ლუდის გაძვირებამდე 2 კვირაა დარჩენილი. მთავრობასა და მწარმოებლებს შორის დაძაბულობა მატულობს. მელუდეებმა ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. ნოდარ ხადური გადაწყვეტილების შევლას არ აპირებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ნახევარლიტრიან ლუდის ბოთლზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, პროდუქტი ცოტათი უნდა გაძვირდეს.
„დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ხშირი კომუნიკაცია მქონდა ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან, შევთანხმდით, რომ ნახევარლიტრიან ბოთლზე ლუდის აქციზი ნაცვლად 20 თეთრისა, გაიზრდება 10 თეთრით“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი ინფორმაციით, დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ლუდის მოხმარება არის გაზრდილი, რასაც ადასტურებს მათ მიერ გადახდილი გადასახადები ბიუჯეტში. ამიტომაც ფინანსთა სამინისტრო გაზრდილი აქციზიდან გაზრდილ შემოსავალს ელის.
მინისტრის გათვლა-გაანგარიშებას არ ეთანხმებიან ბიზნესმენები და ექსპერტთა ერთი ნაწილი. ბოლო დროს ლუდის აქციზთან დაკავშირებით შეხვედრა და დისკურსია გახშირდა. მორიგი მსჯელობა ანალიტიკოსების და ექსპერტების, ხელისუფლებისა და ლუდის ინდუსტრიის მონაწილეობით სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
ლუდის ქართველი მწარმოებლები აქციზის გაძვირებას ცალსახად უარყოფითად აფასებენ. კომპანია „ნატახტარის“ დირექტორის, კორპორატიულ საკითხებში ნიკოლოზ ხუძაკიშვილის თქმით, ნახევარლიტრიან ლუდზე ფასი არა 10 თეთრით (როგორც ეს ფინანსთა სამინისტრომ განმარტა), არამედ 20-25 თეთრით გაიზრდება. „აქციზის 10 თეთრს კიდევ რამდენიმე გადასახადი ემატება, რაც პროდუქციის ფასის მნიშვნელოვნად გაძვირებას ნიშნავს“, - აღნიშნა ხუძაკიშვილმა.
„კასტელ-საქართველოს“ გენერალური დირექტორს, ლევან ზაუტაშვილს კი ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის ჯერ კიდევ ეიმედება:
„იმედი გვაქვს, ხელისუფლება ჩვენს მსჯელობას მოისმენს და ჩვენი მცდელობები შედეგს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში შემცირდება ლუდის ბაზარი, შესაბამისად, მოიკლებს წარმოება, გაჩერდება დანადგარები და მოგვიწევს თანამშრომლების შემცირება“, - ამბობს ზაუტაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს ის უარყოფითი მხარეები, რაც ლუდზე აქციზის გაძვირებას შესაძლოა მოჰყვეს. შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ანალიტიკოსებმა ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ისაუბრეს.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები ლუდის ქართველ მწარმოებლებთან არ ყოფილა და ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს, რაც მწარმოებლებს 2015 წლის სეზონს ფაქტობრივად ჩაუგდებს. „შეხვედრები იყო, მაგრამ კონსულტაციები არ ყოფილა. მსგავსი ფორმით კომუნიკაცია მიუღებელია“, - დასძინა კალანდაძემ.
საქართველოს მთავრობამ ცვლილების მოთხოვნით მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა.
ამიტომაც „ზედაზენის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ასე ხელაღებით მიღება ბიზნესს ძალიან დააზარალებს. „ჩვენ ვაპირებდით, ახალი ინვენტარის ჩამოტანას და წარმოების გაზრდას, ბევრი გეგმა გვქონდა, მაგრამ აქციზის მომატების შემდეგ, სავარაუდოდ, წარმოების შემცირება მოგვიწევს და ამ დარგის განვითარებასაც დიდ დარტყმას მიაყენებს“, - აცხადებს პაიჭიძე.