დაჩი ცაგურია სააკაშვილის შევარდნაძესთან დაპირისპირების პერიოდზე: მიშა მეუბნება, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა, თქვი, რომ სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა,

დაჩი ცაგურია სააკაშვილის შევარდნაძესთან დაპირისპირების პერიოდზე: მიშა მეუბნება, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა, თქვი, რომ სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, "დუბინკა" და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო

რომ გაიგო [სააკაშვილმა], რომ დამიჭირეს, მირეკავს: პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ უნდა შეგიყვანოთ იქ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. აქ რომ მოვედი, მგონი ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიშა[ სააკაშვილი], ვანო [მერაბიშვილი] და ადეიშვილი სხედან, აბა, რა მოხდა, როგორ დაგიჭირეს, პლენარული სხდომა რამდენიმე დღეშიაო,  -  ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მისი ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, უკვე ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა.

როგორც ცაგურიამ აღნიშნა, სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ "თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვიდოდა", ამიტომ, მისი დაკავება სხვაგვარად უნდა მოეყოლა და უნდა ეთქვა, თითქოს, მას მიტოვებული სახლის სარდაფში, ხელკეტით გაუპატიურებით და ვიდეოკამერით გადაღებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. 

"მოვუყევი, რომ დამიჭირეს, მე იმათ "დავახურე თავზე", ჩამომსვეს და წამოვედი უკან და მობილური, რომელიც ჩამომართვეს, უკან მომიტანეს-მეთქი. მიშა მეუბნება, დაჩი, ეგრე არ მოყვე, ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა და ადექი და თქვი, რომ წამიყვანეს, მიტოვებული აგარაკის სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, "დუბინკა", რომელსაც პრეზერვატივი წამოაცვეს და იღებდნენ და გეუბნებოდნენ, რომ გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიშა, სტუდენტი ვარ 19 თუ 20 წლის, რომ წარმოვიდგინე, ეს ისტორია უნდა მოვიგონო, ტყუილი და უბედურება უნდა მოვყვე. გავგიჟდი კინაღამ, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა ან როგორ მაკადრეთ, რომ მე ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს - ადეიშვილს, მერაბიშვილს და სააკაშვილს, "დავახურე თავზე" და წამოვედი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ." - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.