[ეკა ბაქრაძე]
ბოლო დროს სომხები საქართველოს ეკონომიკური პროცესებით გადამეტებულად ინტერესდებიან. მათი დაინტერესება, ძირითადად, გამოიხატება სხვადასხვა გამოცემებში ჟურნალისტური მასალების ბეჭდვით.
სომხეთის რესპუბლიკის შირაქის რაიონული მიგრაციული საინფორმაციო ცენტრში ამტკიცებენ, რომ სომეხი ბიზნესის ნაწილი სამშობლოში გადარჩენის საშუალებას ვერ ხედავს და ქვეყანას ტოვებს. მათი თქმით, ზოგჯერ ბიზნესმენები საქართველოში მიდიან.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეროვნული ცენტრის გიუმრის ფილიალში ასევე ადასტურებენ, რომ სიტუაცია რთულია და ბევრმა მეწარმემ ქვეყანა დატოვა.
„ბევრი საუბრობს საქართველოზე, მოჰყავთ ამ ქვეყნის მაგალითი და შეშფოთებულნი არიან იმ რთული მდგომარეობით, რომელიც ჩვენთანაა. არ ვიცი, რა პირობებია საქართველოში, შესაძლოა, საგადასახადო პოლიტიკა რბილია, მაგრამ ჩვენთან საბანკო კრედიტების გაცემა გამარტივებულია, სესხის აღება ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია. სხვა საკითხია, რომ ბევრ არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან პროცენტები მაღალია, თუმცა თავად სესხის აღება მარტივია“, - განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა არტურ ზაქარიანმა.
მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ სომხეთში საგადასახადო ტვირთი მძიმეა.
ერთის მხრივ, სომხები ბოლო რამდენიმე კვირაა იმას ამტკიცებენ, რომ მათი ბიზნესმენები საქართველოში გამორბიან და საქმიანობას აქ იწყებენ, მეორე მხრივ კი თურქეთის მხრიდან ინვესტიციურ შეტევაზე საუბრობენ. მათი აზრით, თურქეთის ეკონომიკამ საქართველოს ეკონომიკა „შეჭამა“ და ამის ნათელი მაგალითი აჭარაა.
რთულია დასკვნა გამოიტანო რატომ აშფოთებს სომხებს თურქული კაპიტალის მოჭარბება საქართველოში. მართალია, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისადმი მტრულად არის განწყობილი, მაგრამ ამ კონტესტში საქართველოს ეკონომიკა რატომ გახდა განხილვის საგანი, ძნელი სათქმელია.
„თურქულმა ინვესტიციებმა აჭარა დაიპყრეს და საქართველოს ეკონომიკა გაანადგურეს“ - ასეთი სათაურით მასალას ვებ-გვერდი „პანარმენიან.ნეტ“ აქვეყნებს. გამოცემა აქცენტენს ყარსის ხელშეკრულებაზე აკეთებს და საქართველოში თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე საუბრობს. იქვე აღნიშნულია, რომ თუ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნება ეს „ოსმალეთის იმპერიის“ აღდგენის ტოლფასი იქნება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 1921 წელს გაფორმებული „ყარსის ხელშეკრულება“ იყო დარტყმა, არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიისიაზე და კერძოდ, საქართველოზე. ხელშეკრულებაში სომხეთის მიწების გაყოფის გარდა, ასევე იყო მუხლი აჭარის სადავო ტერიტორიებზე.
„ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი და თურქეთი, საქართველოს შემადგენლობაში აჭარის სუვერენიტეტის გარანტორები, არიან. თურქეთმა აჭარაზე უფლებების უარის სანაცვლოდ მიიღო უფლება ბათუმის პორტის გადასახადების გარეშე გამოყენებაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ „ყარსის ხელშეკრულკების“ თანახმად, ბათუმის პორტი უნდა ყოფილიყო თავისუფალი ზონა საქართველოსთვის, რუსეთისთვის, აზერბაიჯანისათვის, სომხეთისა და თურქეთისათვის. თუმცა სსრკ-მა თურქეთთან საზღვარი ჩაკეტა, შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში არ შესულა და ბათუმი თავისუფალი ქალაქი არ გამხდარა. 1992 წელს საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა ყარსის ხელშეკრულება და ის უვადო დროით გააგრძელა.
„პანარმენიან.ნეტ“-ის მიმოხილველთა აზრით, „ყარსის ხელშეკრულება“ აჭარას გარანტიას ანიჭებს სტატუსისა და რელიგიის საკითხში, თუმცა იგი არ მუშაობს.
„როგორც პრაქტიკამ აჩვენა 2008 წლის აგვისტოში თურქეთმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები და იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ჯარები 100 კილომეტრით მიაუხლოვდებოდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, თურქეთის არმია მზად იყო საქართველოს ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შესაქმნელად, შემოჭრილიყო. ამ დროს თურქული მხარე ხელმძღვანელობდა არა „ყარსის ხელშეკრულებით“, არამედ ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსით.
„თუ რა შედეგი მოუტანა თურქეთთან საზღვის გახსნამ, ამას საქართველო უკვე მიხვდა და სომხეთმა მხოლოდ უნდა შეხედოს თუ რა სჭირს საქართველოს ეკონომიკას. უფრო სწორედ, ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს და ქართული ბაზარი სრულად აქვთ მოცული თურქულ კომპანიებს“, - წერს გამოცემა და მაგალითისათვის მოჰყავს აჭარის რეგიონი.