საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე კერძო ბანკებიც ზრუნავენ

საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე კერძო ბანკებიც ზრუნავენ

საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად კერძო ბანკებიც ზრუნავენ. „თიბისი ბანკმა“ 17 თებერვალს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ენერგოკონფერენცია გამართა. ბანკის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ენერგეტიკის სფეროში ჩადებული ინვესტიციები წარმატებული აღმოჩნდა, ეს კი საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ბანკი ენერგეტიკული პროექტებით კვლავ დაინტერესდეს.

„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში გამართული ენერგოკონფერენცია ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საქართველოს მდინარეების ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა და ჰიდროპოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„საქართველოში დაახლოებით 25 000 მდინარეა, აქედან დაახლოებით 300 არის ენერგეტიკულად საინტერესო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა და დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გვექნება სრული სურათი. დაწყებული გვაქვს საქართველოში არსებული ყველა მდინარის ენერგეტიკულად შესწავლა და ოქტომბერში ეს რეპორტი იქნება წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს სექტორში ინვესტორების მაქსიმალურად მოზიდვას... ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გონივრული გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და აუცილებელია. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ ყოველწლიურად, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში ვახორციელებთ იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც განახორციელოს.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ბოლო პერიოდში გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესიც

„თიბისი არის ერთ–ერთი გამორჩეული ბანკი საქართველოში. მათ ბოლო წლების განმავლობაში 10 წარმატებული პროექტი დააფინანსეს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განხორციელდეს პროექტები, რათა საქართველომ მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის სფეროს საინტერსო საინვესტიციო მიმართულებად ასახელებს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობაც. ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ენერგეტიკულ პროექტებში „თიბისის“ მონაწილეობა მიმდინარე წელს და შემდეგომ პერიოდში აუცილებლად გაიზრდება.

„ენერგეტიკის სფერო არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ეკონომიკისთვის, მივიჩნევთ, რომ ჩვენი მონაწილოება არის საკმაოდ აქტიური და ვფიქრობთ, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ამ სფეროში. ბოლო პერიოდში ენერგეტიკაში, ჯამური მოცულობით, 150 მილიონ ლარზე მეტი ჩავდეთ. ვფიქრობთ, ეს დასწყისია და მომავალში მეტად გავზრდით ჩვენს თანამონაწილეობას“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისის ბანკში“ გამართულ ენერგოკონფერენციაში საქართველოში მოღვაწე იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებში უკვე არიან ჩართულები.

კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი კომპანიის მიერ განხორციელებულ ენერგოპროექტებში დიდი წვლილი, სწორედ, „თიბისი ბანკს“ აქვს შეტანილი.

„ყველაზე საამაყო ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დღეს მშენებლობის პროცესშია, ამ წლის ბოლოს დასრულდება. ეს არის 110 მეგავატიანი დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური. აქაც უდიდესი წვლილი ჰქონდა „თიბისი ბანკს“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად... ამ დარგში ვმოღვაწეობ და მივიჩნევ, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირება არის ძალიან წარმატებული, მომხიბლავი. იმავდროულად, პატრიოტული, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში ახალი პროექტების განხორციელებას“, – აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

ენერგოკონფერენცია დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, სექტორის ძირითად მოთამაშეებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.

„თიბისი ბანკში“ განმარტავენ, რომ კომერციული ბანკის მიერ მსგავსი მასშტაბის ენერგოკონფერენცია საქართველოში პირველი პრეცენდენტია.
კონფერენციას ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და USAID წარმომადგენლები დაესწრნენ.