შეზღუდავს თუ არა შრომითი მიგრაციის ახალი კანონი საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას

შეზღუდავს თუ არა შრომითი მიგრაციის ახალი კანონი საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას

შრომით მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს სპეციალური კანონი დაარეგულირებს. საამისოდ, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, სახელწოდებით - „შრომითი მიგრაციის შესახებ“.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უნდა არსებობდეს შრომითი მიგრაციის იმგვარი მექანიზმი, რომელიც ინვესტორს, ან დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევებში მისცემს უცხოელი სამუშაო ძალის ქვეყანაში შემოყვანის უფლებას, როცა დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს.

კანონპროექტის მიზანია, საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს.

„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ეს ნორმა ძირითადად მხოლოდ ფორმალურად შესრულდება დამსაქმებლების მიერ და რეალურად არ უზრუნველყოფს ადგილობრივი კადრებისთვის უპირატესობის მინიჭებას. დამსაქმებლები, ყველა შემთხვევაში, ეცდებიან, დაიწუნონ ადგილობრივი კადრები იმ ვაკანსიებზე, რომლებზეც უცხოელის დასაქმებას გეგმავენ.

„კანონის მსგავსი ნორმები ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ის მხოლოდ ფორმალურად სრულდება დამსაქმებლების მიერ. შესაბამისად, ამ ნორმის ამოქმედება ხელოვნურად გაართულებს დამსაქმებლების საქმიანობას საქართველოში და უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“,- აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ დროისთვის უცხოელების დასაქმების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენთან ისეთი გლობალური წარმოება არ ფუნქციონირებს, რომ კადრები ადგილობრივ ბაზარზე ვერ იშოვონ.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოში კონკრეტული დარგის სპეციალისტები არ არიან, შესაძლებელია, ადგილობრივი პერსონალის საზღვარგარეთ გადამზადება. ამით საქართველოში არსებული ტოტალური უმუშევრობის ფაქტები შემცირდება.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ განსაკუთრებულად პრობლემატურია თურქეთი და ჩინეთი, საიდანაც უცხოელ ინვესტორებს მთლიანად ჩამოჰყავთ თავიანთი მუშახელი. მისი თქმით, საქართველო არ არის გერმანია, საფრანგეთი ან სხვა ქვეყანა, სადაც დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე ადგილობრივი მუშახელი არ თანხმდება და, სადაც ურჩევნიათ, სხვა ქვეყნიდან იაფი მუშახელი მიიზიდონ. ჩვენთან ტოტალური უმუშევრობაა და შავ სამუშაოებზე საკმაოდ განათლებული ხალხიცაა დასაქმებული. ამიტომ ტოტალური უმუშევრობის დროს ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ჩვენი მუშახელით უნდა დაკმაყოფილდეს ყველა ის სამუშაო, რასაც ინვესტორი შეასრულებს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ჩვენ კონკრეტული სამუშაოს სპეციალისტი არ გვყავს, შეიძლება, მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტი.

„უცხოელები პირობებს არღვევენ და შემოჰყავთ თავიანთი მუშახელი, რაც არასწორია. ის, რომ ჩინელებს საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით მოჰყავთ თავიანთი მუშახელი, ძალზე საშიშია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინელი მუშახელისთვის მარტო გზის ფული რა ჯდება, ამასთან, საქართველოში მათ სჭირდებათ კვება, ჩაცმა, ბინის დაქირავება, მედიკამენტებით მკურნალობა, რაც უფრო ძვირადღირებულია. გარდა ამისა, ჩინელები შეიძლება, საბოლოოდ აქ დასახლდნენ, ხან ცოლს თხოულობენ. ახლა ვერავის ავუკრძალავთ უცხოელზე დაქორწინებას, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ამას უნდა კონტროლი და ყურადღება. თუ სადმე ჩინელები ან თურქები ქვაფენილს აგებენ, ხრეშს ურევენ, ან აგურით შენობას აშენებენ, ასეთი მუშახელი უცხო ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, არ უნდა შემოიყვანონ. ქართველს ასეთი სამუშაოების შესრულებას ვერავინ ასწავლის. რაც შეეხება ინვესტიციას, თუკი ნამდვილი ინვესტორია, ცხადია, ის უკან არ დაიხევს, რადგან მას ძალზე ძვირი უჯდება თავისი მუშახელის აქ ჩამოყვანა. როცა უცხოელი ინვესტორები თავიანთ თვისტომთ ასაქმებენ, ამ შემთვევაში, საკუთარი ეროვნული გრძნობებით ხელმძღვანელობენ, მათ სურთ, თავიანთი ქვეყნის უმუშევრებს დაეხმარონ, ჩვენი ქვეყანა კი ფეხზე ჰკიდიათ. ინვესტიცია იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეროვნული უარვყოთ“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ, წესით და რიგით, შრომითი მიგრაციის ახალმა კანონმა არ უნდა შეზღუდოს საქართველოში ინვესტიციების შემოდინება, რადგან უცხოელი მუშახელის შემოყვანა, ადგილობრივის დასაქმებასთან შედარებით, ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ, თუ უცხოელი მარტო თავისი ქვეყნის კეთილდღეობით სულდგუმულობს და სურს, თავისი ბარგი-ბარხანით ჩამოიყვანოს თავისიანები, ასეთი ინვესტიცია არ გვჭირდება.