„ჯერჯერობით უფრო მასშტაბურად საბითუმო ბაზარზე ვბრუნდებით. უკვე განვახორციელეთ დიზელის საწვავის იმპორტი. ვგეგმავთ ბენზინის იმპორტსაც. ამავე დროს, ერთი ავტოგასამართი სადგური ბათუმში შევიძინეთ და მეორე ქუთაისში იჯარით ავიღეთ. ეს არის პირველი ნაბიჯები საცალო ბაზარზე გასასვლელად. ასევე, ვგეგმავთ იმ აქტივების დაბრუნებას, რომლებიც დავით კეზერაშვილმა მიითვისა და „გალფის“ საკუთრებაშია. ამ საკითხზე პირველი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს არის ჩანიშნული,“- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.
კომპანია ჯერ კიდევ 1996 წელს დაარსდა და წარმატებით ვითარდებოდა 2011 წლამდე - იმ დრომდე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ინტერესის ქვეშ არ მოექცა.
„2010 წლის ბოლოს იყო ,მათი მხრიდან პირველი მუქარა და მოთხოვნა, რომ ჩვენი ქსელი საკუთრებაში მიეღოთ, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე, - 2011 წელს უკვე კეზერაშვილმა ჩვენი კომპანიის ქონება იძულებით გადაიფორმა და ჩვენმა გასამართმა სადგურებმა „გალფის“ ბრენდის ქვეშ დაიწყო ოპერირება. რაც შეეხება ავტოგასამართი სადგურების რაოდენობას, ჩვენ იმ პერიოდში 50 ავტოგასამართი სადგურით ვოპერირებით - 43 საკუთრებაში და 7 ხანგრძლივვადიანი იჯარით გვქონდა აღებული ."
კოპანიის კიდევ ერთი დამფუძნებლის დავით მიმინიშვილის თქმით, მუქარა და შანტაჟი უშუალოდ კომპანიის მფლობელებზე ხორციელდებოდა. კეზერაშვილის მოთხოვნა იყო, რომ „სენტა პეტროლიუმი " მფლობელობაში მიზერულ თანხად მიეღო. უარის თქმის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლებს პატიმრობით ემუქრებოდნენ, ციხიდან კი მათ უკვე უსასყიდლოდ მოუწევდათ ქონების დათმობა. გადაწყვეტილება მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან იყო შეთანხმებული.
„ იძულებითი გადაწყვეტილება მივიღეთ და 60-მილიონიანი კომპანია კეზერაშვილმა 22 მილიონად დაგვათმობინა . ეს თანხმა მას ერთი თვის განმავლობაში უნდა დაეფარა, თუმცა, დაახლოებით, წელიწადნახევარი იხდიდა ისევ „სენტა პეტროლიუმის" მოგებიდან. კომპანია, რომელიც წარმატებულია, რატომ უნდა მიგვეყიდა ვინმესთვის ასეთ ფასად? ამ 22 მილიონიდან დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს და სხვა ხარჯებს მოხმარდა. ჩვენ მხოლოდ 6 მილიონი დაგვრჩა - თუმცა, დაგვრჩა ხმამაღალი ნათქვამია: მე და ჩემს პარტნიორს ფულის გათეთრებაში დაგვდეს ბრალი და გლდანის ციხეში მოგვათავსეს. 15-წლიანი პატიმრობა გვემუქრებოდა. ციხეში ღამით ჩვენთან პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ და გირაოს სახით 4 მილიონი ლარის გადახდა მოგვთხოვეს, თან უნდა მიგვეცა პირობა, რომ ბიზნესში არასდროს დავბრუნდებოდით,"- დავით მიმინოშვილს დღესაც უჭირს იმ მძიმე დღეების გახსენება.
გირაოს სახით გადახდილ თანხას 2 მილიონ ლარად ახალციხის ერთ-ერთ სოფელში 120 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის იძულებით შეძენაც მოჰყვა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, კომპანიის წართმევის ასეთი სქემის მსხვერპლი, მათ გარდა, კიდევ ბევრი ბიზნესმენი აღმოჩნდა.
„მთლიანად გაგვძარცვეს, გამოსავალი აღარ არსებობდა. ამ დროს გაიმართა არჩევნები და ის ხელისუფლება, საბედნიეროდ, შეიცვალა, სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იმედი, რომ სამართლიანობის აღდგენას შევძლებდით," - ამბობს დავით მიმინოშვილი.
