ევროპის შუაგულში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულან მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციები უნდა გამკაცრდეს თუ შემსუბუქდეს. გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იქნება.
ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა. შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობას არ დაარეგულირებს. სხდომაზე ევროპარლამენტმა უკრაინაში არსებული მდგომარეონის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები ენერგო და საფინანსო სექტორებში იმოქმედებს.
თუმცა უკვე წინასწარ არის ცნობილი, რომ რუსეთს ახალ სანქციებს არ დააკისრებენ. ამის შესახებ განცხადებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა გააკეთა.
„დღის წესრიგში რუსეთის საკითხის განხილვა დგას, თუმცა დამატებითი სანქციების მიღებას ნუ ელოდებით. ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ის ინსტუმენტები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგგაგვაჩნია და სანქციებზე ბევრად უფრო ეფექტური იქნება”, - განაცხადა მოგერინიმ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსი კი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ უჩვენებია არანაირი პოლიტიკური სურვილი ან ნაბიჯი ვითარების შემსუბუქების, შესაბამისად, პოლიტიკის შეცვლის მიზეზი არ არსებობს.
ახალი სანქციები კი არა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვისთვის დაწესებული შეზღუდვების შერბილებისა და შესაძლო გაუქმების შესახებაც, რამაც კიევში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უკრაინა ასეთ ნაბიჯს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი კრემლი უკრაინისთვის მიეყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს.
სწორედ ასეთი პოზიცია დააფიქსირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტში, რომელიც საგარეო საკითხებში ევროკავშირის მიერ გასამართ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გადასაცემად არის განკუთვნილი. კიევი ასახელებს იმ მიზეზებსაც, რომელთა გამოც სანქციების შეჩერება ან შერბილება შეუძლებელია.
„მოსკოვი ევროკავშირში ძალადობის პროპაგანდას ეწევა და მხარს უჭერს ტერორიზმს. გასულ წელს ევროკავშირმა თავის 20 გადაწყვეტილებაში რუსეთის ფედერაციას უკრაინაში ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის დასამყარებლად 24 მოთხოვნა წაუყენა, რუსეთმა მათგან მხოლოდ 4 მოთხოვნა შეასრულა, დანარჩენის იგნორირებას კი დღემდე აგრძელებს, რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“, - ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.
კიევი ევროპას აფრთხილებს, რომ პუტინთან მოლაპარაკების მიზნით სანქციების შერბილება არ დაუშვას.
„სანქციების საკითხში ევროკავშირის მხრიდან დათმობაზე წასვლა ნიშნავს ისეთი საერთაშორისო პრინციპების დათმობას, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა. ეს კი დონბასში კონფლიქტის გაყინვასა და ყირიმის პრობლემის მოგვარების ხანგრძლივი დროით გადადებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი უკრაინელთა დასამშვიდებლად აღნიშნავს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებს საბაბი არ არსებობს.
„ვფიქრობ, საკითხის წამოწევა იმის გამო მოხდა, რომ სანქციებს ივნისში ვადა ეწურება. ჩვენ უნდა განვიხილოთ მათი გაგრძელების შესაძლებლობა. თუ ამ საკითხის განხილვა არ მოხდა, ვადის გასვლის შემდეგ სანქციები ავტომტურად გაუქმდება. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბი ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშა იოჰანეს ჰანმა.