"საქართველოში ღვივდება შიდა დაპირისპირება... მახსენდება შევარდნაძის მოღვაწეობის უკანასკნელი წლები"

ამ დღეებში სომხეთს ქარიშხალივით გადაუარა ძალიან ცუდმა ამბავმა. რუსმა ჯარისკაცმა, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითმა, 18 წლის ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა, ავტომატური იარაღით დაცხრილა. სასწაულებრივად გადარჩა 6 თვის ჩვილი... როგორც ყვებიან, შეიარაღებულმა ჯარისკაცმა ღამით თვითნებურად დატოვა ბაზა, გამთენიისას იტალიურ ეზოში მცხოვრებ ავეტისიანების ოჯახს მიადგა, კარზე დაუკაკუნა და ოჯახის უფროსს წყალი სთხოვა, შემდეგ სახლში შეუვარდა და ცეცხლი გაუხსნა... ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ერთ საწოლში ეძინათ. მან ავტომატის ჯერი საწოლზე გადაატარა. 

ამის შემდეგ, ავტომატი და ფორმა იქვე დატოვა და სამოქალაქო ტანსაცმლით ქალაქში მიიმალა. მოგვიანებით, მკვლელი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს... ამბობენ, მას დაკითხვაზე უთქვამს, ფული არ მქონდა და სასმელის საყიდლად მჭირდებოდაო. მას ავეტისიანების სახლიდან 2 ათასი დრამი (დაახლოებით 8 ლარი) აქვს წაღებული... 
ამ ტრაგედიას დიდი ამბები მოჰყვა სომხეთში... 


"ქრონიკას" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება: 

- ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, მარტო ამერიკის ჯარშია დაფიქსირებული 10 შემთხვევა. მაგალითად, ოკინავაზე ამერიკელების სამხედრო ბაზაა და ჯარისკაცები ლამის ყოველდღე თვრებოდნენ, მერე რას აკეთებდნენ, ღმერთმა იცის. პატარა გოგოებს იჭერდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და მილიონიანი დემონსტრაციები იმართებოდა. აქ საინტერესო ის არის, რომ ბაზის ხელშეკრულება და რუსეთის კონსტიტუცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როცა მედვედევმა სომხეთთან ხელშეკრულება 44 წლით გააფორმა, იქ პირდაპირ წერია: თუ სამხედრო თანამშრომელი ჩაიდენს დანაშაულს, ის გასამართლდება სომხეთში სომხური კანონებით. სწორედ ამ ხელშეკრულებას აფრიალებენ დემონსტრანტები, მაგრამ ვინაიდან ჯარისკაცი რუსებმა დააკავეს, რუსეთის კონსტიტუცია კრძალავს გადაცემას. დამნაშავე რომ სომხებს დაეჭირათ, არ გადასცემდნენ და თვითონვე გაასამართლებდნენ. ეს არის საკანონმდებლო კოლიზია, რუსებს ფეხებზე ჰკიდიათ ერთი ჯარისკაცი, მაგრამ კონსტიტუციას არ არღვევენ. საბოლოო ჯამში, მოხდება ის, რაც ხდებოდა იაპონიაში, როცა ამერიკელები ეუბნებოდნენ, თუ არ გინდათ, თქვენი დედაც, სულ წავალთ აქედანო. ამაზე იაპონელები ჩუმდებოდნენ. ახლაც რუსებმა რომ თქვან, ჯარს გავიყვანთო, სომხები ეგრევე ჩაისვრიან, მეორე დღესვე ალიევი ომს დაიწყებს. პუტინი გულხელს დაიკრეფს და იტყვის: აჰა, არ გინდოდათ? მიდით, ჩახოცეთ ერთმანეთიო! სომხური ოპოზიცია ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს, მაგათაც ფეხებზე ჰკიდიათ ამოწყვეტილი ოჯახი. დღეს სერჟ სარქისიანის რეიტინგი ძალიან დაბალია და ოპოზიციას თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს. თუმცა, ვიმეორებ: სომხეთი რუსეთს დიდხანს ვერ გაუჩმახებს, მაგათი მამა-მარჩენალი დღეს არის პუტინი. ჩვენ რომ რუსებს ვეუბნებით, ოკუპანტები ხართო, გიჟდებიან, ეგ სიტყვა არ გაგვაგონოთო, ამ დროს სომხები თვითონ აღიარებენ, ოკუპანტები ვართ, აზერბაიჯანის 8 ოლქი დაპყრობილი გვაქვსო. რუსები მაინც დათმობაზე მიდიან, ერთად გამოვიძიოთ და ერთად დავსაჯოთ ეს ჯარისკაციო, ხელს არ აფარებენ. იმ უბედურ ვანკას შესტენიან "პოლნი კატუშკას". 

- ბატონო სოსო, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება პრაქტიკულად ჩაიშალა, რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ?
- კი, როგორც ჩანს, ასტანის შეხვედრაც არ შედგება და იწყება ახალი ომი. 

- სწორედ ამიტომაც იყნოსა სააკაშვილმა და ისტერიკაშია, ამერიკელებს მიმართავს, გვიშველეთ რამეო. 
- სააკაშვილი ძალიან უხეშ განცხადებებს აკეთებს... ეგ ამბობს, უკრაინული ჯარი ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნანო. რა, არ იცის, რომ დღეს უკრაინაში 200 ამერიკელი ინსტრუქტორია ჩასული? სააკაშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს, თუ უკრაინა დათმობაზე წავიდა, პუტინი, პირველ რიგში, პოროშენკოს მოსთხოვს ქართველების გაყრას და მიშას "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას. 

