,,ვადამდელ არჩევნებს, მე, პირადად, არ ვისურვებდი. ძალიან მინდა, კანონის ფარგლებში ცხოვრებას მივეჩვიოთ, კონსტიტუციას მოვუსმინოთ და ა.შ. არ ვისურვებდი და ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ. თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ამის აუცილებლობა დადგება, ამაში არაფერი კატასტროფა არ არის. თუმცა ეს კარგი არ იქნება და ჯობია, ყველაფერი კონსტიტუციურად განვითარდეს', - ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება ორ დღის წინ, ტელეეთერში იმ ჭორების პასუხად გააკეთა, რაც ვადამდელი არჩევნების თემაზე, სულ ცოტა, ერთი წელია ისმის.
კოალიციიდან ერთი სუბიექტის გასვლა, ბიუჯეტის ჩაგდება- არჩაგდება, მუდმივი როტაცია თუ სკანდალები მინისტრთა კაბინეტში და ხმები, რომ პრემიერს ვიღაცები ებრძვიან - ამ ყველაფრის გამოყენება ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ნებისმიერ დროს შეიძლება. თუმცა ერთიცაა - ვის აწყობს დღეს ვადამდელი არჩევნები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, საარჩევნო კოდექსი, პატარა ცვლილებების მიუხედავად, მთლიანად მმართველ გუნდზეა მორგებული. თუ ამას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სოლიდურ რიცხვსა და ადმინისტრაციულ რესურსებსაც დავუმატებთ, ხელისუფლება არჩევნებზე 20-30%-იან გარანტირებულ ფორას იღებს. შესაბამისად, ხელისუფლებას თამაშის ეს წესი და ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ დროს, სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტად აწყობს. რიგგარეშე არჩევნები, ასევე, იმ ძალებს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებსაც შეიძლება აწყობდეთ, ვისაც მმართველი გუნდისგან რაღაც გარანტიები აქვს. თუმცა ხელისუფლებისგან აღებული გარანტია მეტისმეტად პირობითი რამაა. არჩევნები კი ყველაზე მეტად ხელისუფლების ,,მტრებს', უფულოებს და ურეიტინგოებს არ აწყობთ - ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ასეთებიც მოიძებნებიან. გარდა ამისა, უკვე ხმები არათუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, არამედ ჩატარების თარიღზეც კი ვრცელდება და ორი ასეთი ვერსია გვესმის: არჩევნები დაინიშნება შემოდგომაზე, გადანაწილება კი ასეთი იქნება - რესპუბლიკელები, ალასანია და ალბათ, ნაციონალებიც, საარჩევნო ბლოკის სახით, ხოლო ,,.ოცნება' ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, ფორუმის გარეშე გამოიყვანს. მეორე ვერსიით კი რიგგარეშე არჩევნები მაისის ბოლოს გველის, ზუსტად იმ გადანაწილებით, რაც ახლა გვაქვს, ოღონდ ,,ოცნების' ოპოზიციად ინაშვილი- ბურჯანაძე არ უნდა მოვიაზროთო. თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ,,ვერსია' დაუკავშირდა, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული სწორედ ის არის, ვინც ვადამდელ არჩევნებს თავგადაკლული ითხოვს. ლუსტრირებისთვის, ალბათ, ეს საუკეთესო მეთოდი არ არის, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს. უმთავრესი ამ ამბავში კი ისაა, რომ არც სიები დაზუსტებულა, არც ცესკო- ს დაკომპლექტების წესი შეცვლილა, არც საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე ფიქრი დაუწყია ვინმეს, არც ხელისუფლება და ოპოზიცია შეხვედრია ერთმანეთს პარტიების თანაბრობის პრინციპზე შესათანხმებლად და ზოგადად, არაფერი შეცვლილა საიმისოდ, რომ თუნდაც ხვალვე დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებს განსხვავებული შედეგი მოჰყვეს. ,,ვერსია' ყველა პარტიის წარმომადგენლის პოზიციას გთავაზობთ კითხვებზე: გინდათ თუ არა ვადამდელი არჩევნები, მზად ხართ თუ არა ამისთვის ფინანსურად და სტრუქტურულად და ვის აწყობს დღეს რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში.
