მთავრობა შრომის ინსპექციის ისევ შექმნას არ თანხმდება. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა. მთავრობა თანახმაა მხოლოდ მონიტორინგის სამსახური შექმნას, რომელიც დააკვირდება საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოები დასთანხმდებიან მონიტორინგს.
ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, ასეთი ფორმით სამსახურის შექმნა აბსურდია, რადგან არც ერთი საწარმო, სადაც დარღვევებია, ნებაყოფლობით შემოწმებაზე არ დათანხმდება და აუცილებელია სანქციებიც. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით მთავრობის დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამერიკის საელჩოც საქმის კურსშია, წინსვლა ვერ ხერხდება.
შარშან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალურ პარტნიორებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ პროექტისა და კანონპროექტების შემუშავება: „შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ“ და „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
პროფკავშირები უკვე მრავალი წელია მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან შსო-ს 81-ე კონვენციის რატიფიცირებას და შრომის სახელმწიფო ინსპექციის აღდგენას. ამისთვის, რამდენიმეჯერ მოეწყო განხილვა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში. პროფესიულმა კავშირებმა გამართეს საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით.
აღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში, მაგრამ უკვე გაჩნდა ეჭვის სერიოზული საფუძველი, ვინაიდან ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას დიდ წინააღმდეგობას უწევენ ეკონომიკის სამინისტრო და დამსაქმებელთა ორგანიზაციები.
2006 წელს შრომის ტექნიკური ინსპექციის გაუქმების შემდეგ საქართველოში საგრძნობლად იმატა უბედური შემთხვევების რიცხვმა სამუშაო ადგილებზე. შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო კონტროლის იგნორირების შედეგია საქართველოში ბოლო წლებში გახშირებული საწარმოო შემთხვევები. დასაქმებულთა უმეტესობა სამშენებლო და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით 2007-13 წლებში რესპუბლიკის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 273 ადამიანი დაიღუპა და 486 მძიმედ დაშავდა, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებში საწარმოებში (ორგანიზაციებში) 2007-13 წლებში დაიღუპა 71 და მძიმედ დაშავდა 25 დასაქმებული.
არასახარბიელოა მდგომარეობა პროფესიული დაავადებების კუთხითაც. განსაკუთრებით მაღალია პროფდაავადებების მაჩვენებლები მეტალურგიულ და ცემენტის წარმოებებში, რაც განპირობებულია საწარმოებში არსებული მოძველებული ტექნოლოგიური აღჭურვილობებით, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობით ან არასაკმარისი რაოდენობით.