„თიბისი ბანკი“ საშუალო და მიკრობიზნესის დასაფინანსებლად 100 მილიონის სესხს ლარში გასცემს

„თიბისი ბანკი“ საშუალო და მიკრობიზნესის დასაფინანსებლად 100 მილიონის სესხს ლარში გასცემს

100 მილიონი ლარი მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის დასაფინანსებლად. „თიბისი ბანკსა“ და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ თანხებს საქართველოში მოქმედი მეწარმეები ეროვნულ ვალუტაში მიიღებენ.

„თიბისი ბანკში“ განმარტავენ, რომ აზიის განვითარების ბანკთან მიღწეული გარიგება ქართული საბანკო სივრცისთვის უპრეცენდენტო ფაქტია და საქართველოს ეკონომიკის შემდგომ გაჯანსაღებაზე გავლენას აუცილებლად იქონიებს.

 „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ბანკებს შორის მიღწეული გარიგებაზე საუბრისას ორ მთავარ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ შევიძინეთ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები ლარებში. ამ მოცულობით ობლიგაციები ლარებში ჯერ არ გამოსულა საქართველოს საფინანსო ბაზარზე. აზიის განვითარების ბანკი ამ რესურსს გვაძლევს სესხად და, შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება საშუალება, 100 მილიონი ლარი განვათავსოთ ქართულ ეკონომიკაში... დღეს, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაბლა იწევს, ლარში სესხის აღება განსაკუთრებით პრიორიტეტული ხდება მომხმარებლისათვის, ამიტომ, 100 მილიონი ლარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება ძალიან დიდი დახმარება და სტიმული ეკონომიკური ზრდისათვის“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. მისივე განმარტებით, საპროცენტო განაკვეთების ზუსტი ოდენობა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი კონკრეტული პროექტების მიხედვით განისაზღვრება.

„საპროცენტო განაკვეთი თვად ბონდში ეს არის 4,3%. ამას დაემატება, რა თქმა უნდა, შემდგომ აზიის განვითარების ბანკის და „თიბისი ბანკის“ დანამატი. საბოლოო პროცენტი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ პროექტზე და მის მოცულობაზე“, – აცხადებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ლარში 100–მილიონიანი სესხის გაცემის შესაძლებლობას საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მოლოდინს უკავშირებს აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის მუდმივი წარმომადგენელი ქეით ჯულიენი. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომელიც სწორი გზით მიდის, რადგან განაგრძობს სტრუქტურული რეფორმების და პოლიტიკის განხორციელებას.

„ეს მართლაც უდიდესი დაფინანსებაა, რომელსაც უცხოელი პარტნიორი უზრუნველყოფს საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით – უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებას, გაძლიერებას, მეორე მხრივ კი, ობლიგაციებისგან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და კომპანიების განვითარებას“,– აცხადებს ქეით ჯულიენი.

100 მილიონი ლარი, ძირითადად, საქართველოს რეგიონებში მიკრობიზნესების დასაფინანსებლად დაიხარჯება. ტრანზაქცია „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანიის „თიბისი ბროკერის“ ორგანიზებით განხორციელდა. 

აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები გაიყიდა ნომინალური ღირებულებით, ცვლადი სამთვიანი კუპონის განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების განაკვეთზე. ობლიგაციების დაფარვა 2018 წლის 15 თებერვალს განხორციელდება.
აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მას 48 სხვადასხვა რეგიონის 67 ქვეყანა ფლობს. აზიის განვითარების ბანკის მიზანია სიღარიბის შემცირება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკის განვითარების, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.