დღეს ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
ხვალ იწყება "დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი”, რომელშიც ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობათა მეთაურები იღებენ მონაწილეობას.
ჩემთვის დიდი პატივია და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ თავყრილობას ვესწრები როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ინვესტორი, რომლის მთავარ მიზანს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოს რეკლამირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
მე, საქართველოში დაბადებულ ადამიანს, მეამაყება, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ჩვენი კომპანიების ჯგუფმა ქვეყანაში განახორციელა 250 მილიონი დოლარის ინვესტიციები და დაასაქმა საქართველოს 2000-ზე მეტი მოქალაქე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებმა 316 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2014 წელს ამ ციფრმა 126 მილიონ ლარს გადაჭარბა.
ბოლო ერთ წლის განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებულმა ინტენსიურმა სამუშაომ, რომელშიც ჩართული იყო მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Citi Group და მონაწილეობდნენ ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანიები, საშუალება მოგვცა შეგვექმნა ერთობლივი საწარმო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სანავთობო კომპანია „როსნეფტთან“, რომლის აქციებით ვაჭრობა ლონდონის ბირჟაზე ხდება, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი აქციონერი მსოფლიო გიგანტი British Petroleum-ია.
მე მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი არის აღიარება საქართველოს ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის, ასევე ქვეყნის ენერგოდერეფნის მნიშვნელობის და პოტენციალისა.
ამ გარიგების შემდეგ ერთობლივი საწარმოს მართვა გაგრძელდება ქართული მენეჯმენტის მიერ, რაც უპრეცედენტო ფაქტია საქართველოს ბიზნესის უახლეს ისტორიაში.
ახლად შექმნილი ერთობლივი საწარმო ხელს შეუწყობს ტრანზიტული ტვირთების წარმომავლობის დივერსიფიკაციას, კონკურენციის ზრდას ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე, ხარისხის ამაღლებას და სერვისების გაუმჯობესებას.
ამ გარიგების შედეგად, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება საქართველოს ეკონომიკაში, რაც 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.
ისტორიულად საქართველო იზიდავდა ინვესტორებს მათი წარმომავლობისა და სექტორული ინტერესების განურჩევლად, რომლის უამრავი კონკრეტული წარმატებული მაგალითი არსებობს.
ჩემი, როგორც ინვესტორის და საქართველოს გულშემატკივრის მიზანია გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს გავაცნო ჩემი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და აქ არსებული დიდი პოტენციალი, მათ შორის „დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“.
დავით იაკობაშვილი, თბილისი, 20.01.2015