ვინ როგორ ითვლის აჭარულ ინვესტიციებს

ვინ როგორ ითვლის აჭარულ ინვესტიციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარაში საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პროცესი უმეტეს შემთხვევაში შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის. ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება აჭარის მთავრობა. სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში ინვესტიციები, შარშანდელთან შედარებით, 42%-ით არის გაზრდილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მშენებლობის ვადის დარღვევის პრობლემა ყველაზე მეტად აჭარაშია, სადაც საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პროცესი უმეტეს შემთხვევაში შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციაში მთავრობისგან გამოთხოვილ ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად აცხადებენ, რომ “ჰოლიდეი ინის”, “კემპნისკის”, “ჰოქელ რეინას”, “ჰოტელ პრინცესას” ბრენდის სასტუმროების აშენების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს - ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებიდან გახდა.

კვლევაში ასევე მითითებულია, რომ “ტრამპ თაუერისა” და სასტუმრო “პონტოს” მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდაც არ გააჩნია. მშენებლობის ვადა ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

კერძოდ, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” მშენებლობსითვის ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს, შპს “არაი ჯორჯიაზე” 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია.

2014 წელს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1-ლი მაისი. ცვლილებებთან ერთად, 2014 წლის მაისში, მფლობელ კომპანიას, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 400000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

“კემპინსკად” წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოსაპირკეთებელი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში, 2 მილიონი დოლარად გასხვისდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

სასტუმრო “პრინცესა” (ძველი ფოსტის შენობა) ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლოატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში მოექცა სასტუმრო “რეინა”, რომელიც მემედ აბაშიძის 34-სა და დუმბაძის ქუჩა 16-18-ში მდებარეობს. 1-ლი აფთიაქის ყოფილ შენობაში, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს, შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. უძრავი ქონება და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონ დოლარად გაასხვისა.

თავის მხრივ, შპს “ჟასმინმა” 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობის და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში (2012 წლის ივნისი) პირობები ვერ შეასრულა.

“ენვილ ბათუმად” წოდებული 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის ახლადშემოერთებულ დასახლება კახაბერში. შპს “ენვილ ბათუმს”, რომლის მეწილეები უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ და ანატოლი დრობოტები არიან, ქონება 2012წლის 10 აპრილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა. მშენებლობა ამ მისამართზე საერთოდ არ დაწყებულა.

აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 56 304 ლარის ოდენობით, ერთ ლარად გადაცემული ქონება კი ისევ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდა. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლობა ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე საერთოდ არ იმყოფება.

არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული თემა მყისვე გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ცეცხლზე ნავთი დაასხა. ნაცმოძრაობის დეპუტატმა, შუახევის მაჟორიტარმა ომარ მეგრელიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ აჭარაში ისეთი პროექტებია გაჩერებული, რომელიც რეგიონს, საქართველოს და მის ბიუჯეტს დაეხმარებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეგიონის ხელისუფლების უნიათობის გამო გაჩერდა. მისი თქმით, აჭარის მთავრობასთან ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

“უფრო მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ორივე შტო - აღმსარულებელი და საკანონმდებლო დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ დარბოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთი მისიით - თუ ვინ მოიპოვებდა უფრო მეტ გავლენას რეგიონის მართვაში”, - განაცხადა მეგრელიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც რეგიონს, მის მოსახლეობას, საქართველოს და მის ბიუჯეტს წაადგებოდა, სამწუხაროდ, რეგიონის ხელისუფლების უნიათობის გამო გაჩერდა.

“მოგეხსენებათ, რომ გოდერძის უღელტეხილზე საერთაშორისო დონის სამთო კურორტი კეთდებოდა, წინა ხელისუფლების პერიოდში დახარჯულია დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე და ეს კურორტი დღეს გაჩერებულია. მე მოგიწოდებთ ჩემს კოლეგებს ორივე მხრიდან, რომ დაინტერესდეთ და ერთხელ მაინც შაბათ-კვირის განმავლობაში ნახოთ იქ, რა სამუშაოებია ჩატარებული. სულ პატარა ხელის წამოკვრა და პოლიტიკური ნება სჭრიდებოდა იმას, რომ დღეს ეს კურორტი სრულად ამუშავებულიყო და უახლოეს 2-3 წელიწადში დაახლოებით, 500 ადგილობრივი მოსახლე დასაქმებულიყო”, - განაცხადა მეგრელიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი აცხადებს, რომ არც ერთ ინვესტორს, გარდა ერთისა (“ენვილ ბათუმი”), აჭარა არ დაუტოვებია, ხოლო კონკრეტულ ოპერატორებთან შეთანხმებას სასტუმროს ინვესტორები აწარმოებენ. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძემ კი, რომელიც არასამთავრობო ორგანზიაციის მიერ გამოაქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ კვლევისას “საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სიზუსტე და სიფრთხილე ვერ გამოიჩინა.

“მცდარი ინფორმაციის გავრცელება ცუდად მოქმედებს როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ინვესტორზე, რომელსაც სურვილი აქვს რეგიონში საქმე წამოიწყოს და ინვესტიცია განახორციელოს”, - აცხადებს ბალაძე.

მისი ინფორმაციით, აჭარაში ინვესტიციები არ შემცირებულა, რადგან სტატისტიკა კვლევის შედეგის საპირისპიროს ადასტურებს. “მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციები იზრდება. კერძოდ, 2014 წლის ინვესტიცია 276,5 მლნ აშშ დოლარია და 2013 წელთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი”, - აცხადებს ბალაძე.

ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტურიზმის სექტორში ჩაიდო, მასზე მოდის ინვესტიციების 43%, მეორე ადგილზე მშენებლობაა - 32%-ით, ხოლო შემდეგ ენერგეტიკა - 18%-ით.