გოჩა ჯოჯუა, ქრისტიან- დემოკრატები: ,,ვადამდელ არჩევნებს ჩვენ არც ვითხოვთ, ეს ყველაფერი დიდი სისულელეა. ახლა მთავარია, საარჩევნო სისტემა მაინც შევცვალოთ, რადგან ისევ ,,ოცნებასა' და ნაციონალებს აქვთ არჩევნების ჩატარების მატერიალური შესაძლებლობა. არ მინდა, პოლიტიკაში იგივე ადამიანები დარჩნენ. უბრალოდ, ამას ვადამდელი არჩევნებით ნამდვილად ვერ მივაღწევთ. სინამდვილეში, ვადამდელი არჩევნებიც რევოლუციური სცენარია, რომლის დროსაც ხელისუფლებაში ისევ ავანტიურისტები მოდიან. აჯობებს, 2016 წლამდე მივიდეთ და ამ ხნის განმავლობაში ყველამ თავისი რეალური სახე გამოავლინოს. მოდი, იმასაც შევხედოთ, ვინ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს: ისევ და ისევ ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილი და ჯონდი ბაღათურია. ხოლო ეს სამივე, სინამდვილეში, ერთი ძალაა და ყველას რაღაც კავშირები და გარანტიები აქვს ხელისუფლებისგან'.
ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეები: ,,ჯერ ერთი, ისედაც სულ საარჩევნო რეჟიმში ვართ, საარჩევნო კოდექსი და გარემო კი, ხელისუფლებების ცვლათა მიუხედავად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საარჩევნო ცვლილებები საკონსტიტუციო უმრავლესობას საჭიროებს. აქ ნაციონალების ხმები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს და ამ საკითხის გარშემო არც მათთან თანამშრომლობაზე ვიტყვით უარს. დღეს სხვებთან ჩხუბი და კამათი ჰაერში მუშტების ქნევას ჰგავს; თანაც, თუ საარჩევნო გარემო არ მოწესრიგდა, ვადამდელი არჩევნები გინდ ჩაგვიტარებია, გინდ არა - იგივე გადანაწილებას მივიღებთ'.
ზურაბ ხარატიშვილი, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის: ,,არჩევნების ჩატარებისას, ნებისმიერი ხელისუფლება თავს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რადგან თავად სისტემაა ასეთი. ეს ცალსახაა. მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ეს მსჯელობის საგანია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას, ზოგადად, ალტერნატივა არ აქვს, თუ საქმე ისეთ პროცესთან არ გვაქვს, რაც პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს სცილდება. ვიდრე პარტიები თანაბარ მდგომარეობაში არ ჩადგებიან, მანამ ვადამდელ არჩევნებს არც ვითხოვთ და აზრს ვერც მის ჩატარებაში ვხედავთ, რადგან ხელისუფლებას კვლავ რჩება დაუმსახურებელი უპირატესობა: საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი, ცესკოს დაკომპლექტების წესი, ადმინისტრაციული რესურსებისა და შეუზღუდავი ზედა ჭერის გამოყენების წესი და ა.შ.'
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: ,,დროებით პაუზა გვაქვს აღებული და კომენტარს არ ვაკეთებთ.'
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია: ,,ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია და მთავრობა ამ გამოწვევების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ,,ოცნების' რეიტინგიცა და დაპირებებიც იმსხვრევა და სიტუაცია ყველა მიმართულებით უარესდება, შესაძლოა, ცოტა ხანში სოციალური ბუნტიც მივიღოთ, ამიტომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია. ოღონდ ჯერ დრაკონული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, თორემ, გნებავთ, რიგითი არჩევნები ჩატარდეს, გნებავთ მორიგი, შედეგი მაინც გაყალბდება! ასე შეიძლება საერთო- სახალხო მღელვარებამდეც მივიდეთ. ვადამდელი არჩევნები იმისთვის უნდა ჩატარდეს, რომ ეს ბანდა, კასტა და მილიარდერთა კლუბი შეიცვალოს. თუმცა ჯერ დათვი არ მოუკლავთ, მის ტყავს ინაწილებდნენო, ასე რომ არ გამოგვივიდეს, დრაკონული საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა დაიწყოთ. თორემ ყველაფერი ისე მძიმედ დასრულდება, აღარც საარჩევნო კოდექსი უშველით, აღარც მილიარდები'.
