კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ კომერციული გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებას აჩერებს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილებას არ ცვლის „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. დღესდღეობით ასეთი ვითარებაა - გაზი შეიძლება გაძვირდეს მხოლოდ დედაქალაქში, ხოლო რეგიონებში ფასი უცვლელი დარჩეს.
მიუხედავდ იმისა, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ერთი კვირის წინ იურიდიულ პირებს ტარიფის გაზრდის შესახებ ოფიციალური წერილები გაუგზავნა, დღეს ამ გადაწყევტილების შეჩერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია ტარიფის გაზრდას არ აპირებს.
კომპანიამ კომერციული ოპერატორებისთვის გაზის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, მთავრობის იმ სხდომის შემდეგ შეაჩერა, რომელზეც პრემიერმა კომპანიას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
„კომპანიამ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაზრდის შეჩერების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სანამ ოფიციალურად არ იქნება ტარიფის გაზრდის შეასხებ გადაწყვეტილება, არაფერი მოხდება“, - განაცხადა „სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიკა ბახტაძემ.
პრემიერმა 5 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზდეს. „ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაირ მამედოვის განცხადებით, ფასის ზრდა „სოკარის“ გეგმებში ისედაც არ შედიოდა.
„სოკარი“ არასდროს გამოსულა გაზის გაძვირების ინიციატივით, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სადისტრიბუციო კომპანიებზე დარტყმა ლარის კურსის ვარდნის გამო კომპენსირებული იქნება თავად ამ კომპანიების მიერ. ჩვენ, პრინციპში, სხვა გამოსავალს ვერც ვხედავთ. რაც შეეხება მარტიდან ტარიფის მატების საკითხს, ეს არ მოხდება. ჩვენი კომპანია ამას ისედაც არ გეგმავდა“, - განაცხადა მამედოვმა.
ჯერჯერობით ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება არ შეუცვლია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“. კომპანიაში ისევ აცხადებენ, რომ კომერციული ობიექტებისათვის ბუნებრივი აირის გაძვირება ძალაშია. გამონაკლისია პურის საცხობები, რომელთაც საქართველოს მთავრობამ აღუთქვა, რომ მათთვის შეღავათიანი ტარიფი დარჩებოდა. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება არც მათ მისვლიათ.
როგორც პურის მწარმოებელი კომპანია „იბერია 2012“-ის დირექტორი რუსუდან ანდრიაძე აღნიშნავს, მთავრობისგან დაპირებაა, რომ გაზის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება კომპანისათავის ჯერ ცნობილი არ არის.
კომპანია „იბერია 2012“ ამ ეტაპზე პურზე ფასის ზრდას არ გეგმავს და აცხადებს, რომ გაზის გაძვირების შემთხვევაში, პურზე ფასის მატება მოსახლეობისთვის დიდი დარტყმა იქნება.
„კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანია „იფქლის“ დირექტორის მოადგილე შამა იტამოვი აღნიშნავს, რომ რა გადაწყევტილებას მიიღებს გაზის ფასთან დაკავშირებით მთავრობა, ერთია, თუმცა გაზის ტარიფის ზრდის მიუხედავად, კომპანია „იფქლი“ პურზე ფასს მოგების შემცირების ხარჯზე არ გაზრდის.