სეპარატიზმი ენგურჰესსაც მიუხლოვდა

სეპარატიზმი ენგურჰესსაც მიუხლოვდა

ენგურჰესთან დაკავშირებით აფხაზმა სეპარატისტებმა მსხვილი პროვოკაცია წამოიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს დაარსებიდან დღემდე ქართველები მართავენ და უვლიან, სოხუმში ე.წ. ხელისუფლებას, მოსკოვის კარნახით, „დიადი მიზნები“ გაუჩნდა. თბილისში სეპარატისტულ მოსაზრებებს არასერიოზულად უყურებენ.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აცხადებს, რომ „ენგურჰესის“ კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

„ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება“, - განაცხადა ბესარიამ.

ენერგეტიკის სამინისტრო კი „ჩერნომორენერგოსთან“ მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფს. „ენგურჰესი“ მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ ამ რეგიონის წინაშე“, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში და განმარტავენ, რომ მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, „ენგურჰესი“ ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს.

„აღვნიშნავთ, რომ „ენგურჰესის“ ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. „ენგურჰესის“ ექსპლოატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა“, - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ენგურჰესის“ გაყოფის საკითხი რაულ ხაჯიმბამ წამოწია, თუმცა ხაჯიმბა ჰესის გაყოფის ისეთივე დე ფაქტო ინიციატორია, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი. სინამდვილეში ამ თემის წამოწევა რუსეთის ინტერესებში შედის.

„ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა - აფხაზეთის საკუთრება უნდა იყოს“, - ასე სჯერა ხაჯიმბას. იგი, დარწმუნებულია, რომ მთავარი ენერგოობიექტის კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ აუცილებლად მოსაგვარებლია.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს. ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში საომარი მოქმედებები დასრულდა, ენგურჰესის ექსპლუატაციას მხოლოდ ქართული მხარე აწარმოებს.

ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად, ექსპლოატაცია იქნებოდა ეს თუ სხვა გარკვეული სარემონტო სამუშაოები, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა, რომელსაც ბუნებრივია, აფხაზურ მხარესთან გარკვეული კონტაქტები ახლდა.

„ენგურჰესის მთელი კომპლექსი მდინარე ენგურის ორივე მხარეს არის გაშლილი. კაშხალი წალენჯიხის რაიონშია, ხოლო ელექტროსადგური გალის რაიონში. ბუნებრივია ელექტროსადგური წყალსაცავიდან წყლის მიწოდების გარეშე ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციაა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ენგურჰესის ექსპლუატაციას სხვა ფორმატები არ სჭირდება, რადგან ელექტროსადგური საქართველოს საკუთრებაა. რაც შეეხება კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ენგურჰესის კუთვნილებაზე აფზახურ მხარესთან რაიმე სახის მოლაპარაკება, ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოლაპარაკება არ წარმოებს.

აფხაზი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ხაჯიმბას ამ მიმართულებით გააქტიურებას სახიფათოდ მიიჩნევს და აღნიშნავენ, რომ ამ განცხადების უკან რუსეთის ინტერესები დგას.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ენგურის გარეშე ჰესი 1 კვტ/სთ ენერგიასაც ვერ გამოიმუშავებს, ენგური კი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

„სოხუმში იციან, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება ჰიდროაგრეგატების მეშვეობით, რომლის ნაწილი მდებარეობს საბერიოში, ნაწილი კი - სოფელ რეჩხში. კაშხალი კი, საიდანაც წყალი გვირაბით ამ ჰესებზე მიედინება, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, ამ წყლის გარეშე ჰიდროსადგური ვერცერთ კილოვატ ენერგიას ვერ გამოიუმუშევებს. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროა ორივე მხარის კეთილი ნება იმისათვის, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამართულად იმუშაოს და დაცული იყოს ენლექტროენერგიის მომხმარებელთა ინტერესები“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.