14 იანვარს, მოსკოვში ჩატარებული შეხვედრის დროს, ევროპული კომისიის ენერგეტიკული გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტს, მაროს სტეფანოვიჩს გაუკვირდა იმის მოსმენა, რომ „გაზპრომის“ პრეზიდენტის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსული გაზის მოსაპოვებლად ევროპულ ქვეყნებს თავისით მოუწევდათ მილების გაყვანა.
ხაზს უსვამს რა „ტრანზიტის რისკებს“ „არასანდო ქვეყნებზე გავლით“, რუსეთი აპირებს გვერდი აუაროს უკრაინას და ააშენოს გაზის მიწოდების სისტემა სახელად „თურქული სადენი“ შავი ზღვის ქვეშ, ანატოლიის და ბალკანეთს გავლით. ევროპას კი, რომელის გაზის 30 პროცენტს რუსეთიდან იღებს, უბრალოდ ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება მოუწევს. ბატონმა მილერმა განაცხადა, რომ „თურქული სადენი“ იქნება ერთადერთი გაზსადენი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწევთ სათანადო გაზის გადამტანი ინფრასტრუქტურის დაარსება საბერძნეთის ან თურქეთის საზღვრებიდან“.
ამისდა მიუხედავად, ბატონი სტეფანოვიში, ალბათ, ხვდება, რომ ევროპელ მომხმარებლებს ნერვიულობის საბაბი არ გააჩნიათ. ბატონი მილერის მძაფრი ტონი უბრალოდ, ხაზს უსვამს „გაზპრომის“ მძიმე პოლიტიკას. ფაქტია, რომ რუსული ენერგიის გიგანტის გავლენა ფასებზე და დისტრიბუციაზე კლებულობს, რასაც თან ახლავს გაზის და ნავთობის ფასების კლებაც.
ალბათ, ბევრ ევროპელს შემორჩა ცუდი მოგონებები, როდესაც 2006 და 2009 წლების ზამთრებში გაზპრომმა შეწყვიტა გაზით მომარაგება ფასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო. თითქოს შეიქმნა გარკვეული დაუცველობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას განცალკევებული გაზით მომარაგების სისტემები სხვადასხვა რეგიონებისთვის: „ლურჯი სადენი“ თურქეთისთვის, იამალის გაზსადენი პოლონეთისთვის და გერმანიისთვის და „ჩრდილოური სადენი“ მხოლოდ გერმანიისთვის. ეს გაფართოებული ქსელი იყო რუსეთის კომერციული და პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი, რომელმაც შეასუსტა უკრაინის პოზიცია, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის დასავლური სახელმწიფოებისთვის. ამან კი კიევსა და მცირე ევროპულ ქვეყნებს დააკარგვინა ტრანზიტული გადასახადები, მოსკოვს კი მეტი ძალაუფლება მისცა.
თუმცა გაზსადენების ბერკეტებად გამოყენების სტრატეგია აღარ მოქმედებს. 2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირი ცდილობს ენერგიული უსაფრთხოების გაუმჯობესებას ერთადერთი, ღია ბაზრის ჩამოყალიბებით და მიწოდების ახალი წყაროების მოპოვებით. თუ კავშირის რომელიმე წევრს რუსეთმა შეუწყვიტა გაზით მომარაგება, მას უბრალოდ შეეძლება ენერგიის მიღება კავშირის სხვა წევრისგან.
რუსეთის კლებადი გავლენა კარგად გამოჩნდა დეკემბერში, როდესაც ვლადიმირ პუტინმა გააუქმა „სამხრეთის სადენის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა გაყვანილიყო ზღვისქვეშა სადენი რუსეთს და ბულგარეთს შორის. ამერიკულმა და ევროპულმა სანქციებმა, ასევე ფინანსურმა და იურიდიულმა პრობლემებმა უკრაინისთვის გვერდზე ავლის 40 მილიარდიანი გეგმა არახელსაყრელი გახადეს. თუმცა, პუტინმა „თურქული სადენის“ გეგმა გამოაცხადა.
ერთი შეხედვით, ეს ცვლილება არის ჭკვიანური გზა თურქეთის რუსეთთან დასაახლოებლად და ევროპულ გაზის მიწოდებაზე გავლენის შესანარჩუნებლად, კიევის დასჯასთან ერთად. თუმცა, რომ დავუკვირდეთ, ეს სასოწარკვეთილ ქმედებას უფრო ჰგავს.
