ქართველ სექსმუშაკებს ლარის გაუფასურებამ კლიენტები დააკარგვინა

ქართველ სექსმუშაკებს ლარის გაუფასურებამ კლიენტები დააკარგვინა

მეტრო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და სწრაფი ტრანსპორტია... მეტროში, რომელიც მიწისქვეშეთის სამყაროა, მუდამ ხალხმრავლობაა. აქ მხოლოდ ყველა კატეგორიის ხალხს კი არ შეხვდებით, არამედ, იმასაც გაიგებთ, მოსახლეობას რეალურად რა აწუხებს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, “ქართლი სიტყვაგთავაზობთ რეპორტაჟს მიწისქვეშეთიდან...

მეტროსადგური “ვაგზლის მოედანი”... გეზს ფორმიანი ქალბატონისკენ ვიღებ, რომელიც ჩემი გუმანით, მეტროპოლიტენის თანამშრომელი უნდა იყოს.

- დიახ, თანამშრომელი ვარ, - ღიმილით მეუბნება და მეცნობა, - მე ციალა მქვია, 54 წლის ვარ...

- აქ ყოველთვის უამრავი ხალხია. მუშაობა არ გიჭირთ?

- დღისით არა უშავს: ხალხი სამსახურში მიდის, ან სხვა საქმეზე. საღამოს კი, ბევრი ალკოჰოლიკია... მათხოვრებზე აღარაფერს ვამბობ: ფრთხილად თუ არ იქნები, ჩანთას ისე გამოგგლეჯენ, ვერც გაიგებ.

- მათხოვრებს პატრულის არ ეშინიათ?

- პატრული ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვერ იდგება, თორემ ისე, რასაკვირველია, წესრიგს იცავს... მეტროსადგურებთან მუდამ ბევრი ადამიანია: ზოგი უსახლკაროა და ღამის გასათევს ეძებს, ზოგი ბინას ყიდის, ზოგიც - სხეულს. მოკლედ, აქ ყველა რაღაცას ყიდის, არჩევანი დიდია (იცინის).

- ისე, ბოლო დროს მეტროში სუიციდის ფაქტები გახშირდა... ამას რითი ხსნით?

- აბა, რა გითხრათ?! ცხოვრება გაჭირდა, შვილო, ბევრი დახეული ტანსაცმლით დადის, ზოგს საჭმლის ფული არ აქვს, ზოგს კი, ბანკის ვალი ახრჩობს. ორი დღის წინ, ერთი ქალი ლიანდაგებში ჩახტა, მაგრამ მალევე ამოიყვანეს - თავის მოკვლა არ გამოუვიდა...

- ქალბატონო ციალა, უსახლკაროები ღამეს მეტროშიც ათევენ?

- კი... რამდენიმე უსახლკარო გვყავს შემოჩვეული. ერთი ლოთია - თავზე ტომარას ჩამოიცვამს და იქ იძინებს, სადაც მოუხერხდება... ერთს ვკითხე, თავშესაფარში რატომ არ მიდიხარ-მეთქი და მიპასუხა, კარვებში ადგილი აღარაა, თან ცივა და იქაურ საჭმელს, მირჩევნია, ისევ ხმელი პური ვჭამოო. თავშესაფრებში მხოლოდ ვერმიშელსა და წყალწყალა სუპს აჭმევენ, თურმე. ღუმელი კი დგას, მაგრამ ბოლავს და ხალხი ვერ სუნთქავს... 200 ადამიანზე ერთი ტუალეტი ყოფილა და, თურმე, ისეთი სიბინძურეა, ცხვირსაც ვერ შეყოფ. ამიტომ, ბევრი ღამეს ისევ ქუჩაში ათევს... ამ გაჭირვებულ ხალხს საშველი არ დაადგა.

ქალბატონ ციალას გამოვემშვიდობე და მეტროდან ამოვედი...

მსუბუქი ყოფაქცევის დიაცთა სიმრავლეა... თითქმის ყველას ერთნაირად აცვია: მოკლე კაბა, დეკოლტე... მამაკაცთა ყურადღების მიქცევას “ერთი ტონა” მაკიაჟით, წითელი პომადითა და საღეჭი რეზინის „ღლაჭუნით“ ცდილობენ, მაგრამ აშკარად, კლიენტის ნაკლებობაა - ასეა: ევროპისკენ მივილტვით და “ამ საქმეშიც” ევროპული მომსახურება მკვიდრდება... როგორც ჩანს, ჩვენებური სექსმუშაკები ეროვნული ვალუტის ბედს იზიარებენ...

