ლარს შავი დღე გაუთენდა. ეროვნული ვალუტა უკვე კატასტროფული ტემპით უფასურდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი კი სამარისებურად დუმს. მოსახლეობა პანიკაშია, სპეციალისტები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ.
ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება ჯერჯერობით არ შეჩერდება. პირიქით, მთავრობის სუსტი პოლიტიკის შედეგად, კურსი დაახლოებით 2,4-ზე გაიზრდება.
„ძალიან სუსტი პოლიტიკა აქვთ. არა მგონია კურსი დაიჭირონ. ის დაახლოებით 2,4-ზე ავა. გარკვეული პერიოდი ასე იქნება და შემდეგ, თუ არაფერი ხეირი არ გამოჩნდა, კიდევ გაუფასურდება“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაკროეკონომიკაში უდიდესი შეცდომა დაუშვა. მაშინ, როდესაც უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, 2007 წელს 2 მილიარდ დოლარს გადასცდა, ფული მიმოქცევიდან ამოიღეს, კურსი 1,42-მდე გაამყარეს და მაშინ ქართულ ეკონომიკას 4.5-ჯერ ნაკლები ფული ემსახურებოდა.
გიორხელიძე აცხადებს, რომ ლარის კურსში სწორედ მაშინ ჩაიდო ის ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან, უნდა აფეთქებულიყო. „როგორც კი საგარეო პირობები გაუარესდა და ცუდ საშინაო პირობებს დაემთხვა, ლარი აფეთქდა“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ მოთამაშე ლარის კურსში არანაირი სიჯანსაღე არ არის. პრობლემაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5%-დან 2%-მდე შესაძლო დაწევაც, რადგან ისეთ ცუდ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოს აქვს, 5%-იანი ზრდაც კი არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როდესაც ლარსა და დოლარს შორის ბალანსი აღდგება და ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება ვალუტის შემოდინება. სწორი ნაბიჯების შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება, შესაძლოა, დაიწყოს როგორც ორ კვირაში, ისე ორ თვეში.
„ამისთვის უნდა მოხდეს 2015 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში სახელმწიფო პროგრამებით ნაკისრი პირველი ტრანშის წამოსვლა ან სხვადასხვა საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბალანსი თუ არ აღდგა ლარსა და დოლარს შორის, მუდმივად იქნება ასეთი პრობლემა. ეროვნულ ბანკს მოუწევს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, რამაც შეიძლება დაიჭიროს ან ვერ დაიჭიროს ლარი.
აუცილებელია ქვეყანაში შემოვიდეს სავალუტო ნაკადი. ეს შეიძლება ბევრი მხრიდან მოხდეს, მაგრამ ხელისუფლების აქტივობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის კანონი უკვე დამტკიცებულია ბანკებისა და კრედიტების სახით და პირველი ტრანშები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა წამოვიღოთ. ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული რამდენად კარგად და რამდენად შედეგზე ორიენტირებულად ააწყობენ კომუნიკაციას დონორ ორგანიზაციებთან.
ეროვნული ვალუტის დევალვაციას გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობაში და პრეზიდენტს 27თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოსთხოვეს. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ამ სხდომას უნდა დაესწროს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.
ეროვნული ბანკისგან და მთავრობის წარმომადგენლებისგან არაფერი ისმის. თითქოსდა ქვეყანაში არაფერი საგანგაშო არ ხდება. სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა. მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც საპასუხო ნაბიჯები დაიგეგმება. რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა.
„ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენმა მისიამ გუშინ დაიწყო მუშაობა. სწორი დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ, რის შემდეგაც მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვისაუბრებთ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პოლიტიკა გატარდა. ლარს მცურავი კურსის შენარჩუნების საშუალება მისცეს, რაც სწორია, მაგრამ იმავდროულად, უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა საკითხები, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის შენელება“, - განაცხადა სადიკოვმა.