შარშან, ყირიმის და დონბასის კრიზისის დაწყების დროს, რუსეთმა ექვსი თვით შეუჩერა გაზის მიწოდება კიევს, მიზეზად კი ფასთან დაკავშირებული უთანხმოებები დაასახელა. იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი იძლევა გარანტიებს, მიწოდება მთელი წლის განმავლობაში არ შეწყდება, დასავლეთი ახალ წყაროებს ეძებს. ნორვეგია უკვე ეწევა რუსეთს, როგორც ყველაზე დიდ გაზის ექსპორტიორს ევროპული ქვეყნებისთის. ასევე ალჟირს შეუძლია გაზის მიწოდება. მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი თხევადი გაზის მიწოდებამდე ამერიკიდან, ხოლო პოლონეთში და ბრიტანეთში შეინიშნება განვითარება ამ სფეროში. ამას დამატებული, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე აგებენ გაზსადენებს იტალიის და ბალკანეთს მიმართულებით.
რუსეთისთვის, რომლის ნავთობის შემოსავლებმა საგრძნობლად მოიკლო, გაზსადენი სისტემებისთვის ინვესტორების პოვნა რთული იქნება. „სამხრეთის სადენი“ ბევრ სირთულეს გადააწყდა, როგორც ფინანსურს, ისე იურიდიულს. ევროკავშირის ახალი ბაზრის ლიბერალიზაციის კანონები მოითხოვენ გაზის მიწოდების სისტემების დამოუკიდებლობას გაზის მიმწოდებლებისგან. ამიტომაც, თუ აღმოსავლეთ ევროპაზე გამავალი სისტემა ავსტრიისკენ „გაზპრომის“ საკუთრება იქნებოდა, მას არ შეეძლებოდა იმავდროულად გაზის მიმწოდებელიც ყოფილიყო. მის შემთხვევაში გამონაკლისიც რომ დაეშვათ, კომპანია მაინც იძულებული იქნებოდა სისტემა სხვა პირებისთისაც დაეთმო. ასეთი დაბრკოლება მოსკოვისთვის ანათემას წარმოადგენს.
რაღაც მხრივ, „თურქული სადენის“ პროექტი უფრო პრობლემატურია, ვიდრე „აღმოსავლეთის სადენი“. რუსები ცდილობენ ევროპული კანონების გვერდზე ავლას იმით, რომ „გაზპრომის“ კლიენტებს თხოვენ გაზი მიიღონ უშუალოდ საზღვარზე. თუმცა, ეს გეგმა შეიძლება მარტივად ჩაიშალოს. როდესაც რუსული გაზი შედის ევროპის ტერიტორიაზე, ყველგან შეიძლება მისი გადაგზავნა. მნიშვნელოვანი შესანახი პუნქტი, განსაკუთრებით საფხულში, იქნება დიდი დაწესებულებები დასავლეთ უკრაინაში. „თურქულმა სადენმა“ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს რუსული გავლენა, რადგან მისი მეშვეობით გაზი შეინახება ისეთ ადგილას, სადაც რუსეთს აღარ შეეძლება მისი მიწოდების შეწყვეტა.
ასევე არ არის ცნობილი თუ რამდენად უჭერს მას მხარს თურქეთი. ქვეყანა უკვე იღებს ნატურალური გაზის 60 პროცენტს რუსეთისგან. რატომ უნდა გაიხადოს თურქეთმა საკუთარი თავი უფრო მეტად დამოკიდებული „გაზპრომზე“, როდესაც მთელი დანარჩენი ევროპა მისგან გამოყოფას ესწრაფვის? მიუხედავად კვლევების ჩატარების ხელშეკრულებისა, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ არსებობს ორ ქვეყანას შორის გაზსადენის აშენების თაობაზე.
ამ ყველაფერში მოიპოვება გაკვეთილი ევროკავშირისთვის. ის უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს ერთიანი გაზის ბაზარი. რაც უფრო ღია იქნება ბაზარი, მით ნაკლები გავლენა ექნება რუსეთს.
http://www.nytimes.com/2015/02/12/opinion/gazproms-dwindling-clout.html
(თარგმნა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ)