[რეზონანსი]
ტანსაცმლის ბიზნესში არასახარბიელო მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრებში ფასდაკლებები და სხვა წამახალისებელი აქციები აქტიურად მიმდინარეობდა, ვითარება არ გაუმჯობესებულა. მეტიც, ზამთრის სეზონის რეალიზაციამ აჩვენა, რომ ქართველი მომხმარებელი პასიური გახდა. წინა სეზონთან შედარებით, გაყიდვის მაჩვენებელი დედაქალაქის მაღაზიებში 20-25 პროცენტით ნაკლებია. თუმცა, ტანსაცმლის ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი ნეგატიურ ვითარებაზე საუბარს ერიდება და არსებულ სიტუაციას „სტაბილურად“ აფასებს.
ფაქტი, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულ რომელიმე სავაჭრო ცენტრში ტანსაცმლის გაყიდვის ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირებულიყო, არ მოგვეპოვება. მაღაზიების მენეჯერები და სხვა თანამშრომლები მარტივად განმარტავენ, რომ ხალხს ფული არ აქვს და ტანსაცმლის შეძენას ვერ ახერხებს.
მომხმარებელი თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში ერთნაირად პასიურობს. იმას, რასაც მაღაზიის მენეჯერი ან სხვა წარმომადგენელი საშუალო და ხელმისაწვდომ ფასს უწოდებს, მომხმარებელთა უმეტესობისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ, მათი უმეტესობა არჩევანს ისევ ბაზრობებზე აკეთებს, საკმაოდ ხშირად, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებზეც, სადაც ხარისხში არავინ ატყუებთ და წარმოდგენილი ფასიც მისაღებია.
ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიასა და ბუტიკში აცხადებენ, რომ გაყიდვების მოცულობამ მნიშვნელოვნად იკლო და ამ ბიზნესში ზოგადად ცუდი სიტუაციაა.
„შეიძლება ითქვას, პროდუქციის რეალიზაცია შეჩერებულია. მომხმარებლის აქტიურობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა საფინანსო კრიზისმა. სხვა მიზეზს, თუ რატომ არის ტანსაცმელი ასე ცუდად გაყიდვადი, ვერ ვხედავ. ზამთრის კოლექციის რეალიზაცია თითქმის ჩაგვივარდა. როგორც ჩანს, ხალხს ფული არ აქვს და ტანსაცმლის ყიდვას ფასდაკლების შემთხვევაშიც ვერ ახერხებს.
დაბალი გაყიდვების გამო ფასი დავწიეთ. ტანსაცმელს 20-40 ლარის ფარგლებში ვყიდით, მაგრამ მყიდველი მაინც ვერ მოვიზიდეთ. ასეთი სიტუაცია აქამდე არ გვქონია. არ ვიცი, მომავალში რა გზას დავადგეთ, ასე თუ გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება. ზამთრის კოლექციის ჩავარდნის შემდეგ საგაზაფხულო ტანსაცმელი არ შემოგვიტანია, ამოყიდვაზე ვმუშაობთ. ისედაც მინიმალური ფასებია, თვითღირებულებაზე დაბლა ვერ ჩამოვალთ, მომხმარებელი კი ძალიან ფრთხილია, ალბათ, ეს დროებითია და ვითარება გამოსწორდება“, -ამბობს მაღაზია „ანინას“ თანამშრომელი.
„გვაქვს ევროპული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საკმაოდ მაღალი ხარისხია და ხელმისაწვდომი ფასი, თუმცა მაინც ცუდად იყიდება. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობა გაგვინახევრდა. მდგომარეობის გამოსწორებას ჯერ არ ვვარაუდობთ.
