რას იზამს „ჯეოსელი“ თუკი „ტელიასონერა“ საქართველოდან წავა?

რას იზამს „ჯეოსელი“ თუკი „ტელიასონერა“ საქართველოდან წავა?

ფინურ-შვედური გიგანტი “ტელიასონერა”, რომელიც საქართველოში კომპანია „ჯეოსელის“ მფლობელია, საქართველოში დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს. ბოლო დროს კომპანიამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გული აიცრუა. „ჯეოსელში“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. საკუთრივ „ჯეოსელი“ კი კაპიტალდაბანდებებს არათუ ამცირებს, არამედ უფრო აგრესიულ ინვესტირებაზე გადავა.

2014 წელს „ტელიასონერას“ გაყიდვები საქართველოში შემცირდა. როგორც კომპანიის 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, 2013 წელთან შედარებით წმინდა გაყიდვები 4,5%ით არის შემცირებული. ირკვევა, რომ კომპანიის მომსახურების გადასახადებიც 8,9 პროცენტით შეუმცირდა. ამასთან, 2014 წლის განმავლობაში აბონენტთა რაოდენობა 285 ათასით არის გაზრდილი.

ამასთან ევრაზიაში მომგებიანობა მცირედით შემცირდა, რადგანაც გაიზარდა გაურკვევლობა ეკონომიკაში „ტელიასონერას“ საკვანძო ბაზრებში ყახაზეთსა და აზერბაიჯნაში. კომპანია რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესაძლო გავლენებზეც წერს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა, ასევე საერთაშორისო კონფლიქტებმა იმ ქვეყნებში სადაც ფინურ-შვედური კომპანიაა წარმოდგენილი, შესაძლოა, კომპანიის შემოსავლებზე იქონიოს გავლენა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ტელიასონერამ“ დსთ–ს ქვეყნებში წარუმატებელი ოპერაციების გამო 230 მილიონი დოლარის აქტივების ღირებულების ჩამოწერა მოახდინა, მათ შორის, 180 მილიონი დოლარის ჩამოწერა განხორციელდა საქართველოში Geocell–ის, ტაჯიკეთში Tcell–ისა და მოლდოვაში Moldcel–ის აქტივების გადაფასების გამო. როგორც „ტელიასონერაში“ განმარტავენ, ამ სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური გაურკვევლობა გახდა მათთან დაკავშირებული გრძელვადიანი სტრატეგიის გადახედვის მიზეზი.

ამასთან, შვედურ–ფინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მომავალ წლიურ ანგარიშში 275 მილიონი დოლარის ჩამოწერას გეგმავენ. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.

როგორ იმოქმედებს „ტელიასონერას“ მიერ აქტივების ჩამოწერა, „ჯეოსელის“ კომერციულ საქმიანობაზე საქართველოში და რაიმე ხომ არ შეიცვლება, მეოთხე თაობის ინტერნეტის გაშვების გეგმებთან დაკავშირებით?

„კომერსანტის“ ინფორმაციით, „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი „ტელიასონერას“ ბაზრიდან გასვლას უარყოფს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ საქართველოში, ტაჯიკეთსა და მოლდოვაში საკუთარი ანგარიშების ბუღალტრული კორექტირება მოახდინა. მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ „ჯეოსელი“ კაპიტალდაბანდებებს კი არ ამცირებს, არამედ უფრო აგრესიულ ინვესტირებაზე გადავა.

„2015 წლიდან „ჯეოსელმა“ უკვე დაიწყო ქსელის მოდერნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც გაორმაგდება ქსელის გამტარუნარიანობა და გაიზრდება დაფარვის ზონა ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში. კომპანიის ქსელში უახლოესი 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 5-ჯერ გადააჭარბებს აქამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ხსენებული ინვესტიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მე-4 თაობის ტექნოლოგიის დანერგვას მოხმარდება. სწორედ აქედან გამომდინარე უახლოეს მომავალში ჯეოსელი მომხმარებლებს შესთავაზებს LTE ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ უსწრაფეს ინტერნეტ მომსახურებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. 4G-ს ტექნოლოგიის დანერგვის უფლება საქართველოში მოქმედ სამივე მობილურ კომპანიას აქვს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ „მაგთი“ შესთავაზებს მომხმარებელს ახალ სისტემას. 1-ლი თებერვლიდან „მაგთის“ აბონენტებს უკვე შეეძლებათ მეოთხე თაობის ინტენტეტით სარგებლობა, რომელიც მე-3 თაობის სიჩქარეს 7-ჯერ აღემატება.