მომხმარებელს დევალვაციის შედეგად, თავიდან ბოლომდე მოვუხსნით“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მსგავსი გეგმა წარმოადგინა კიდევ ერთმა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა - „თიბისიმ“.

როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობს, მეტის შეთავაზებას ვერც ერთი ბანკი ვერ შეძლებს. „სხვა რა შეღავათი უნდა გაუკეთონ? პროცენტს არ უმატებ. ყოველთვიური გადასახადი იგივე არის, უბრალოდ, მეტ დროშია გაწერილი, იმიტომ რომ 30-პროცენტიანი დევალვაციის ტვირთი მთლიანად არ დააწვეს და არ იქონიოს ამან იმდენად სერიოზული გავლენა მომხმარებელზე, რომ ვერ შეძლოს სესხის მომსახურება. სხვა რა უნდა გააკეთონ ბანკებმა, პროცენტს ხომ ვერ შეამცირებენ?“ - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

ჯერ ერთი ბანკებმა იჩქარეს და ერთკვირიანი დაფიქრების ნაცვლად, გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღეს. აქედან გამომდინარე, ისინი მომხმარებელს მეტს ვერაფერს შესთავაზებენ, არადა შეიქმნა მოლოდინი, რომ ბანკის კლიენტები რეალურ შეღავათს მიიღებდნენ.

როგორც ირკვევა, ბანკი კრედიტის მომსახურების ვადებს მხოლოდ საუკეთესო საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებს უხანგრძლივებს, ანუ მათ, ვისაც კრედიტის რესტრუქტურიზაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში, თხოვნის შემთხვევაში უნდა უკეთებდეს.

ამასთან, შეზღუდვები კარგ კლიენტებსაც შეეხო – რესტრუქტურიზაციით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ბინით ან ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი აქვთ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია მომხმარებლებისთვის სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, რომელიც დანარჩენი საბანკო სისტემისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, ზარზეიმით გამოაცხადა ის, რაც ბანკის მუშაობის ელემენტარულ სტანდარტს წარმოადგენს.

ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ბანკების გეგმის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია:

„იმიტომ, რომ კომერციული ბანკების კლიენტების რაოდენობა არის ძალიან დიდი და, თითოეულის საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომის შემთხვევაში, კომერციული ბანკი შეძლებს მხოლოდ 10-20 მომხმარებლის გასტუმრებას. ასევე საკითხავია, გამოყოფენ კი კომერციული ბანკები საჭირო სახსრებს ასეთი სამუშაოებისათვის? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სესხი არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი და ადამიანი ყოველთვის ანგარიშობს და ვარაუდობს, რომ განსაზღვრულ პერიოდში, როგორც იქნება და მოვრჩები ვალის გასტუმრებასო“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ელიავამ.