- როგორც ამბობენ, პოროშენკოს თითქმის ყოველდღე აქვს კავშირი პუტინთან, მიკვირს, აქამდე რატომ არ მოსთხოვა? 
- რა ვიცით, რომ არ სთხოვს? ბოლო დროს პოროშენკო სამჯერ შეხვდა პუტინს ერთიერთზე. პოროშენკო უბრალოდ ლამაზი თვალებისთვის არ დასთანხმდება ამაზე, სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს. დღეს პუტინის გეგმა უკვე ცხადია - ეს არის უკრაინის ფედერალიზაცია. 

- რას ნიშნავს უკრაინის ფედერალიზაცია? 
- კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში ყირიმს გაუზარდეს ავტონომიის უფლებები. ასეთივე პირობებს მოითხოვს პუტინი სხვა ავტონომიებისთვის. მარტში მთავრდება სანქციების ვადა, რაც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. ან უნდა გააგრძელონ, ან უნდა შეწყდეს. თუ დასავლეთმა სანქციები გააგრძელა, მაშინ პუტინი თავზე ხელს აიღებს და ყველაფერზე წავა. მაგას უკვე ფეხებზე ჰკიდია, რუსეთში გაჭირვება იქნება, ფასები მოიმატებს თუ რუბლი გაუფასურდება. რუსი ხალხი ეუბნება: მიდი, არ დათმო, ჩვენ უარესიც აგვიტანია, მეორე მსოფლიო ომი გადავიტანეთ, ლენინგრადის ბლოკადის დროს მიცვალებულების ხორცს ვჭამდით! ეს ისტორიული ფაქტია, ლენინგრადში გვამებს ჭამდნენ. აქედან გამომდინარე, პუტინი უკრაინაში ჯარსაც შეიყვანს. დღეს უკრაინას ყველაზე მატად სჭირდება იარაღი. 

- იარაღს ამერიკელები არ აძლევენ და არც მისცემენ. 
- არა, იარაღს არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბარაკ ობამას პირდაპირ დაავალა, გამოსცა უკრაინის თავისუფლების დაცვის აქტი. თუ პუტინმა ჯარი შეიყვანა, ამერიკელები რას იზამენ, არ ვიცით. რუსებს ოფიციალურად ჯარის შეყვანა არც აწყობთ, მოხალისეები ისედაც თავისუფლად შედიან და გამოდიან, ახლა "ოტპუსკნიკების" ვარიანტი გამოიგონეს, მაგალითად, შვებულებაში გავა 1000 ოფიცერი და პუტინი აგზავნის უკრაინაში. თან იძახის, რა ჩემი საქმეა, ეგენი შვებულებას სადაც უნდათ, იქ გაატარებენო. რუსეთში არ არის ისეთი კანონი, როგორსაც ახლა ჩვენთან იღებენ... თუ უცხო ქვეყნის ჯარში იმსახურებ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. სანამ უკრაინის საზღვარი ღიაა, ტექნიკაც შევა, თანაც იმდენი, პოროშენკო სიზმარშიც რომ ვერ ნახავს. უკრაინის საქმე ძალიან ცუდადაა, ევროპაშიც კრიზისული მდგომარეობაა. იყო იმედი, რომ მინსკში შეხვედრა შედგებოდა და მშვიდობა დამყარდებოდა, მარტშიც სანქციები გაუქმდებოდა, მაგრამ ამას კარგი პირი არ უჩანს. ჯერჯერობით უკან დახევისა და პოზიციების დათმობის პერსპექტივა არც ერთი მხრიდან არ ჩანს. ევროპაც ცუდ დღეშია, საფრანგეთში უკვე ოფიციალურად აკრძალეს ისლამისტების გაყრის მომხრეთა მიტინგები, მალე გერმანიაშიც აკრძალავენ. 

- ევროპა ცდილობს, არ მოხდეს ისლამისტებთან დიდი ჯახი. 
- კი, მაგრამ ეს აკრძალვა არაფერს არ უშველის. უკვე მოხდა გაუცხოება, საფრანგეთი დღეს გახლეჩილია. როცა მუსლიმანები და ქრისტიანები ერთმანეთს გამარჯობას აღარ ეუბნებიან და ეჭვის თვალით უყურებენ, ეს არც ერთი ქვეყნისთვის არ არის კარგი საჩუქარი. ისლამისტებმა დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა, მათ დაიწყეს ებრაელების დახოცვა და გადაიკიდეს მთელი მსოფლიო ებრაელობა. პარიზში შეცვივდნენ ებრაული სამარხვო საჭმელების მაღაზიაში. მერე შეცვივდნენ ებრაულ სკოლაში, ამას ვინ აპატიებთ? ამ დროს საქართველოში უფრო და უფრო ღვივდება შიდა დაპირისპირება. მე უკვე მახსენდება შევარდნაძის მოღვაწეობის უკანასკნელი წლები, როდესაც "რუსთავი 2" იქცა ატომურ ბომბად. დღესაც ასეა. თუ ამას ხელისუფლებამ არაფერი დაუპირისპირა, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. ამას უნდა დავუმატოთ, რაც ხდება უმრავლესობაში, იქაც დაპირისპირებაა. ასევე, სასწრაფოდაა მისახედი სოციალური მდგომარეობა, სოციალური უსამართლობა.