ლარი გაზს აძვირებს, გაზი - პურს და შაქარს

ლარი გაზს აძვირებს, გაზი - პურს და შაქარს

ლარის კურსმა პირველი დარტყმა მეწარმეებს მიაყენა. ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო საწარმოებს ბუნებრივი აირის გაუძვირდათ. შესაბამისად, ისინი წარმოებულ პროდუქციას გააძვირებენ. საბოლოოდ, კი დაზარალებული როგორც ყოველთვის, მოსახლეობა დარჩება, რომელსაც მთავრობა ყოველ დღე უმეორებდა, რომ კურსის მერყეობას ფასები ზრდა არ მოჰყვებოდა.

პირველი მარტიდან თბილისში იურიდიული პირებისთვის 1000 კბ/მ გაზი 750 ლარიდან 900 ლარამდე ძვირდება. ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა რეგიონებშიც.

„გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივ აირს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებულნი გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. მას შემდეგ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ტარიფი, რაც ამ ეტაპზე ვეღარ ხერხდება“, - აცხადებენ „ყაზტრანსგაზში“.

პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებამ პურის ფასის მატება გამოიწვიოს.

„ვერ გავიგე, რის ხაჯზე აკეთებენ ამას? რა გათვლებს ეყრდნობა? როდესაც დოლარი იაფი ღირდა, რატომ არ გააიაფეს გაზი? ხარისხი გაუმჯობესდა თუ რა მოხდა? არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ისედაც უხარისხო გაზში ვიხდით ფულს!

მოსახლეობისთვის არ ძვირდება ბუნებრივი აირი, მაგრამ პური იურიდიული პირია? ის ხომ სოციალური პროდუქტია და ყველას სჭირდება? გარდა ამისა, ხომ გვეუბნებოდნენ ლარის კურსი ფასებზე არ აისახებაო. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ვიმეორებ, ბუნებრივი აირის გაძვირება ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებს“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.

პურის გაძვირებას გამორიცხავს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. იგი ამტკიცებს, რომ გაზის გაძვირების შემთხვევაში პური არ გაძვირდება. მინისტრი იმ ექსპერტების აზრს არ იზიარებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდება და საცხობები პურის ფასს გაზრდიან. „მიუხედავად იმისა რაც რეგიონში ხდება, პურის ფასი შევინარჩუნეთ“, - აცხადებს დანელია.

გაზის გაძვირებამ, შესაძლოა, შაქარიც გააძვიროს. კომპანია „ქუალითი შუგარის“ ხელმძღვანელი ალხან ალიზადე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი პროდუქციის საბოლოო თვითღირებულებასაც გაზრდის.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, მოგება დაბალი იქნება ან საერთოდ არ იქნება და რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას? ისეთი ფასი უნდა დავადოთ, რომ კონკურენცია მაინც იყოს. არ მაქვს იმედი, რომ ამ ვინმე დამეხმარება - ხელისუფლება ან მომწოდებლები“, - აცხადებს ალიზადე „კომერსანტთან“ საუბრისას.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ადასტურებს, რომ გაზი გაძვირდა რეგიონებშიც.

„ბუნებრივია, ეს გაძვირება თავიდან ცოტა შეყოვნებული იყო იმიტომ, რომ შიდა რესურსით რაღაცნაირად მოახერხეს კომპანიებმა და 3-4 თვე გადაიტანეს. უკვე ფინანსური პრობლემა შეიქმნა და რეალურად ვალების დაგროვების მიზეზით შეიძლება მიწოდების პრობლემა გაჩენილიყო. ეს არის დერეგულირებული სექტორი და შესაბამისად, ფასში უნდა აისახოს ყველა მათთან დაკავშირებული ხარჯი. აქ დგინდება ტარიფი კომერციულ სექტორზე“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ტარიფის გაზრდა მოსახლეობას არ შეეხება.

„მოსახლეობის მოხმარება არის შედარებით ნაკლები, ვიდრე ბიზნესისა და ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაგრძობთ ამ სეგმენტის სუბსიდირებას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობა დავიცვათ ტარიფის გაზრდისგან“, - ამბობს ვალიშვილი.