„ შევიტანეთ სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ მთავარი პროკუროროს მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გააჩერა და თაროზე შემოდო. ამ ფაქტზე კეზერაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. პროკურატურაში განხორციელებული ცვილებების შემდეგ დაგვპირდნენ, რომ საქმეს ხელახლა დაუბრუნდებიან. ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალი მოხსნა, გავმართლდით და გირაოც ორ კვირაში დაგვიბრუნდა , ეს იყო პირველი წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სამართლიანობის აღდგენის მაგალითი."
მიუხედავად რთული პერიოდისა, კომპანია უკვე დაბრუნდა ბაზარზე.
პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია და უმრავლესობის ლოდერი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიამ „სენტას“ სამართლიანობის აღდგენა მიულოცა და ის წლები გაიხსენა, როცა კომპანიებს წარმატებას არ პატიობდნენ: “ამ პეზენტაციაზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება დიდი შრომის წაყლობით კომპანიამ ნულიდან დაიწოს ყველაფერი და მიაღწიოს წარმატებას. ყველას გვახსოვს ის ავადსახსენებელი წლები, როცა კომპანიებს წარმატებას არ პატიობდნენ, თუ მათიანი და მათი გუნდის წევრი არ იყავი. ყველამ ვიცით, რითი მთავრდებოდა ასეთ შემთხვევაში ყველაფერი და თქვენი კომპანიაც, როგორც ჩანს, ამ მხრივ გამონაკლისი არ აღმოჩნდა. მთავარია, რომ შეძელით, სააშკარაოზე გამოგეტანათ ეს ყველაფერი და, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, სამართლიანობა აღდგა. ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით.“
დავით საგანელიძემ კი იმედი გამოთქვა, რომ სხვა დაზარალებული ბიზნესების შემთხვევაშიც აღდგება სამართლიანობა, რაც ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანია: „კომპანია „ სენტას“ ისტორია ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში. კომპანიას, რომელმაც მიაღწია სერიოზულ სიმძლავრეებს, როგორ წაართვეს აქციები, როგორ დაიჭირეს ადამიანები, როგორ აყიდინეს ასი კვადრატული მიწა ორ მილიონად. ეს ყველაფერი ჩვენი სამწუხარო რეალობა და ისტორიაა. საბედნიეროდ, შეიცვალა ხელისუფლება და ეს ადამიანები ისევ თავისუფლები არიან, აკეთებენ ბიზნესს და კომპანია „სენტა“ ბაზარზე დაბრუნდა. რაც მთავარია, გაიაფდა პროდუქცია. მე ერთს ვისურვებდი: ძალიან ბევრ ბიზნესს, რომელიც ამ წლების განმავლობაში დატერორებული იყო, იგივე ფინალი ჰქონდეს. ის ძირითადი მოთხოვნა , რასაც საზოგადოება ჩვენ ხელისუფლებას უყენებდა, შეიძლება ითქვას რომ შესრულებულია. აღდგა სამართლიანობა და, იმედი მაქვს, ბევრ სხვა შემთხვევაშიც ასე მოხდება.“
შეიძლება ითქვას, რომ „სენტა“ ნულიდან იწყებს. ჯერჯერობით ერთი ავტოგასამართი სადგური ბათუმში ფუნქციონირებს და ერთი - ქუთაისში, თუმცა უახლოეს მომავალში თბილისშიც გეგმავენ სადგურის გახსნას. კომპანია ბაზარზე სასიამოვნო სიახლით შემოდის - ყველა პროდუქტზე შემცირებული ტარიფებით. დავით მიმინოშვილის თქმით, ისინი არა 2 და 3 თეთრით, არამედ 15- 20 თეთრით იაფ საწვავს შეთავაზებენ მომხმარებელს.
„ჩვენი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ საწვავში გადახდილი თითოეული თეთრი იყოს ადეკვატური მიღებული ხარისხისა და საერთაშორისო ფასისა,“- ამბობენ დამფუძნებლები. მათივე ინფორმაციით, ნავთობის საერთაშორისო ფასიდან გამომდინარე, „სენტა პერტროლიუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სხვა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურთან, მაგალითად „გალფთან“ შედარებით, ბენზინის 10-15 თეთრით, ხოლო დიზელის საწვავის შეძენა 20 თეთრით უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.