ვაუჩერული დაპირისპირების ახალი ეტაპი

ვაუჩერული დაპირისპირების ახალი ეტაპი

კომუნალური ვაუჩერების ირგვლივ ახალი დაპირისპირებაა. მერიამ ამტიკცებს, რომ მასახლეობა დედაქალაქის მთავრობისგან მეტ სარგებელს მიიღებს, ოპოზიცია კი საპირისპირო გამოთვლებითაა დაკავებული.

ნაცმოძრაობის მტკიცებით, თბილისში მოსახლეობის 60%-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება, რადგან თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის კომუნალური სუბსიდიის გაცემის ახალი წესი დამტკიცდა. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა) ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა ვაუჩერის ოდენობა მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იმ 180 000-მდე თბილისელისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. წინა ხელისუფლების პერიოდში დადგენილი წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი - ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი - დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი - წყლის საფასურისთვის).

„დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მოხდა კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით. შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები - 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები - 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან, ანუ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის, სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) 60%-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება“, - აცხადებენ საკრებულოს ფრაქციაში.

დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით მოსახლეობის მძიმე სოციალური ყოფის, ინფლაციის, ფასების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მავნებლური გადაწყვეტილებაა და კატეგორიულად მოუწოდებეს დავით ნარმანიას და „ქართულ ოცნებას“ შეცვალონ მიღებული წესი და ნუ მოატყუებენ თბილისელებს.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი კი თბილისის მოსახლეობის 60%-ისთვის ვაუჩერის შემცირებას მტკნარ სიცრუეს და ირაკლი აბესაძის მხრიდან მორიგ ტყუილს უწოდებს. ჩივიაშვილის თქმით, თვეში განსაზღვრული კომუნალური შეღავათისთვის მომდევნო კვირას 382 ათას ოჯახს 9,357 მლნ ლარი დაერიცხება. ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე 2-13 წელს იანვრის თვეში მოსახლეობისთვის გადაირიცხა.

„თანხის გაზრდა გამოწვეულია იმ გაორმაგებით, რომელიც თბილისის მთავრობამ სოციალურად დაუცველთათვის განახორციელა“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე განმარტებით, არც ელექტროენერგიის და არც წყლის გადასახადზე კომუნალური შეღავათი არ შეცვლილა.

დასუფთავების გადასახადის შეღავათის გამოანგარიშება კი ხდება „კანონით მოსაკრებლების შესახებ“, რომელშიც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება 2013 წლის ივლისის თვეში მიიღო. ამ კანონით, ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც მიბმული იყო დასუფთავების გადასახადზე, გაიყო და დასუფთავების გადასახადი სულადობრივი გახდა. შესაბამისად, ამ კანონით ერთსულიანი ოჯახი თვეში 2,5 ლარს, ორსულიანი ოჯახი - 5 ლარს, სამსულიანი ოჯახი 7,5 ლარს იხდის, ხოლო ოთხსულიანი კი - 10 ლარს. ჩივიაშვილმა დასძინა, რომ მათი პროგრამაც იმ ოდენობის შეღავათის მაქსიმუმს ეფუძნება, რასაც კანონი ითვალისწინებს და უფრო დიდი მოცულობის შეღავათის გაცემა მერიას არ შეუძლია.

„მე შეკითხვა მაქვს მაგ ავტორების მიმართ. ოთხსულიანი ადრე 8 ლარს იღებდა, ახლა კი 10 ლარს მიიღებს, ამაზე რატომ არ საუბრობენ და დაითვალონ ოთხსულიანი ოჯახების რაოდენობა, რომელიც გაცილებით მეტია“, - დასძინა ჩივიაშვილმა.