არის თუ არა საქართველოში კრედიტები ძვირი, ვის შეუძლია ბანკიდან კრედიტის შედარებით იაფად მიღება და რა ტენდენციებია ამ მხრივ საქართველოში? - ამ საკითხებზე „ეკოპალიტრა“ ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტს, პროფესორ მერაბ კაკულიას ესაუბრა.
- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რასაც ინფლაციის შესაჩერებელ ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს. ამით გაიზარდა პროცენტი ბანკების მიერ სებ-ისგან ნასესხებ სახსრებზე. ეს კლიენტებს სესხებს საგრძნობლად გაუძვირებს, თუ ბანკებს მარჟის შემცირებით შეუძლიათ განაკვეთების მეტ-ნაკლებად შენარჩუნება?
- ზაფხულიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის მიზნით რამდენჯერმე ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას კრედიტის გაძვირება არ გამოუწვევია არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში. ლარში გაცემული კრედიტების განაკვეთებზე ამ ინსტრუმენტის ზემოქმედება უმნიშვნელოა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების მატებას, ეს ძირითადად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას უკავშირდებოდა.
ვთქვათ, თუ ადრე ბანკი მის მიერ დეპოზიტის სახით მოზიდული ყოველი $100-იდან ეროვნულ ბანკში $5-ს არეზერვებდა, ახლა უკვე $15 უნდა დაარეზერვოს. საკრედიტო რესურსის ამ გზით გაძვირება საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების ნაკლებ შანსს ტოვებს.
- „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო სესხების მიუწვდომლობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა...
- ბანკების საკრედიტო პორტფელი შარშან თითქმის 21%-ით გაიზარდა, მაგრამ კრედიტი მხოლოდ მსესხებელთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი. იურიდიული პირებიდან - ძირითადად, მსხვილი იმპორტიორებისთვის, სამრეწველო და სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც შედარებით სტაბილური ბიზნესი აქვთ; ფიზიკური პირებიდან მსესხებელთა პრივილეგირებულ ჯგუფში, პირველ რიგში, იმავე კომპანიებისა და ბანკების მესაკუთრეები და თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე ის მოქალაქეები შედიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად არიან დასაქმებული ან/და მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.
ამ ტიპის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა რაოდენობა ერთობ მცირეა და ამდენად გასაკვირიც არ არის, რომ სესხების წვდომის მიხედვით საქართველოს რეიტინგი დაბალია, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ 139 ქვეყნიდან ამ მხრივ მხოლოდ 14 ქვეყანას ჰქონდეს საქართველოზე უარესი მდგომარეობა. მართალია, საქართველოში კრედიტის აღება ძნელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რეიტინგი სინამდვილეს არ ასახავს. საქართველო ასეულში მაინც უნდა იყოს.
- რამდენად სამართლიანად არის სესხების განაკვეთები განსაზღვრული? შეიძლება თქმა, რომ ბანკები ერთმანეთში გარიგებული არიან მაღალი ფასის დაწესებაზე, ან იქნებ არც არის კრედიტი საქართველოში ძვირი?
- განაკვეთებს საკრედიტო რესურსების მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. მართალია, საქართველოში საკრედიტო რესურსების მიწოდება, დეპოზიტების სახით, შარშან არსებითად გაიზარდა, იგი მაინც ჩამორჩება კრედიტებზე მოთხოვნას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული დადებითი ძვრების მიუხედავად, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში მაინც არამდგრადია და ბანკები რისკებს ერთობ კონსერვატიულად აფასებენ. ამიტომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში, ზოგადად, მაღალია.
ბანკები დაინტერესებული არიან კრედიტის გაცემით და არ აწყობთ საპროცენტო განაკვეთების ისეთი დონე, რომელიც მათთვის მისაღებ მსესხებელს დააფრთხობს. ასეთი მსესხებელი კი, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბევრი არ არის. ამიტომ ბანკები მათ გადაბირებას ყველანაირად ცდილობენ. სთავაზობენ შედარებით ხელსაყრელ საპროცენტო განაკვეთებს, რომელშიც რისკის პრემია მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვა მსესხებლებისთვის კი რისკის პრემია მაღალია. ამდენად, საქართველოში კრედიტები იმ მსესხებლებისთვის არის შედარებით ძვირი, რომლებიც, ბანკების აზრით, მაღალი რისკის მატარებელი არიან.
- სხვა ქვეყნებში საშუალოდ რა განაკვეთებია დაწესებული კრედიტებზე და რა განაპირობებს მათ შორის განსხვავებებს?
