იანვარმა დიდი საექსპორტო პრობლემები გამოააშკარავა. ვარდნა 30-ის ფარგლებშია. ამ დროს იმპორტი იზრდება და შესაბამისად, მატულობს უარყოფიი სავაჭრო სალდოც.
2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 694 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 156 მილიონი დოლარი იყო (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ აშშ დოლარი (1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მილიონ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ექსპორტის კლება, უმთავრესად, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
„შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს იქცა სერიოზულ მიზეზად, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვარში საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა“, - აღნიშნეს სამინისტროში.
ღვინის ექსპორტმა 65%-ით იკლო, სპირტიანი სასმელებისა - 87%-ით. 2015 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა (მანქანების რეექსპორტის გამოკლებით) 65 მილიონი დოლარი შეადგინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც იანვრის მდგომარეობას ასახავს, მთლიანად ექსპორტზე 1,3 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული, აქედან რუსეთის მიმართულებით 366 120 ბოთლი ღვინო გადაიზიდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 4 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, საიდანაც 2,7 ბოთლი რუსეთშია ექსპორტირებული. ღვინის ექსპორტს პრობლემა რუსული რუბლის გაუფასურების გამო შეექმნა.
ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 21%-ით, ანუ 8,5 მილიონი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა 100%-ით (9.4 მილიონი დოლარით). მაგალითად, იტალიაში ერთბაშად 6 მილიონი დოლარით მეტი თხილი და კაკალი გავიდა, გერმანიაში - 4.4 მილიონით და ესპანეთში - 1.1 მილიონით.
ასევე ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი (+54%). იმატა მწვანილის გადაზიდვამ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე უკრაინაში. მკვეთრად გაიზარდა თევზის ექსპორტის მაჩვენებელი (+169%).
ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შეფასებით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილმა პრობლემებმა ქართულ ექსპორტს მძიმე დარტყმა მიაყენა.
„მოგეხსენებათ, ყველა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემებია. კრიზისის გამო საკმაო რაოდენობით იკლო ღვინის ექსპორტმა. უკრაინაში საომარი მოქმედებებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, შემცირებულია ვაჭრობა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. თურქეთში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობანი შენელებაა და გასული წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებელიც კი დაფიქსირდა.
აზერბაიჯანში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ავტომობილების რეექსპორტი იყო, 2014 წლის გაზაფხულზე კი აზერბაიჯანმა 2005 წლამდე ავტომობილების შეყანა აკრძალა, რის გამოც ქართულ ექსპორტს ავტომობილების რეექსპორტის სახით 200 მილიონამდე დოლარი მოაკლდა. ეს ეფექტი დღემდე მოქმედებს და ექსპორტის საერთო მაჩვენებელს ამცირებს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
აფბას შეფასებით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა გადამდები აღმოჩნდა ქართული ექსპორტისთვის და შეფასებით, საგარეო ვაჭრობის კუთხით შექმნილი პრობლემების დიდი ნაწილი ასე ვთქვათ „იმპორტირებულია“.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აზიური ბაზრების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას ურჩევს, რათა ქვეყნიდან ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ იანვარი პასიური თვეა ექსპორტის შემცირებაზე საგარეო ფაქტორის გავლენა ძალიან დიდია.
„ექსპორტის კლება, რომ ძირითადად დსთ-ს ბაზრებზე შექმნილი პრობლემების გამოა, ამას ევროკავშირის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტიც ადასტურებს. დაახლოებით 34-ჯერაა გაზრდილი ნიდერლანდები. ექსპორტმა იმატა ბულგარეთის, გერმანიის, იტალიის მიმართულებებითაც. ეს სურათი იხატება იანვრის მონაცემებით. დეკემბრიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, რუსეთის მიმართულებით ყველანაირი საექსპორტო ნაკადი გაჩერებულია.
უკრაინასა და რუსეთში ექსპორტი, ძირითადად, რუბლისა და გრივნის კრიზისის გამოა შემცირებული იმიტომ, რომ მსყიდველობით უნარიანობა მკვეთრად დაცემულია. ვფიქრობ, აზერბაიჯანში კლება წლის პირველ ნახევარში კიდევ იქნება, რადგან რეგულაცია შარშან 1-ელ ივლისს შევიდა ძალაში და რეექსპორტის კლება ამის მერე იწყება“, - განაცხადა ლექვინაძე.
მისი თქმით, ევროპის ბაზარს საქართველო სტაბილურად, მაგრამ შერდარებით მცირე მოცულობით ითვისებს, რომელიც დსთ-ს ბაზრებს ვერ აბალანსებს. „ამიტომ კარგი იქნება თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აზიის ბაზრების მიმართულებით გააქტიურდება. მაგალითად, 2014 წელს ჩინეთის ბაზარზე 250%-იანი მატება დაფიქსირდა და აზიის ქვეყნების ბაზრების ათვისება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ქართული საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის“, - განაცხადა ლექვინაძემ.