ლარის კურსის ძალიან სახიფათო ნიშნულთან ყოფნამ, როგორც იქნა, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის პირველი პირები გამოაღვიძა. მრავალდღიანი დუმილის ერთბაშად ყველამ მოისურვა საკუთარი აზრის გადმოფრქვევა და პროგნოზის გაკეთება, რომელიც დეკემბრის პროგნოზივით ომახიანი არ არის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას ასახავს.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის ფუნქცია, რაც ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მას აქვს, უნდა განახორციელოს იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციური წნეხია. შეიძლება სხვა ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება, რაზეც მან ისაუბრა. შეიძლება გამოყენებული იყოს საპროცენტო განაკვეთის ზრდა ან შემცირება, მაგრამ რამდენად აუცილებელია ეს?
კურსი შეიძლება „დაიჭირო“, მაგრამ ეკონომიკური ზრდა შეიძლება შემცირდეს, რაც შემდგომში შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს და მივიღებთ იმას, რაც 2013 წელს იყო. ამიტომ სიტუაცია მარტივი არ არის. კურსი განსაზღვრავს ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. თუ ლარი არის დოლართან მიმართებაში 1:2-თან და ასე გაუფასურდა, ეს იმიტომ, რომ პრობლემები არის ეკონომიკაში.
პრობლემების ნაწილი გამოწვეულია გარე ფაქტორების გავლენით, რადგანაც რეგიონში ყველგან გაუფასურდა, მაგრამ არის შიდა პრობლემებიც. პირველ რიგში, დეფიციტი, რომელიც სავაჭრო ბალანსის დროს გაჩნდა და რომელიც სხვა სახსრებით უნდა დაიფაროს.
მთავრობას გარკვეულწილად ზეგავლენის საშუალება აქვს - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. ამიტომ, ჩვენ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ინვესტიციები გაიზრდება ქვეყანაში, გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ამ შემთხვევაში კურსიც ბევრად სტაბილური იქნება, ინფლაციაც პრობლემა აღარ იქნება და ეკონომიკურ ზრდასაც მივიღებთ“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, ლარის გაცვლითი კურსი იმ პროცესს ასახავს, რომელიც ამჟამად ქვეყნის ეკონომიკაშია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქადაგიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც განსაკუთრებით მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებში აისახა და ასახვა ჰპოვა ლარზეც.
მისივე თქმით, თუკი ადგილი ექნება ინფლაციას, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ადეკვატურ ზომას მიიღებს და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო მექანიზმს გამოიყენებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფასების სტაბილურობა, ანუ ის, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციური მოლოდინი გაზრდილია, დღევანდელი მდგომარეობით, ფასების საერთო დონის მატებას ადგილი არ აქვს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ლარის გამყარების პერსპექტივას, სებ-ის პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ აქვს. მისი აზრით, თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, სავაჭრო პარტნიორების ქვეყნების ეკონომიკური ზრდაზე მეტი იქნება, ლარს გამყარების ტენდენცია მაშინ ექნება.
„რეალურად, საშუალოვადიან პერიოდში, თუკი ჩვენ ეკონომიური ზრდა გვექნება, ლარის გამყარების პროცესი დაიწყება. ეს საშუალო პერიოდში ხდება, ხოლო სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის პირობებში, კურსი რეაგირებს და არის პროცესების ადეკვატური“, - დასძინა ბანკის პრეზიდენტმა.
ქადაგიძესა და ონოფრიშვილზე მეტი ოპტიმიზმი შემორჩათ მინისტრებს. კვირიკაშვილი და ხადური უფრო მხნედ უყურებენ მოვლენებს და მათი პროგონოზიც შედარებით დამაიმედებელია.
„ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ მიდის. მთავრობას კომპლექსური გეგმა აქვს თუ როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი, ტურიზმი, ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კომპლექსურად კარგ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ერთი ცალსახაა, რომ დოლარი გამყარდა მსოფლიოს ყველა ვალუტის მიმართ. თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა დასული ევროს გაცვლითი კურსი. რაც შეეხება ლარს, ის გამყარებულია მსოფლიოს ძალიან ბევრი ვალუტის, მათ შორის ევროს, ბრიტანული სტერლინგის და სხვათა მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ და ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ვმუშაობთ. ეკონომიკური გუნდი იღვწის იმისათვის, რათა ეს რყევა დასრულდეს და ლარი დასტაბილურდეს“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.