როგორც წესი, სეზონი მთავრდება ფასდაკლებით. გარკვეულწილად, ამით გაყიდვების სტიმულირებას ვახდენთ. ამ დროისთვის 50%-იანი ფასდაკლება გამოვაცხადეთ, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია. ადრე ფასდაკლებით მდგომარეობის გამოსწორებას მცირედით მაინც ვახერხებდით. წლევანდელი საზამთრო კოლექციის დიდი ნაწილი შემდეგი სეზონისთვის გადავინახეთ და მომავალ სეზონზე, ახალ კოლექციასთან ერთად გავყიდით“, - აცხადებს ვაკეში მდებარე ერთ-ერთი ბუტიკის თანამშრომელი.
აზიური ტანსაცმლის მაღაზიაში აცხადებენ, რომ სეზონის ბოლოს 50-პროცენტიანი ფასდაკლება გამოცხადდა, თუმცა გაყიდვის სტიმულირება მაინც ვერ მოხერხდა. მაღაზიის თანამშრომლის თქმით, გასულ წელს ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო. ამ ეტაპზე კლება 20-25 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება.
„საერთოდ, აზიური ნაწარმი, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ყველაზე ხელმისაწვდომია. ამიტომ მომხმარებელი ნებისმიერ პერიოდში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკმაოდ გვყავდა. წლეულს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მყიდველიც იშვიათად შემოდიოდა მაღაზიაში. ფასდაკლება 50 პროცენტამდე გამოვაცხადეთ. განახევრებული ღირებულების მიუხედავად, რეალიზაცია არ გაუმჯობესებულა.
პრობლემები შარშანაც გვქონდა, მაგრამ ახლანდელზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად იყო. დღესდღეობით მოსახლეობსითვის ყველაზე მთავარი ყოფითი პრობლემების მოგვარებაა. ასეთ სიტუაციაში ფასდაკლებასაც არავინ დაგიდევს, რა აქციაც არ უნდა ჩატარდეს, ხალხის მკვეთრად გააქტიურებას, ზოგადად ეკონომიკური ფონი თუ არ შეიცვალა, არ ველით. ამჟამინდელი ვითარება კი სანუგეშო არ არის.
მდგომარეობის გამოსწორებას საგაზაფხულო კოლექციის რეალიზაციით ვგეგმავთ. იმედია, ახალი სეზონი მყიდველს გამოაცოცხლებს“, - ამბობს ცისანა წულუკიძე, აზიური ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერი.
ტანსაცმლის ზამთრის კოლექციის რეალიზაციას დედაქალაქის ზოგიერთ მაღაზიაში „ნორმალურ სიტუაციად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ სტაბილურობის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ. მაღაზიების ამ ნაწილში გაყიდვების მატებაზე საუბარს ზედმეტად მიიჩნევენ, თუმცა არც კლებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ფასდაკლების გამო, მდგომარეობა არ გართულებულა.
„ნორმალური სიტუაციაა, გაყიდვის მაჩვენებელი შევინარჩუნეთ. მყიდველი განსაკუთრებით სეზონის ბოლოს გააქტიურდა, რასაც წამახალისებელმა აქციამ შეუწყო ხელი. ზამთრის ტანსაცმელზე ფასდაკლება 20-70 პროცენტის ფარგლებში დავაწესეთ. ტრადიციულად ასეა ყველა სეზონზე. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სტაბილურობის შენარჩუნებაში გვეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, მეტი პრობლემები გვექნებოდა. მომხმარებელი აქტიური განსაკუთრებით ზამთრის ბოლოს იყო“, - ამბობს მაღაზია „კოლინსის“ კონსულტანტი.
„ზამთრის კოლექციის რეალიზაციაში პრობლემები არ გვქონია. საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს, რამაც გაყიდვას ხელი შეუწყო. საერთო ჯამში, ვითარება ნორმალურია, კლება არ გვქონია, თუმცა არც ზრდა დაფიქსირებულა. სეზონურად ფასდაკლებებსაც ვაწესებთ, გარკვეულწილად, ესეც გვეხმარება“, - აცხადებს „თამუნა ინგოროყვას მოდის სახლის“ თანამშრომელი.