რეგიონული კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს

რეგიონული კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მოსალოდნელი რეგიონული კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. მსოფლიო ბანკისა და ოფიციალური თბილისის 5%-იანი პროგნოზის ფონზე, ევრობანკი პროგნოზი უფრო პესიმისტურია, თუმცა, საერთოდ, ევრობანკი შედარებით კონსერვატული ორგანიზაციაა. იგი პროგნოზებს ძალიან ფრთხილად ეკიდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს სივრცეში მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაამუჯობესა, დანარჩენი ქვეყნების შეამცირა ან არ შეცვალა.

2015 წელს, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4,2%-ით გაიზრდება (სექტემბერში გაკეთებული პროგნოზით 4%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი). უზბეკეთის პროგნოზი კი 7,6%-დან 7,8%-მდეა გაუმჯობესებული.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში კრიზისის ესკალაციის შემთხვევაში, ეკონომიკურად მასთან დაკავშირებულ ქვეყნებში მდგომარეობა გაუარესდება.

მოლდოვასა და სომხეთის ეკონომიკური ზრდა ნულოვანი იქნება, ბელორუსში 1,5%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,1%-დან 1,5%-მდეა შემცირებული, უკრაინაში 5%-იანი რეცესიაა ნავარაუდევი. რუსეთის ეკონომიკაშიც იგივე ვითარებაა და მისი მშპ-იც 4,8%-ით შემცირდება. თურქეთში კი 3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში წელს ევრობანკი 1,5%-იან ზრდას ელოდება, ხოლო სექტემბერში პროგნოზი 3% იყო.

ევრობანკთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ამცირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. სსფ-მ 2015-16 წლების დაგეგმილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,3 საპროცენტო პუნქტით შეამცირა. როგორც იანვრის თვის ანგარიშში - „მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები“ - არის აღნიშნული, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3,5%-ს შეადგენს, ნაცვლად ოქტომბერში გაცხადებული 3,8%-ისა. 0,3 საპროცენტო პუნქტით, 3,7%-მდე არის დაკლებული 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც.

„ეს ცვლილება დაკავშირებულია ჩინეთის, რუსეთის, ევროზონისა და იაპონიის ეკონომიკის პერსპექტივასთან, ასევე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო ნავთობის ექსპორტიორ ზოგიერთ ქვეყანაში აქტიურობის შემცირებასთან“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

სსფ-მ 2015 წელს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 0,1 საპროცენტო პუნქტით გააუმჯობესა 2,4%-მდე, 2016 წლის პრგნოზი კი უცვლელი დატოვა - 2,4%. ანგარიშის თანახმად, გაუარესებულია განვითარებადი ბაზრების მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი - 4,9%-დან 4,3 პროცენტამდე (2015 წელს), მომავალ წელს კი ეს მონაცემი 4,7% იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე პროგნოზირებს რუსეთის ეკონომიკის ვარდნას 3%-მდე. როგორც სსფ-ის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ეკონომიკის ზრდის მკვეთრმა შემცირებამ და რუბლის კურსის ვარდნამ, დსთ-ს სხვა ქვეყნების პერსპექტივაც შეასუსტა. ამასთან, სავალუტო ფონდმა 0,5% საპროცენტო პუნქტით გააუმჯობესა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, რომლის თანახმად 2015 წელს ეს მაჩვენებელი 3,6% იქნება, 2016 წელს - 3,3%, რაც 0,3 საპროცენტო პუნქტით მეტია გასული წლის ოქტომბრის პროგნოზთან.

„მიმდინარე წელს 1,2%-ით გაიზრდება ევროზონის მშპ, 2016 წელს კი - 1,4%-ით“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, თუკი დაჩქარდება ნავთობის გაიაფება, ეს გააძლიერებს რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას, რაც გამოიწვევს მისი ოქროს რეზერვების მკვეთრ შემცირებას და რუბლის გაუფასურების ახალ ტალღას. ამ შემთხვევაში, წარმოიქმნება ე.წ „დომინოს ეფექტი“, რომელიც გაამძაფრებს კრიზისს ყოფილი საბჭოთა კავშირის რიგ ქვეყნებში.