ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა ფოთის პორტის აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: „რატომ „როსნეფტი“, ეს იმიტომ, რომ „როსნეფტში“ მნიშვნელოვანი წილი აქვს BP-ს. ძალიან განვითარებული კომპანიაა, ძალიან დიდი შესაძლებლობებით. მე პოლიტიკაში არ ვერევი და ასე მგონია, რომ მთავრობაც არ უნდა ჩაერიოს ბიზნესის საკითხებში. მთავრობას ის როლი აქვს, რომ ბიზნესის გაკეთება ყველა გაუიოლოს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, „როსნეფტმა“ ფოთის ტერმინალის და „გალფის“ აქციების 49% შეიძინა, მიზნად სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში ერთობლივი კომპანიის შექმნა სახელდება.
წარმატებული ბიზნესი საკითხის ერთი მხარეა, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რომელიც ჩრდილშია მოქცეული. „გალფის ქსელი“, კომპანია „მაგნატს“ ეკუთვნოდა, რომლის წილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს ციხეში დაათმობინეს. ლეონიძე დღესაც საკუთარი შელახული უფლებების აღდგენას ითხოვს. ხელისუფლება კი ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენებს მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ, ზარალის ანაზღაურებას პირდება. აქვთ თუ არა უკვე მესამედ და მეოთხედ გადაყიდული ქონების თავდაპირველ მფლობელებს შანსი, სამართლიანობა მათ მიმართაც დადგეს, ამ თემაზე ჯემალ ლეონიძე გვესაუბრება.
ჯემალ ლეონიძე: არაფერი თავიდან დასაწყები ჩემს საქმეში არ არის. რაც კბილაშვილმა და მისმა დამქაშებმა გააფუჭეს და შემდეგ გენპოროკურატურამ, ამის გამოსწორება არ ვიცი, როგორ მოხდება. ერთი რამ შეიძლება გაკეთდეს, - ვინც პროკურატურამ დაზარალებულად არ გვცნო, მიზეზი განგვიმარტონ, რატომ არ გვცნეს დაზარალებულად. ამ საქმეებში მთავარია დაზარალებულად გვაღიარონ, თორემ დანარჩენი ყველაფერი უკვე გამოძიებული და მოკვლეულია.
როგორც ითქვა, პროკურატურაში ჯერ ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც მსგავს საქმეებს შეისწავლის, დროის გაწელვის პოლიტიკას ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი?
- ხარვეზების დამდგენმა კომისიამ პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭა და დღესაც გაურკვეველია ჩემთვის ის მუხლი, რითაც გასამართლებული ვიყავი. მარტივი ლოგიკაა - თუ რამე შეეშალათ და თუ დამნაშავე ვიყავი, მაშინ შემაბრუნონ უკან, ციხეში. თუ უდანაშაულოდ მცნეს, მაშინ ხომ უნდა მოხდეს ჩემი რეაბილიტაცია? - ორი წელი გავიდა მას შემდეგ. ჯერ იყო და ხარვეზების დამდგენ კომისიაზე თქვეს უარი, შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს იმდენი ფული არ აქვს კომპენსციები გასცესო, ახლა რა აქვთ ჩაფიქრებული და რას გააკეთებენ, ნამდვილად ვერ გეტყვით. კიდევ ვიმეორებ, მეტი წილი საქმეებისა, უკვე შესწავლილია და ზარალის დათვლა დარჩა, რომელიც სპეციალურმა სამსახურმა უნდა გააკეთოს. ეს ახალი ინიციატივაც ალბათ, მართლაც დროის გაწელვის პოლიტიკაა.
თქვენ იყავით კომპანია „მაგნატის“ დამფუძნებელი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „გალფი“, რომელიც უკვე მესამედ გადაიყიდა... როგორ წაგართვეს კომპანია?
- დამაკავეს მიწის უკანონო რეგისტრაციის ბრალდებით. პატიმრობის დროს მხოლოდ კომპანია „მაგნატი“ კი არა, სხვა ბიზნესებიც წაიღეს - რესტორნების ქსელი, ფაბრიკა, ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა, ბინაც კი აღარ დამრჩა, ყველაფერი წაიღეს.
როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალფის 49% იყიდა „როსნეფტმა“, ესეც სააკაშვილ-ადეიშვილის სქემის გაგრძელებაა - ჩემი ყველა ქონება უკვე მესამედ და მეოთხედ გადაყიდულია. ისინი ჩვენი კანონმდებლობით კეთილსინდისიერ მყიდველებად ითვლებიან. იაკობაშვილი მეორე პირი იყო, „როსნეფტი“ რომელიც მესამე პირია, ხომ იქნება და იქნება კეთილსინდისიერი მყიდველი.
რაც შეეხება რუსული კომპანიის შემოსვლას საქართველოში, პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, რამდენად არის საფრთხის შემცველი?
- ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანიდან გამომდინარე, რაღაც დოზით შეიძლება იყოს კიდეც საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ბიზნესს, პირიქით, უკეთესიცაა - ბაქოს საწვავს ხარისხით ყოველთვის ჯობდა რუსეთის საწვავი. სხვათა შორის, ეროპულსაც, რადგან ევროპა ძირითადად, ნარჩენებზე მუშობს.
ხალხისთვისაც კარგია, საწვავი გაიაფდება. იმ ოთხ კომპანიას შორის, რომლებიც ისევ ნაციონალებით არის დაკომპლექტებული, კარტელური გარიგებებიც ვეღარ იქნება ისე იოლი და ა.შ.
თქვენ თუ გაქვთ დათვლილი იმ ქონების ღირებულება რაც წაგართვეს, ზარალი რაც მოგადგათ ან რის კომპენსაციას ითხოვთ?
- ჩემი საჩივარი პროკურატურას თავიდან ბოლომდე აქვს შესწავლილი. იქ არა მხოლოდ ქონების, არამესდ ბიზნესის წართმევაზეც არის საუბარი. რაც შეეხება ჩემს სამოქალაქო დავებს, 11-12 ეპიზოდზეა საუბარი, თუმცა ყველაფერი რამდენჯერმეა გადაყიდული, რასაკვირველია,ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს ეკისრება. დაახლოებით 80 მილიონზეა საუბარი.
როდესაც დაგაპატიმრეს, პირდაპირ კეზერაშვილს გადაუფორმეთ კომპანია?
- ჩემი ოჯახის წევრებს გადააფორმებინეს. დოკუმენტების მიხედვით, შემდეგ ის კომპანია „გალფმა“ შეიძინა, თუმცა სასაცილო ფასად.
გაქვთ იმედი, რომ რამე თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება?
- 2009 წლიდან ვდავობ, ჩემი საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშია წასული და ახლა იქნება თუ 5 წლის შემდეგ, მაინც გავიმარჯვებ.