- საშუალო საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში კრედიტებზე დაახლოებით 7%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტის ზოგიერთ სახეობაზე განაკვეთი 7%-ზე მეტია, ზოგზეც ნაკლები, მაგალითად, იპოთეკური კრედიტი აშშ-ში 6%-ის ფარგლებშია. გერმანიაში საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 6%-ია, დიდ ბრიტანეთში - 5,5%. ყველაზე დაბალი საშუალო საკრედიტო განაკვეთები შვეიცარიაშია - 3%-ზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთში - 10%-ია, ყაზახეთში - 12%, უკრაინაში - 15%, მოლდავეთში - 19%, ყირგიზეთში - 25%. რაკი ასეთი განაკვეთები არსებობს, ესე იგი, არსებობს მოთხოვნა.
საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 19%-ია. განსხვავების მიზეზი, პირველ რიგში, საკრედიტო რესურსის ფასია. სწორედ ის არის კრედიტის ფასის მთავარი კომპონენტი. საქართველოში რომ საშუალო განაკვეთი 19%-ია, მისი უდიდესი ნაწილი დეპოზიტების ფასზე მოდის. თუმცა ბანკი მხოლოდ დეპოზიტებით მოზიდული სახსრებიდან არ გასცემს კრედიტს, შესაძლოა რომელიმე უცხოური ბანკიდან ჰქონდეს სესხი აღებული. გარდა ამისა, კრედიტის ფასის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემია. არის კიდევ საოპერაციო ხარჯებიც, თუმცა ისინი საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ.
- უცხოური ბანკებიდან საკრედიტო რესურსი დაახლოებით რა უჯდება ადგილობრივ ბანკებს?
- საპროცენტო განაკვეთი უცხოური ბანკიდან ნასესხებ სახსრებზე ამ ბანკის ქვეყანაში არსებულ საშუალო განაკვეთზე დაბალია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებს უცხოური ბანკი მსესხებელი ბანკის ქვეყნის რისკს. მხედველობაში მიიღება ისიც, თუ, რისთვის არის ნასესხები საკრედიტო რესურსი - იპოთეკური, მცირე და საშუალო ბიზნესის თუ სამომხმარებლო კრედიტების გასაცემად. ფაქტია, რომ ქართული ბანკებისთვის უფრო იაფია უცხოური ბანკებისგან ნასესხები რესურსი, ვიდრე დეპოზიტების სახით მოზიდული. ამიტომ უცხოური საკრედიტო ხაზების ხარჯზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე დეპოზიტების რესურსის შემთხვევაში.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან უფრო დაბალი საკრედიტო რისკია, ვიდრე მაგალითად ყირგიზეთში, რაკი იქ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 25%-ია?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად ბანკი როგორ აფასებს თავისსავე ქვეყანაში არსებულ საკრედიტო რისკს. შეიძლება რისკი რეალურად უფრო ნაკლები იყოს. ამასთან, მაღალი საპროცენტო განაკვეთები მოცემულ ქვეყანაში, შესაძლოა, აღურიცხავი ეკონომიკის ანუ არალეგალური ბიზნესის დიდმა მასშტაბმაც განსაზღვროს. მაგალითად, თუ ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდის კონტრაბანდული საქონელი, იმპორტიორები ძალიან მაღალ მოგებას იღებენ და უღირთ ძვირი კრედიტის აღება. ასეთი ვითარება იყო საქართველოში 10-12 წლის წინ და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე გაცილებით მაღალი იყო.
- თებერვალში, იანვართან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა სამი მილიონით გაიზარდა და 183,471 მილიონი შეადგინა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და ხომ არ უნდა ველოდოთ კრედიტების გაცემის კიდევ უფრო გამკაცრებას?
- წინა თვესთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების 3 მლნ ლარით ზრდა თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, უმოქმედო (უიმედო და საეჭვო) სესხები არ გაიზარდოს. ასეთი სესხების საერთო მოცულობა იანვარში 4,3%-ით შემცირდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი თითქმის 20%-ით. შეიძლება ითქვას, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხი არ გაუარესებულა და ამ მოტივით ბანკების საკრედიტო პოლიტიკაში რამე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ანუ, ყველა ვადაგადაცილებული სესხი უიმედო და საეჭვო არ არის.
ციფრების ენით
- ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 4,8 მლნ ლარით (0,3%) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულის 106,3 მლნ ლარით (2,3%) შემცირდა.
- 2011 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი 19,9 მლნ ლარით შემცირდა (2,352 მლრდ ლარამდე).
- ხუთი უმსხვილესი ბანკის წილი სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 0,3%-ით შემცირდა და 1-ელი მარტისთვის 77,8%-ია.