მოსახლეობის უმეტესობა ვალის ჭაობიდან ვერ ამოდის. ის კიარა, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება მევალეების კლანჭებში. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერჯერობით არჩანს.
„კრედიტინფოში“ ჩანაწერების რაოდენობა 2 მილიონზე მეტი ერთეულით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სესხზე საპროცენტო განაკვეთების სიძვირის მიუხედავად, სულ უფრო მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი მიმართავს ბანკსა თუ სხვა ფინანსურ ორგანიზაციას კრედიტის ასაღებად.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ბანკებსა და კლიენტებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობამ 10 მილიონზე მეტი შეადგინა. მათ შორის ლარში 9 551906 ხელშეკრულება დაიდო, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 486 983.
2015 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით, „კრედიტინფოში“ 8 524483 ჩანაწერია, აქედან 1 995 000 ფიზიკური პირისაა, ხოლო 23 700- იურიდიული პირის. ამ 8 მილიონზე მეტი ჩანაწერიდან ბანკების წილად 6 706 994 ჩანაწერი მოდის, ხოლო 1 817 489 შემთხვევაში სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ არის გაცემული ან ონლაინ სესხია.
მოსახლეობის ფინანსური ქცევასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა ჩაატარა კომპანია „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსმაც“. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 13% „ყელამდე ვალშია ჩაფლული“. კვლევა საქართველოს 7 დიდ ქალაქში ჩატარდა. სულ 18-დან 65 წლამდე ასაკის 3100 რესპონდენტი გამოიკითხა.
„ჯიბისის“ ინფორმაციით, მოსახლეობის 18%-ს კრედიტზე მონადირეები შეადგენენ. ისინი თითქმის ყველანაირ საბანკო პროდუქტს მოიხმარენ - აქვთ ანგარიშები, ბარათები, სესხები, დეპოზიტები. თუმცა მთლიან პორტფელში ყველაზე დიდი წილი მაინც სასესხო პროდუქტს უკავია.
ახალბედა კრედიტორების წილი 8%-ია. ამ სეგმენტის უმეტესობა ახალგაზრდაა, რომელსაც ახალი დაწყებული აქვს მუშაობა, ცხოვრებას პოზიტიურად უყურებს, არ მიაჩნია, რომ მის შემოსავალს შესაძლოა რამე დაემუქროს და ამდენად არ ეშინია საკრედიტო ვალდებულების გაჩენა.
21% „ჩართული მომხმარებელია“. მათ თითქმის თანაბარი დოზით აქვთ გადანაწილებული ყველა ტიპის საბანკო პროდუქტი. აქვთ პოტენციალი, კიდევ დაიმატონ პროდუქტები და ამიტომ ბანკებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასურველი სეგმენტია.
ამდენივეა „შეზღუდული მომხმარებელიც“. მათ, ძირითადად, მხოლოდ მიმდინარე ანგარიში ან რომელიმე 1 ბარათი აქვთ, ისიც არასახელფასო. ამ სეგმენტში ყველაზე დიდია დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა, რაც უმეტესწილად განაპირობებს კიდეც მათი პროტფელის სიმწირეს და შესაბამისად, დასახელებასაც.
10% „ვითომ მომხმარებლები“ არიან. ამ სეგმენტში ყველაზე დიდი ოდენობით არის დასაქმებული მომხმარებელი, თუმცა, ძირითადად, ისინი დაბალკვალიფიციური მოსამსახურეები არიან.
ექსპერტების ინფორმაციით, ბანკებმა რომც არ შეზღუდონ სესხების გაცემა, აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები, ვინც უფრო მარტივი პირობებით დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას.
„ხშირად ვისმენთ რეკლამებს, სადაც გვეუბნებიან, რომ საკრედიტო ისტორიის გადამოწმების, შემოსავლების დადასტურების გარეშე შესაძლებელია გასცენ სესხი. ერთი მხრივ, ეს სარისკოა როგორც სესხის გამცემი კომპანიისთვის, ასევე მიმღებისთვის.
ამ შემთხვევაში იდება ორმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც ჩადებულია პირობა: თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხს, კომპანიას უფლება აქვს, ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს გასესხებული ფულის დასაბრუნებლად. მათი საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ ყველა გაცემული სესხის მეხუთედი - 20%-ც რომ პრობლემური გახდეს, იმდენად მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვთ დაწესებული, მაინც მოგებული დარჩებიან“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.