ვაგზლის მოედანზე ვის აღარ ნახავთ - მძღოლებს, მოვაჭრეებს, უსაქმურებს, თაღლითებს... მოკლედ, აქ სრული ქაოსი და ყაყანია. აგერ, ორი მოვაჭრე  ჩხუბობს - ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ამკობენ... უცნობი ქალბატონი მიახლოვდება და მეკითხება, ბინას ხომ არ ეძებო.

- დიახ, როგორ მიხვდით? - ვპასუხობ.

- შემოგხედე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ღამის გასათევი გინდა...  

- ერთი ღამე რა დამიჯდება? - ვინტერესდები.

- არ მგონია, ბინა შენთვის გინდოდეს, - უკმეხად მპასუხობს უცნობი.  

- მართალი ხართ: ღამის გასათევს ახლობლისთვის ვეძებ.

- კარგი მაშინ... რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ უნდა ვიცოდე, რამდენი სულია და რა მიზნით უნდათ?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, გადამხდელია...

- აი, რატომ გკითხე, იცი? - მძღოლები მოდიან და საზიზღარი ბოზი ქალები მიჰყავთ... ერთი საათით უნდათ მარტო და ვერიდები მასეთების ბინაში შეშვებას - მერე, მეზობლები მემდურებიან. ბინები ჩემი არ გეგონოს - მაკლერი ვარ...  ფასები ყველანაირია, გააჩნია მდებარეობას და რემონტს.

- მაინც არ მეუბნებით, ბინის ერთი დღით დაქირავება რამდენი დამიჯდება?

- ყველაზე იაფი - 10 ლარი, თუ 1-2 საათით გჭირდება. ისე, მთელი ღამე 20-30 ლარი ღირს - ასეთი ბინა ბარაკული სტილისაა და პატარა ოთახია. ყველაზე ხშირად სოფლიდან ჩამოსული ვაჭრები ქირაობენ. ჰოდა, შეღავათს ვუწევ, რა ვქნა, აბა, - მეც კაპიკები მრჩება, თორემ ამ სიცივეში მთელი დღე აქ დგომა კი არ მეხალისება?

- ყველაზე კარგი ბინა რა ღირს?

- 50-70 ლარია, მაგრამ მაგის კლიენტები აქ არ მოდიან. ვისაც ფული აქვს და კომფორტი უნდა, სასტუმროში წავა... ისე, რას გაიგებ, ვის რისთვის სჭირდება ბინა - ზოგი არ მეუბნება... ამ ბოზ ქალებს უარს ვეუბნები - ათას კაცთან წვანან და სადაც მივლენ, იქ რამე ავადმყოფობას დატოვებენ, საშარო თავი არ მაქვს. არ მინდა, ვინმემ დამწყევლოს, ისედაც ჩემი გაჭირვება მყოფნის.

- კონკურენცია დიდია?

- კი... მე თუ კლიენტს ველაპარაკები, შეიძლება, უცებ სხვა მივარდეს და უთხრას, მე უფრო იაფად მოგაქირავებო. ამაზე ვბრაზდები... ხშირად ვჩხუბობთ კიდეც - რა წესია, კლიენტს რომ ცხვირწინ მაცლის? ჩვენთან უმეტესად ღარიბები მოდიან და წუწუნებენ, დაგვიკელითო. ეჰ, რამდენჯერმე შემცოდებია და ბინაში 10 ლარადაც გამიშვია... რაც დოლარის კურსმა მოიმატა, ბინებიც გაძვირდა... ახლა მითხარი, შენს ახლობელს როგორი ბინა უნდა, ოღონდ შენც სხვა მაკლერთან არ მიხვიდე - ამდენი ტყუილად ხომ არ გელაპარაკე?!

ენაწყლიან თანამოსაუბრეს ტელეფონის ნომერი გამოვართვი და დავპირდი, რომ აუცილებლად დავურეკავდი...