მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, დოლართან მიმართებაში ლარი ნახტომისებურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნულმა ვალუტამ ახალი რეკორდი დაამყარა და 2,07-ის ნიშნულს გადააბიჯა. როგორც ჩანს, მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ შესწევთ უნარი კურსი დაასტაბილურონ.
სავალუტო ჯიხურებში ლარის გამყარებას არც კი ელიან. ვალუტის გადამცვლელები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება.
„მოსახლეობაში დოლარი აღარ არის. ამიტომაც მათგან უცხოური ვალუტის შემოდინება არ ხდება. მოთხოვნა კი მატულობს, შესაბამისად, ლარი უფასურდება“, - ამბობენ სავალუტო ჯიხურების მფლობელები.
ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით წინა კვირას რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა აღნიშნული ჩარევის შედეგად, ლარი მხოლოდ ორი დღით და ისიც უმნიშვნელოდ გამყარდა, შემდეგ კვლავ ვარდნა დაიწყო. ეროვნული ვალუტა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტრას თავს არიდებენ და თუკი ვინმე ხმას ამოიღებს, ზოგადი ფრაზებით ცდილობს ფონს გავიდეს. მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის კომენტარშიც რაიმე სანუგეშოს ვერაფერს ამოიკითხავს ადამიანი.
„იმისთვის, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მეტად ეფექტური იყოს, ჩვენ ეკონომიკური პროგნოზირების უკეთესი სისტემა გვჭირდება“, - აცხადებს აბაშიშვილი.
მისი განმარტებით, ეკონომიკური პროგნოზირების უკეთესი სისტემის შექმნა აუცილებელია, რათა მომავალში მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.
„როდესაც მთავრობის თუ ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქმედებები მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში უფრო ზუსტ პროგნოზს ემყარებოდეს, ვინაიდან მომავალში არ დაისვას საკითხი მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ არაეფექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუ კეთდება პროგნოზი, რომ ჩარევა შეაჩერებს კურსის ვარდნას და ეს ჩარევა ხდება, მაშინ გაუფასურება უნდა შეჩერდეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზარზე განხორციელებული ერთჯერადი ინტერვენცია საკმარისი არ იყო, ვინაიდან ეროვნულ ვალუტასა და უცხოურ ფულს შორის დისბალანსი საკმაოდ დიდია. ამიტომ სებ-ს ინტერვენციები ისევ უნდა განეხორციელებინა.
„ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი დოლარი უნდა მიაწოდოს ბაზარს. 40-მილიონიანი ინტერვენცია გაუფასურებას ვერ შეაჩერებდა. ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა, ექსპორტი 30%-ით დაეცა. ეს თანხობრივად 60 მილიონ დოლარამდეა.
უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებიდან დანაკლისი საკმაოდ დიდია. ამ ფონზე 40 მილიონი დოლარით რთული იქნებოდა არათუ გამყარება, არამედ გაუფასურების შეჩერება“, - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე.