ბოლო რამდენიმე თვეში მსოფლიო ბაზარზე ნავთობთან ერთად ბუნებრივი აირიც გაიაფდა, შესაბამისად, იმპორტიორი ქვეყნები ცდილობენ მიმწოდებლებისგან გაზი იაფად მიიღონ. მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე არ აისახება - საქართველოში ბუნებრივი აირი ძვირდება.
სპეციალისტები ქვეყნის ხელისუფლებას აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულების გადახედვისკენ მოუწოდებენ. თუმცა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ფასი ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასს არ უკავშირდებოდება, რადგან ეს ქვეყნებს შორის არსებულ ხელშეკრულებებზეა დამოკიდებული.
„ამიტომაც უნდა დასხდნენ მთავრობის წარმომადგენლები და მოითხოვონ ხელშეკრულებების გადახედვა, რათა მოხდეს ხელახალი შეთანხმება. სამართლიანია, რომ მთავრობამ ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვოს. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ავსტრიამ, მოითხოვა და აღწევს კიდევაც შეთანხმებას გაზპრომთან“, - განმარტავს ენერგეტიკის ექსპერტი, ყოფილი ენერგოომბუსმენი დავით ებრალიძე.
იგი იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაზრდას უსამართლო ქმედებას უწოდებს და აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფის დოტაცია, სწორედ კომერციული მომხმარებლის ხარჯზე ხდება.
„ახლა რაც ხდება, ადრეც ასე ხდებოდა, კომერციული მომხმარებლის ხარჯზე ფინანსდებოდა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი. რამდენადაც მხოლოდ კომერციული ტარიფი იზრდება და საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე არანაირი ეფექტი არ აქვს, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ კომერციული მომხმარებლის ხარჯზე ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფის დოტაცია“, - აცხადებს ებრალიძე.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ უახლოეს პერიოდში გაზის ტარიფი ფიზიკურ პირებსაც გაეზარდოთ, დავით ებრალიძე აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა ქვეყანაში სოციალურ უკმაყოფილებასაც გაზრდის.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადაფარავს კომერციული მომხმარებელის ტარიფი იმ დეფიციტს, რაც ახლა აქვთ. თუ ეს ვერ გადაფარავს, მერე კომერციულმა მომხმარებელმა მეტი უკმაყოფილება გამოთქვა და ამან სხვა სამომხმარებლო ფასებზეც ავტომატურად იმოქმედა, ცხადია შემდეგ გადანაწილების აუცილებლობაც დადგება“, - განაცხადა დავით ებრალიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ გაზის კომპანიები, ბუნებრივია, შეეცდებიან მაქსიმალურად გაზარდონ ტარიფი, რათა, ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების შემთხვევაში, მათ ზარალი არ მიადგეთ. ის ფიქრობს, რომ ტარიფის გაზრდის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა სამრეწველო სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებაა.
„ეს პრაქტიკა მოქმედებს უმრავლეს ქვეყნებში. გაზი, ისევე როგორც ელექტროენერგია, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის დღგ-ით არ იბეგრება. როდესაც გაზს ყიდულობს სამრეწველო საწარმო და ის აწარმოებს პროდუქციას, ეს შედის შემდგომ ფასში ამ პროდუქციისა, რომელიც მთლიანი ფასიდან დაიბეგრება დღგ-ით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არაფერს აგებს, მაგრამ ყიდვისას გარკვეული შეღავათი აქვს სამრეწველო საწარმოებს“, - ამბობს რევაზ არველაძე.
ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბუნებრივი აირის ერთბაშად 15 თეთრით გაძვირება არაადეკვატურად მაღალია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ეკონომისტ ლევან კალანდაძისთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი გაზის ტარიფის მატება, მაგრამ 20%-იანი ნახტომი ძალიან ებევრება.
„ლარის ბოლო ორ თვეში დაახლოებით 13%-ით გაუფასურდა. ამ დროს გაზის ტარიფის ცვლილება მნიშვნელოვნად აღემატება ამ მაჩვენებელს და დაახლოებით 20%-მდეა. შესაბამისად, ადეკვატურობის საკითხი აქტუალურია“, - ამბობს კალანდაძე.
როგორც გაზის კომპანიები, ისე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, კურსის გამყარების შემთხვევაში ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. საქართველოში ამ ზღაპრების არავის სჯერა. როგორც წესი, გაზრდილ ფასს ძველ ნიშნულზე თავისი ნებით არავინ აბრუნებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია საწვავის ღირებულება. მსოფლიოში ნავთობპროდუქტები ფასი განახევრდა, მაგრამ საქართველოში მხოლოდ 20%-ით შემცირდა და ისიც უკმაყოფილო მომხმარებლების მუდმივი პროტესტისა და მთავრობის წევრთა მუქარის ფონზე.