რამდენიმე დღეში ყველა ტიპის პროდუქციაზე ფასები გაიზრდება. ამის მიზეზი, რასაკვირველია, ლარის კურსია. ახალი წლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ერვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, თუმცა არც მოსახლეობა და არც მოვაჭრეები ასეთ ვარდნას არ ელოდნენ. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2 ლარის ნიშნულს მიუახლოვდა.
სწორედ ამიტომ იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი თვის ბოლომდე გაიზრდება, რასაც დაუფარავად ადასტურებენ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. ახალი წლის დღეებში გაზრდილი ფასები კიდევ უფრო ამაღლდება.
კომპანია „ჯი დი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი უტა მაზიაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის მკვეთრი დაცემის გამო, ფასი გაიზრდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზეც, რადგან მწარმოებლებს ნედლეული სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.
ლარის გაუფასურების გამო წლის დასაწყისიდან კვების პროდუქტებზე ფასები უკვე გაიზარდა. ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის“, დირექტორი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ იანვარში ფასების 5%-ით გაძვირება მოუხდათ. ვახტანგ საძაგლიშვილის თქმით, თუ ლარის კურსი 2 ნიშნულს არ ასცდა მაშინ ფასების მორიგი გაძვირება არ მოხდება.
კვების პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი „ლუქსი 2004“-ის გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ იმპორტიორები პირდაპირ დამოკიდებული არიან ლარის კურსის ცვლილებაზე და ფასის მატებაც ლარის გაუფასურების ადეკვატურად ხდება. გურამ ბროძელის თქმით, კურსის მერყეობის პირობებში შეუძლებელია იმპორტიორმა ფასები შეინარჩუნოს. ბროძელის თქმითვე, ფასების მატება მტკივნეულად ძირითადად საკვებ პროდუქტებზე ხდება.
მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ მაღალი საახალწლო ფასები ჯერ კიდევ შენარჩუნდა, რაზეც გარკვეული გავლენა ლარის კურსმაც მოახდინა. გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე რიმა ცირდავას თქმით, ამგვარ ფასს იანვრის ბოლომდე შეინარჩუნებს, მგარამ ლარის კურსი თუ არ დაბალანსდება, თითქმის ყველა დასახელების სურსათი ისევ გაძვირდება.
„წესით, ამ პერიოდში საახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტზე ფასი დაბლა იწევს, მაგრამ ახლა განსხვავებული ტენდენციაა, რომელიც ლარის კურსს უკავშირდება. ბუნებრივია, მისი გაუფასურება სურსათის ფასზეც აისახება. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ საყოფაცხოვრებო თუ საკვებ პროდუქტს, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიაფდა. ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, გაძვირდა კიდეც და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ფასის მატება არც ერთი მოვაჭრის ინტერესში არ შედის, ამით მომხარებელს ვკარგავთ, მაგრამ სხვა გზაც აღარ გვრჩება. ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. სანამ კურსი არ დაბალანსდება, მომხმარებლის სასიკეთოდ ვერაფერს შევცვლით. ამიტომაა, რომ საახალწლო მაღალი ფასი ჯერ კიდევ ძალაშია, მთავარია, კიდევ არ გაძვირდეს, გაიაფებაზე საუბარიც ზედმეტია“, - ამბობს მოვაჭრე.
ლარის გაუფასურება უბრალო მოქალაქეებზე პირდაპირ და ძალიან სწრაფად აისახება. ბაზრებში პროდუქტები უკვე გაძვირდა. განსაკუთრებით კი ის, რომელიც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები გაიზარდა, კლიენტები შემოაკლდათ, ხალხი ხარჯის გაწევას ერიდება, ხოლო მათთვის გადასახადი არ შემცირებულა, შესაბამისად, ცუდ დღეში არიან.
მთავრობას სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ ექსპერტები. მათი აზრით, ამჯერად გამოსავალი ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნური გამყარებაა. საამისოდ კი ეროვნულმა ბანკმა რეზრვები უნდა დახარჯოს. „ეროვნული ბანკის პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს. მთავრობამ და სებ-მა უნდა უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა, თანაც რაც შეიძლება მალე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე.