სავალუტო კრიზისმა მაღაზიებს გადაუარა

სავალუტო კრიზისმა მაღაზიებს გადაუარა

დედაქალაქში სავაჭრო ობიექტების დახურვა ძალიან გახშირდა. კლიენტების შემცირებას და მძაფრ კონკურენციას ზედ სავალუტო კრიზისი დაერთო. თბილისის ქუჩებში კომერციული ფართები ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქირავდება, მაგრამ მსურველი თითქმის არ ჩანს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დოლარის კურსის 2,25-მდე გაზრდამ მეიჯარეებს ქირა გაუძვირა და გადახდას ვეღარ ახერხებენ. ბოლო დროს მკვეთრად შემცირებულია კლიენტების რაოდენობაც. ამიტომ ბევრი მათგანი მაღაზიის დახურვას ამჯობინებს. ძალიან გამძაფრდა კონკურენციაც და ამას ბევრი ვერ უძლებს. თუმცა, ამ პერიოდში მაღაზიების დახურვის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ლარის დევალვაცია სახელდება.

ბოლო პერიოდში პეკინის ქუჩაზე ზედიზედ სამი მაღაზია დაიხურა. რამდენიმე მაღაზიამ შეწყვიტა მუშაობა ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ზოგიერთი დაკეტილი ფართი ქირავდება, ზოგიერთში კი სხვა ტიპის მომსახურების ობიექტის გახსნა იგეგმება. რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. მფლობელები გაძვირებული ქირის გადასახადზე ჩივიან, რაც პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსის მატებაზე.

როგორც ტანსაცმლის მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი, ნატალი ხარჭევანიძე აცხადებს, ასეთი დაბალი მოთხოვნა პროდუქციაზე მას დიდი ხანია არ ახსოვს. თუ აქამდე გაყიდული საქონლის თვითღირებულებას მინიმუმ 10 ლარს ამატებდა, ახლა 2 ლარის მოგებით გაყიდვაც უჭირს:

„დიდი ხანია, ამ სისტემაში ვმუშაობთ. ბიზნესის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. ლარის კურსის დევავლვაციამ ნეგატიური როლი ითამაშა. თითქმის მთელ ქალაქში მაღაზიები ან იკეტება, ან საქონლის ლიკვიდაციას აცხადებს. ვცდილობთ, მყიდველთა სეგმენტი შევინარჩუნოთ, ფასებს დაბლა ვწევთ, მაგრამ მსყიდველუნარიანობა მაინც კატასტროფულადაა შემცირებული“, - ამბობს ნატალი ხარჭევანიძე.

„მაკლერ.გე“-ს მფლობელი ხათუნა შურღაია ადასტურებს, რომ კომერციული ფართების მფლობელები გაქირავებისთვის საკმაოდ მაღალ ფასს ასახელებენ:

„დღეს უძრავი ქონების ბაზარზე ყველა გარიგება ხდება აშშ დოლარში. ფასები კომერციულ ფართზე მაღალია და შენარჩუნებულია. პეკინზე 1 კვ/მ-ის გაქირავების ფასი 20 აშშ დოლარიდან 60 დოლარს აღწევს. ბევრი ფართი გამოთავისუფლდა, რადგან გამქირავებლები ხშირად ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებენ იმის გამო, რომ იჯარა არის ძალიან მაღალი და ხდება ობიექტების დახურვა“, - ამბობს ხათუნა შურღაია.

სოციოლოგ ნოდარ კაპანაძის თქმით, მაღალი კონკურენციის პირობებში თბილისში მაღაზიების დახურვა ხშირი მოვლენაა, თუმცა ამ ეტაპზე ლარის გაუფასურებამ თავისი როლი ითამაშა.

„ამ პერიოდში მაღაზიების დახურვაზე რაღაც გავლენა ლარის კურსს ნამდვილად შეიძლება რომ ჰქონოდა. მაგალითად, ვისაც იჯარა დოლარში აქვს, გადასახადი გაეზარდა. მაღაზიების დახურვა ხშირია, მოგების მარჟა - დაბალი. საქონელი რითაც ვაჭრობდნენ, გაძვირდა. მომხმარებელს შემოსავლები შეუმცირდა და გადახდისუუნაროა. საერთო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა“, - დასძინა კაპანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ქვეყანაში მცირე მეწარმეების კრიზისს ლარის გაუფასურებას უკავშირებს. „რთული პერიოდია ეკონომიკაში. შესაძლოა, რამდენიმე ინვესტორმა 2014 წელს რამდენიმე წარმატებული პროექტი მართლაც განახორციელა, მაგრამ მთლიანობაში ვაჭრობის მოცულობა შემცირდა, როგორც ძვირიან ასევე იაფიან სეგმენტშიც. განსაკუთრებით იკლო ვაჭრობამ ტანსაცმელის, საოჯახო საქონლის და მსგავს სექტორებში, სადაც შესაძლებელია მოსახლეობამ ხარჯების გაწევა გადადოს. ძირითადად ყველა სურსათზე და ბანკების სესხების გადახდაზე გადავიდა“, - ამბობს ჯგერენაია.

სავაჭრო ობიექტებში კრიზისი კიდევ გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ სავალუტო პრობლემა ქვეყანაში ასე ადვილად არ მოგვარება.