ლარმა დეკემბრის შემდეგ ახალი ანტირეკორდი დაამყარა, თუმცა რაღა დეკემბერი, როცა 2004 წლის აპრილის შემდეგ ასეთი გაუფასურება არავის უნახავს. აღსანიშნავია ისიც, რომ 11 წლის წინ ეროვნული ვალუტა თანდათან მყარდებოდა, ახლა კი, პირიქით, ყოველდიურად სუსტდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ სირაქლემას პოზაში დგანან და ლარის დევალვაციას, ჯერჯერობით, ოლიმპიური სიმშვიდით უყურებენ. ერთადერთი კომენტარი გაკეთდა პარლამენტიდან, როდესაც დარგორივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ ლარის სისუსტეზე კი არა, დოლარის ძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
„მარტო ლარი კი არა, დოლართან ევროც გაუფასურდა. 1.99-ია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ეს, ძირითადად, რეგიონში განვითარებული მოვლენების ბრალია, არის გავლენა საქართველოს ეკონომიკის კუთხითაც. ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაში, თუმცა დოლარის მიმართ ევრომაც დათმო პოზიციები“, - აცხადებს ტყემალაძე.
იანვარში რომ კურსი კვლავ შეტორტმანდებოდა, ეს ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ ასეთ ვარდნას მაინც არავინ ელოდა. ზოგიერთი ექსპერტი მორიგ გაუფასურებასაც ლოგიკურად მიიჩნევს. დემურ გიორხელიძის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ყველაფერს სწორად გააკეთებს, გარკვეული დროის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.15 თეთრი იქნება. გიორხელიძე არსებულ მდგომარეობას იმპორტზე დამოკიდებულებასა და არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებს.
„იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ლარის კურსი ფაქტობრივად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს - ნელ-ნელა მიიწევს თავის ნიშნულისაკენ. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა 2-სა და 2.15-ს შორის უნდა დასტაბილურდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ თუკი პოლიტიკა იგივე დარჩა, მაშინ ლარის კურსს ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მთავრობა დააკავებს“, - აცხადებს გიორხელიძე.
ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა აუცილებელია, რადგან წინ არის შაბათ-კვირა და კარგი იქნება თუ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება, რათა ბაზარზე პანიკა არ შეიქმნას. „ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მოქმედების დროა“, - დასძენს ლექვინაძე.
რაც შეეხება მიზეზებს, ის აცხადებს, რომ 2 იანვრიდან დღემდე მიმოქცევაში ფულის მასა შემცირებულია, დოლარი ევროსთან გამყარებულია 3.8%-ით, რაც დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზია. ამასთან, ფულადი გზავნილებიცა და ექსპორტიც დაკლებულია და ეს უკვე აისახა დეკემბრის კურსზე. საბიუჯეტო ხარჯების გავლენა კი ამ პროცესებში მინიმალურია.
ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის, რომ მიმდინარე მოვლენები ერთი რომელიმე კონკრეტული უწყების მოქმედებით გამოწვეული ნეგატიური შედეგი არ არის. ეს, მთელი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია.
ექსპერტის განცხადებით, ლართან დაკავშირებულ თემებზე მისი წილი პასუხსმგებლობა ყველას უნდა დაეკისროს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა, პრემიერის აპარატმაც საზოგადოებას პასუხები უნდა გასცეს.
აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდას განაპირობებს. ყოველივე ზომოთხსენებული კი, საზოგადოების დიდ ნაწილზე, საკმაოდ მძიმედ აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მწვავედ ამ პროცესს ის ადამიანები აღიქვამენ, რომლებსაც კრედიტები დოლარში აქვთ აღებული. ისედვე როგორც დეკემბრის დასაწყისში, ამჯერადაც სავალუტო ბაზარზე პანიკის ნიშნებია.