,,უმარტივესი საკითხია. კანონი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ", მეოთხე მუხლით განსაზღრავს იმ სახელმწიფო ქონებას, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება. მათ შორისაა "საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები".
ფორმალურად კანონი არ ირღვევა, რადგან ფოთის პორტი 49 წლით გადაეცა "რაკიას", ხოლო ბათუმის ნავმისადგომი 99 წლით "ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგს" გადაეცა, რომელსაც "ყაზმუნაიგაზი" აკონტროლებს, თავის მხრივ, მოგეხსენებათ, "ყაზმუნაიგაზში" სერიოზული პოზიციები აქვს რუსულ "გაზპრომს", ფაქტობრივად, გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება", - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
მან ხაზი გაუსვა "რაკია"-"მაერსკის" გარიგებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების სრულ აბსურდულობას და ალოგიკურობას. გაუგებარია რა მიჰყიდა "რაკიამ" A.P. Moller-ს, მართვის უფლება? მართვის უფლების წილი? თუ კონსტიტუცია შეიცვალა და ჩვენ არაფერი გაგვიგია?
იქნებ "რაკიამ" მართვის უფლება დაუბრუნა საქართველოს სახელწიფოს და მისგან საკუთრებაში მიიღო პორტის წილი? იქნებ ნიკა გილაურმა დაიბრუნა "რაკიასგან" მართვის უფლება და სახელმწიფო საწარმოს წილი დაუთმო "მაერსკს", თანაც ოსტატური ფინტებით აუარა გვერდი კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს და მოატყუა ქართული საზოგადოება, კანონიერებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სტრუქტურები, ეროვნული უშიშროების საბჭო და თავად პრეზიდენტიც? – კითხულობს ბერიძე.
"თავად "ფოთის საზღვაო ნავსადგურში" ამ გარიგებაზე არ საუბრობენ, მას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ეს რა, ნინიას ბაღია? ადრე "რაკიას" მენეჯმენტმა "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" წილის გაყიდვის თაობაზე განაცხადა და ამ მიზნით გაამხილა თავისი სურვილი აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ.
როგორ, მართვის უფლების შემდეგ საქართველომ საკუთრებაში გადასცა "ფოთის საზღვაო ნავსადგური" "რაკიას"? ამის უფლება, მე ვფიქრობ, კონსტიტუციის თანახმად მათ არც ჰქონდათ და არც ინფორმაცია გავრცელებულა, ყოველშემთხვევაში, მე ასეთ ინფორმაციას არ ვიცნობ.
მართვის უფლების მქონე "რაკიამ" იურიდიულად მის საკუთრებაში არმყოფი კომპანიის გასხვისება გადაწყვიტა? იქნებ ისარგებლეს "ნაციონალებმა" საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში და შესაბამისი ცვლილება "გააიმასქნეს"? იქნებ "ფოთის საზღვაო ნავსადგურს" სტატუსი შეეცვალა და ამ გზით "გააჩალიჩეს" საქმე? ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ერთია – თავიდან "რაკიამ" ფოთის პორტის მართვის უფლებაში 155 მილიონი დოლარი გადაიხადა.
რამდენს იხდის "მაერსკი", უცნობია. სავარაუდოა, რომ თავის დროზე "რაკიამ" ფოთის ნავმისადგომი ძალიან იაფად ჩაიგდო ხელში. "რაკიას" უკან, შესაძლოა, სულაც არ იდგნენ არაბები. სავარაუდოა ისიც, რომ ამ გადაყიდვით მოცემული ოპერაციის დამგეგმავებმა 3 წელიწადში დიდი "მაყუთი მოხიეს".
თუ ეს დანაშაულებრივი ჯაჭვი გაგრძელდა, არც ისაა გამორიცხული, რომ "მაერსკმა" სულ მალე თავადაც გაყიდოს ფოთის ნავმისადგომი. ამჯერად უკვე ღიად რომელიმე რუსულ კომპანიაზე. ამაზე რაიმე დათქმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
კიდევ უფრო გაუგებარია, რომ "რაკიად" წოდებული ჯგუფი რაღაცის ("ფოთის საზღვაო ნავმისადგომის" თუ მისი მართვის უფლების) 20%-ს ინარჩუნებს. თუ გავიხსენებთ, რომ ბათუმის ნავმისადგომს, ფაქტობრივად, რუსები ფლობენ ("ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგი" - "ყაზმუნაიგაზი" - "გაზპრომი") ძნელი წარმოსადგენი არ არის პერსპექტივა, როცა ქართულ პორტებს რუსები გააკონტროლებენ, როგორც დე-ფაქტო, ისე დე-იურე.
ასეთი თამაშები კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჩვენი მთავრობის უპასუხისმგებლობაზე და ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდულობაზე", - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.