გიორგი ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატები: ,,ეჭვი მეპარება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, კალენდარს თუ ჩავხედავთ, საარჩევნო სამზადისი ისედაც მოახლოებულია. საერთოდ, საარჩევნო ციკლს უნდა მივყვეთ, ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. თუ არჩევნები მაინც ჩატარდება, პარტია მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, გქონდეს პარტია და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. აბა, როგორ უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში, მაიმუნობით, მაგიდებზე სირბილითა და ხალხის ხოცვა- ჟლეტით? საუკეთესო მაგალითი 2012 წელი იყო, როცა არსებობდა წინაპირობა, საერთო- სახალხო აღშფოთების შედეგად ნაციონალები წაგველეკა, მაგრამ ასე არ მოხდა და ასეც უნდა გაგრძელდეს. ასევე, მინდა ერთი რჩევა მივცე პარტიებს, რომელთა შესახებ არსებობს აზრი, რომ ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულნი: გარანტიების მიღება ნებისმიერი მთავრობისგან უმადური საქმეა, რადგან ,,გადაგდებული' და ,,გადაყირავებული' ბევრი მინახავს. ასე რომ, დაანებეთ თავი ხელისუფლებასთან საუბარს და თქვენს საქმეს მიხედეთ. ჩვენც ჩვენს საქმეს მივხედავთ, გავაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს და მოვემზადებით არჩევნებისთვის, რომელიც ისედაც კარსაა მომდგარი'.
მამუკა გამყრელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ივერია': (საუბარია, რომ შემოდგომაზე, ორგანიზაციის ბაზაზე პარტიის დაფუძნება იგეგმება) ,,ჩვენ პოლიტიკური ძალა არ ვართ და არჩევნებში მონაწილეობას, მით უმეტეს, მცირე ვადებში, ვერ მივიღებთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ვერც ეკონომიკურ კოლაფსს უშველის და ვერც დაღმასვლას შეაჩერებს. ამით ,,ოცნებამ', შესაძლოა, აგონია გაიხანგრძლივოს, თუმცა ეს მცდელობაც კრახით დასრულდება. კიდევ უფრო საშიშად ის მიმაჩნია, ასეთი უცაბედი არჩევნების შედეგად, 15-20%-ით პარლამენტში ინაშვილი- ბურჯანაძის ძალები არ შევიდნენ, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ თავად აფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ ყველანი რუსეთში მივდივართ. გარდა ამისა, რიგგარეშე არჩევნების მიზანი ისიცაა, ოპოზიციამ მომზადება ვერ მოასწროს, ხელისუფლებას კი ადმინისტრაციული რესურსების უკეთ გამოყენების შანსი ახლა უფრო აქვს, ვიდრე 2016-ში შეიძლება ჰქონდეს. თანაც, ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად მიზეზიც უნდა არსებობდეს, რაც, ალბათ, თითიდან გამოწოვილი იქნება. ეს ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები არა პარლამენტში, კანცელარიასა და პრეზიდენტის სასახლეში, არამედ სადღაც სხვაგან, მთაწმინდაზე გადაწყდა. თუ ქვეყანა მთაწმინდიდან იმართება, ესეც ღიად უნდა გაცხადდეს'.
დავით დარჩიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა: ,,ბიძინა ივანიშვილს დღეში 9 პარასკევი აქვს, ამიტომ დიდად არც მისი განცხადებების მჯერა. იგი ხან პრემიერია, ხან არა, ხან სამოქალაქო პირია, ხან პოლიტიკოსი. თავად კოალიციაა საკმაოდ დაბნეული, მოუმზადებელი, მაგრამ ნელ-ნელა ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადადის და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შემდეგ ვადამდელი არჩევნების საკითხიც დგება დღის წესრიგში. მგონი, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ,,ოცნება' გრძნობს, როგორ იკლებს მისი რეიტინგი, რეალურია. 2016 წლამდე კი იგი, შესაძლოა, ნულამდე ჩამოვიდეს, ამიტომ ალბათ, კიდევ 4 წელი უნდა გაინაღდოს. საარჩევნო რეფორმის დახვეწასთან ერთად, რაც უნდათ, ის გააკეთონ. რაც შეეხება საუბრებს იმის შესახებ, რომ პარლამენტში ნაციონალები ,,შევიწროვდებიან' და დაბალი პროცენტი ექნებათ, ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია. არც ერთ ქვეყანაში არჩევნებს რეიტინგის მიხედვით არ ზომავენ. რაც შეეხება იმ ვითომ ოპოზიციას, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ისინი პირადად ბიძინა ივანიშვილთან არიან გადანასკვულნი და ურჩევნიათ, საკუთარ პარტიებს მიხედონ.'
