როგორც იქნა ქვეყანაში 1 მლრდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მართალია ეს სტატისტიკურად დაზუსტებული მონაცემები არ არის, მაგრამ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. თუკი სტატისტიკის სამსახურმა
საინვესტიციო სააგენტოს წინასწარი ცნობა დაადასტურა, მაშინ შარშანდელი წელი, საინვესტიციო თვალსაზრისით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე უხვი იქნება.
საქართველოში შემოსულ უცხოური ინვესტიციებთან დაკავშირებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აპრილში გამოაქვეყნებს. მანამდე კი საკუთარ პროგნოზს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი აკეთებს. როგორც გიორგი პერტაიამ განაცხადა, შარშან საქართველოში სულ 1,15 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა.
ამასთან, პერტაიას განცხადებით, 2014 წელს ხელისუფლება 1 მლრდ-ის ინვესტიციებს ელოდა და გამოვა, რომ საბოლოო შედეგმა პროგნოზს გადააჭარბა. პერტაიას შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყარო (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, ექსპორტი) იკლებს.
2014 წლის სამი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 924 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუ პერტაიას ნათქვამი გამართლდა, გამოვა, რომ 2014წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს ეკონომიკაში 226 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა.
უკვე გამოქვეყნებული ციფრებიდან ცნობილია, რომ 2014 წელს ყველაზე ცოტა უცხოური ინვესტიცია (151 მლნ დოლარი) მეორე კვარტალში შემოვიდა, პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 265 მლნ იყო, ხოლო წლის მაქსმიმუმი იყო მესამე კვარტალი - 508 მლნ დოლარი.
პერტაიას პროგნოზს არ ეთანხმება თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი და ექსპრემიერ ნიკა გილაურის ეკონომიკური მრჩეველი ვატო ლეჟავა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ შარშან 1,15 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულიყო.
„რა მოლოდინს და გათვლებს ეყრდნობა მთავრობა, გაუგებარია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც ამჟამად ქვეყანაშია, ამ მოცულობის უცხოური ინვესტიციის შემოსვლა წარმოუდგენელია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო დროს იყო მიღებული ან იგეგმება. განსაკუთრებით ის შეზღუდვა, რაც ვიზების ლიბერალიზაციის, უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვის კუთხით დაწესდა. ამ ყველაფერმა და კიდევ ტურისტების ნაკადის შემცირებამ, ქვეყანაში კაპიტალის შემოტანაზე უარყოფითად იმოქმედა.
სხვა ნაბიჯებმაც, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებამ, ბიზნესისთვის არასახარბიელო მდგომარეობა შექმნა. ახლა ვიზების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით კორექტირებას გეგმავენ, თუმცა რა შეიცვლება ამ თვალსზრისით ჯერ არ ვიცით“, - ამბობს ვატო ლეჟავა „ჯიბისისთან“.
ის მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არასახარბიელო მდგომარეობაც ამ ცვლილებების გამოძახილია. „სიტუაციის გამოსწორების ნიშნებს კი ჯერ ვერ ვხედავ“, - აცხადებს ლეჟავა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს: „საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში 914 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2012 წელს - 865 მილიონი დოლარი, 2011 წელს - 1,1 მლრდ დოლარი, 2010 წელს - 814 მილიონი დოლარი, 2009 წელს კი ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 659.1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მლრდ დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი დოლარი.