იმუშავებს თუ არა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

იმუშავებს თუ არა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

საქართველოში მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგლებში დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა განხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, თავად კი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრი ასევე იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა. „ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჩვენნაირ განვითარებადი ტიპის ქვეყანაში და მისი მთავარი მიზანი არის, რომ წვრილი დეპოზიტარი იყოს დაცული სხვადასხვა რყევებისგან ეკონომიკაში. ეს სისტემა აპრობირებულია საერთაშორისო გამოცდილებით და არავითარი ინოვაციური ამაში არ არის. ვფიქრობ, ეს აუცილებლად განსახორციელებელი პროექტია საქართველოში. ამას გარდა, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც, რომ ეს სისტემა დავნერგოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა 10 წლის წინათ იყო განსაზღვრული. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ეროვნული ბანკი გამოდიოდნენ. კანონპროექტის შექმნაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. სისტემის ასამოქმედებლად KFW-მ მთავრობას დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხიც გამოუყო, თუმცა პროექტზე მუშაობა შეჩერდა.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ახლაც ეჭვობს, რომ საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ამჯერად მაინც მოხერდეს. მისი თქმით, დაზღვევის სისტემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს და მინიმალური დონის ანაბრები კატაკლიზმებისგან არის დაზღვეული.

„მის დანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ, დღესაც ეს თემა საუბრის დონეზე დარჩება. აქ უამრავი საკითხი არის გასათვალისწინებელი და გადასაჭრელი“, - აცხადებს ჯგერენაია.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორი ანჟელა პრიგოჟინა აცხადებდა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ აქვს. სინამდვილეში საქმე მთალად ასე კატასტროფულადაც არ არის.

დეპოზიტების დაზღვევა შედარებით ახალი მოვლენაა საერთაშორისო საბანკო სისტემაში. მაგალითად, 1974 წელს მხოლოდ 12 ქვეყანას ჰქონდა ამგვარი დაზღვევის სქემა, ხოლო 2003-ში ეს რიცხვი 87-მდე გაიზარდა.

ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია 1933 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც დიდმა დეპრესიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკთა გაკოტრება გამოიწვია და არასტაბილურობის გამო ხალხმა მასობრივად დაიწყო ფულის ბანკებიდან გატანა.

SAVINGS BEHAVIOR ASSESSMENT SURVEY - კვლევა, რომელიც საქართველოში 2011 წელს ჩატარდა, აჩვენებს რომ რესპოდენტების 60% მომხრეა ფულის ბანკში შენახვისა, თუ მათი დეპოზიტები დაზღვეული იქნება. აღსანიშნავია, რომ დაზღვევის გარეშე ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მცირდება და 6%-მდე იკლებს.