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: ,,მას მერე, რაც ხელისუფლებაში ,,ოცნება' მოვიდა, საჯაროდ ვამბობთ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გვინდა. ახლაც ამის მომხრე ვართ, იმის მიუხედავად, რომ 2016 წლამდე ისედაც ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვადამდელი არჩევნების მიზანია, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტი შევიწროვდეს, ასევე, დაპატარავდეს ,,ოცნების' კოალიციაც, რადგან დღეს პარლამენტი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს. ასეთი პარლამენტი კი უნდა შეიცვალოს! ისიც მესმის, რომ ახლა ამისთვის არცერთი ოპოზიციური პარტია არაა მზად, არჩევნების დანიშვნამდე კი საკანონმდებლო ცვლილებები, საარჩევნო სიების დაზუსტება და აღწერის მონაცემების დროულად გასაჯაროებაა საჭირო. თორემ ამ კანონითა და სიებით არჩევნების ჩატარებას რა აზრი აქვს?! აქამდე ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო საარჩევნო სიებს მაინც დააზუსტებდა, თუმცა ვიცი, ,,ოცნებას' ამის მცდელობა სწორედ ახლა აქვს. ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები რომ გამოაცხადოს, ეს ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება. ჩვენ მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ. ზუსტად ამ სიებისა და კანონის პირობებში მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბარიერი გადავლახეთ'.
ჯონდი ბაღათურია, ,,ქართული დასი': ,,ვადამდელი არჩევნები საჭირო რომაა, ამას უკვე 2 წელია ვამბობთ. ეს პარლამენტი ხალხის ნებას არ გამოხატავს. თუმცა მანამდე ცვლილებები საარჩევნო სიებში, კოდექსსა და ცესკოს დაკომპლექტების წესშია საჭირო. ოპოზიცია და მთავრობა უნდა შეთანხმდეს და თუ ,,ოცნება' მოინდომებს, დარწმუნებული ვარ, 1 თვეში ამის მოგვარებაც შეიძლება. სტრუქტურულად, ჩვენ სულ მზად ვართ არჩევნებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვალა, არც ჩემი გეგმების გამხელას ვაპირებ ,,ოცნებისთვის'. წინასწარ რატომ უნდა ვუთხრათ, ადგნენ და ინერვიულონ, რას იზამს ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, თან, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან სხვა პარტიები და როგორი იქნება მოცემულობა. ქვეყანაში პოლიტიკური კოლაფსია, მოსახლეობას ეს პარლამენტი არ უნდა, რეალურად, საკონსტიტუციო გადატრიალების ზღვარზე ვართ. შესაძლოა, ყველაფერი არასახარბიელოდ დასრულდეს და ეს მთავრობა იმდენს იზამს, ხალხი ქუჩაში გამოვა, შენობებში შეუვარდება და ხელისუფლებას, თავის ნაშებთან ერთად, გამოათრევს კაბინეტებიდან'.
გიგლა ბარამიძე, დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის: ,,ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლების მოსვლის დღიდან ვითხოვთ. ,,ოცნებამ' ისტორიული ძეგლების აფეთქებით დაიწყო და ადამიანების აფეთქებით დაასრულა. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაცვლელად, პარლამენტის შეცვლაა საჭირო, ამიტომაა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რაც ქუჩის აქციებსა და რევოლუციებს ჯობია. ამიტომ დიდი ხანია, ამ საკითხს ვაყენებთ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ არჩევნები ჩაატაროს და საარჩევნო კანონი შეცვალოს. ახლაც, ახალქალაქიდან მოვდივარ, მხარდამჭერებს შევხვდით, უკვე ვმოქმედებთ, სამხრეთ საქართველოში ბევრგან ოფისები გავხსენით, ხალხს ვხვდებით, პარტიაში მხარდამჭერებს ვაწევრიანებთ და ა.შ. ფინანსურად ცოტას მოვიკოჭლებთ, მაგრამ, რადგან დაფინანსება მივიღეთ ხელისუფლებისგან, დაახლოებით 980 000, ეს იმის საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წარმომადგენლები კომისიაში გვყავდეს და ცოტა მოვმძლავრდეთ. დიახ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია აუცილებელი. ამისთვის კანონის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, მოვუწოდებთ, ვმოქმედებთ. ხალხი უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობს. თუ საჭიროა, კანონის ფარგლებში, მიტინგებსაც ჩავატარებთ, რუსთაველზეც გამოვალთ და ვადამდელს ისე მოვითხოვთ'.