[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
გასული თვის ბოლოს ირლანდიამ გამოაქვეყნა თავისი მსხვილი ბანკების სტრესტესტების შედეგები. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ფინანსურ ორგანიზაციებს გადასარჩენად კიდევ 24 მილიარდი ევრო სჭირდებათ. ამიტომაც, ირლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა განახორციელოს ბანკების ნაციონალიზაცია და მთელი ფინანსური სექტორის გარდაქმნა.
2008 წლის ბოლოს Merriam-Webster-ის ლექსიკონმა წლის სიტყვად „bailout“ – რთულ მდგომარეობაში დახმარება აირჩია. კრიზისის პეროიდში ეს სიტყვა თითქმის ყველა საქმიან გამოცემაში გამოიყენებოდა. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ ამ სიტყვას აქტუალურობა არ დაუკარგავს. ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ევროპაზე უნდა ითქვას, სადაც bailout სჭირდება საბერძნეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, ირლანდიას.
ირლანდიის ოთხი უმსხვილესი ბანკის: Allied Irish Banks-ის, Bank of Ireland-ის, Irish Life & Permanent-ის და EBS-ის სტრესტესტმა ცხადყო, რომ მათ, შესაბამისად, 13,3 მილიარდი, 5,2 მილიარდი, 4 მილიარდი და 1,5 მილიარდი სჭირდებათ. ანუ, სულ 24 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირლანდიის მოსახლეობა 4,5 მილიონს შეარდენს, გამოდის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ბანკების გადასარჩენად 5 ათას ევროზე მეტი უნდა გაიღოს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ადგილობრივ ფინანანსურ ორგანიზაციებზე 2009 წელს სახელმწიფომ უკვე დახარჯა 46,3 მილიარდი ევრო. ანუ, თითოეულ ირლანდიელს ეს bailout 15 ათას ევრომდე უჯდება. ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბანკების გადარჩენა ნასესხები ფულით მოხდება.
როგორც წესი, სტრესტესტები იმისთვის ტარდება, რომ გაირკვეს, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ბანკები უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნისა და უმუშევრობის ზრდის შემთხვევაში. თუმცა, ცხადია, მიღებული მონაცემები საკმაოდ პირობითი და არასწორია. მით უმეტეს, რომ ბევრ ირლანდიურ ბანკს ტესტი საერთოდ არ გაუვლია.
მაგალითად, პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია Anglo Irish Bank-ს, რომელმაც 2010 წელს 17,7 მილიარდი ევროს ოდენობის წაგება ნახა, 2009-ში კი ჟურნალმა The Banker-მა 12,7 მილიარდი ევროთი (18,5 მილიარდი დოლარი) მსოფლიოს ყველაზე წამგებიან კომპანიად დაასახელა. Anglo Irish Bank-ს საკუთარი სტრესტესტის გავლა მოუწევს, რომლის შედეგი ცნობილი მაისში გახდება. ასეთივე მდგომარეობაშია კიდევ ერთი მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია Irish Nationwide Building Society.
ირლანდიის მთავრობამ საკმაოდ რადიკალური რეფორმების გატარება განიზრახა: ბანკები ნაციონალიზებულ იქნებიან, ანუ, მათი აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს გადაეცემა, რაც კაპიტალის მიზიდვას გააიოლებს. ამის შემდეგ ჩინოვნიკები ორგანიზაციის გამაჯანსაღებელ სამუშაოებს ჩაატარებენ და შემდეგ ნაწილ-ნაწილ გაყიდიან. მაგრამ აქამდე ყველა ბანკი როდი მიაღწევს: 2013 წლისათვის ირლანდიაში ფინანსური ბიზნესის Bank of Ireland-ის და Allied Irish Banks-ის ირგვლივ ორგანიზებაა დაგეგმილი. სხვა ბანკები იძულებული იქნებიან მათთან გაერთიანდნენ, ან რადიკალური რეორგანიზაცია გაატარონ.
ამ ინფორმაციის გავრცელებას საფონდო ბირჟაზე უარყოფითი რეაქცია და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირება მოჰყვა. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს რეფორმები ქვეყნის ფინანსურ სექტორზე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტესტესტები მთელს ევროპაშია დაგეგმილი. რამდენიმე ქვეყანაში იგი უკვე ჩატარდა, მაგრამ ეკონომისტები თვლიან, რომ კიდევ უფრო გამკაცრებული პროგრამაა საჭირო.