[ghn]
საქართველოს მთავრობა რუსულ "ინტერ რაო ეესს" კიდევ ერთ ენერგეტიკულ აქტივს უთმობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს "ხრამი-2"-ის აქციათა 100%-ის მფლობელი ჰოლანდიაში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V. გახდება.
სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობას ხელშეკრულების პროექტი უკვე მზად აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქტივის დათმობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.
გარიგების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gardabani Holdings B.V. -ის სახით სს "ხრამი-2"-ის აქციათა 100%-ში 44 მლნ. დოლარს გადაიხდის.
იმავდროულად, მყიდველს უფლება აქვს, გეგმიურ რემონტზე ერთდროულად დააყენოს ჰიდროელექტროსადგურის მხოლოდ ერთი აგრეგატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აგრეგატის რემონტში გაყვანა გამოწვეულია ავარიით, ან მყდიველს მიღებული აქვს თანხმობა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისგან.
საინტერესოა ისიც, რომ ენერგეტიკის მინისტრი და მისი მეგობარი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ამჟამად ქვეყნის პრემიერი უკანასკნელი წლებია მხოლოდ ენერგეტიკული მიღწევებით ამაყობენ და სულ ახლახან პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის სიჭარბესა და მის ექსპორტზე ისეთი შემართებით საუბრობდნენ, რომ ვერავინ იფიქრებდა, რომელიმე ენერგეტიკული ობიექტის გაყიდვის აუცილებლობა თუ არსებობდა. მით უფრო "ხრამჰესი 2-ის", რომლის რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო და რომლის განსახორციელებლადაც სახელმწიფოს იაპონიის მთავრობამ 50 მლნ ლარის ოდენობის მიზნობრივი სესხი გამოუყო.
არადა, 2006 წელს, როდესაც "ხრამი 2"-ი "ინტერ რაო ეეს-ის" დროებით მართვაში გადავიდა, ხელისუფლება გვარწმუნებდა, - კი არ მივყიდეთ, მართვაში გადავეცით და ამ სტრატეგიულ ობიექტს არ გავყიდითო .
2010 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12-წლიანი შესვენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგური "ხრამი 2" სრული დატვირთვით ამუშავდა.
"ჰიდროელექტროსაგურზე, რომლის ორი აგრეგატი ერთობლივ რეჟიმში 1998 წლის შემდეგ პირველად ამუშავდა, კაპიტალური სარემონტო სამუშაო განხორციელდა. დამონტაჟდა მოდერნიზებული იტალიური ტურბინები. სადგურის სადერივაციო მილსადენების სფერული ჩამკეტები საქართველოში ანალოგის არმქონე ჰაერზეთოვანი ზედდამწნევი მოწყობილობით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც ტურბინა გენერატორების ექსპლუატაცია სრულიად უსაფრთხო გახდა.
SIEMENS-ის ფირმის თანამედროვე ელექტრომოწყობილობების სისტემების დანერგვით სადგურის მართვა მთლიანად კომპიუტერებულია. დამონტაჟდა ახალი მართვის ფარი, რის შედეგადაც ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ „ხრამჰესი 2-ის" ელეტროენერგეტიკული მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
ჰიდროელექტროსადგურის 2 ტურბინა გენერატორის საპროექტო დადგმული სიმძლავრე, რომელიც 110 მგვტ/სთ-ს შეადგენდა, 120 მგვტ/სთ-მდე გაიზარდა. შედეგად, სადგურის წლიური გამომუშავების ჯამური ენერგია 370 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს. „ხრამი 1" და „ხრამი 2" ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება კი 650 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც თბილისის მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედია", - ასეთი იყო 2010 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური განცხადება.
მმართველი კომპანიის წარმატებულობაზე კი სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით გამოყოფილ მიზნობრივ სახელმწიფო სესხს ს.ს. "ხრამი 2" უკვე 2009 წლიდან ემსახურება." წარმატებული მართვის შედეგად, საერთო ჯამში გამოყოფილი 60 მლნ ლარის სესხიდან კომპანიას ამჟამად 10 მლნ ლარი უკვე გასტუმრებული აქვს".
საინტერესოა, რა არგუმენტი დასახელდება მისი გაყიდვის გასამართლებლად? წარმატებული კომპანიის გაყიდვა, რომელსაც როგორც სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რატომღაა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი? იქნებ ჯერ კიდევ 2006 წელს იყო გადაწყვეტილი ეს ფინალი? დაველოდოთ, მთავრობა მომავალ კვირას სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ამ მნიშვნელოვან საკითხს მოკრძალებულად შემოგვაპარებს, თანაც ისე, რომ აქცენტი მხოლოდ ჰოლანდიურ კომპანიაზე გაკეთდება. თუმცა დაველოდოთ, იქნებ ეყოს ვინმეს გამბედაობა და ღიად თქვას, "ხრამი -2" რუსეთს მივყიდეთო, ოღონდ ამის გასასამართლებლად იმას ნუ დაიწყებენ, "ყველას გახსოვთ, უშუქობა, უგაზობა..." და ახლა გვაქვსო.
დიახ, გვახოვს, მაგრამ მაშინ მოხმარებული ენერგიის საფასურს არავინ იხდიდა. ახლა მამასისხლად მოწოდებულ გაზისა და ელექტროენერგიის ფულს ყველა იხდის და კიდევ ამის დამადლება, რბილად რომ ვთქვათ, "ეკონომიკური უსინდისობაა". ეს ტერმინი გამოვიყენე, რადგან პარლამენტში "პოლიტიკური უსინდისობა", ისე განმარტეს, რომ ეს თურმე პიროვნულ შეურაცხყოფას არ ნიშნავს, ჰოდა, თუ პოლიტიკური არ ნიშნავს, არა მგონია, მსაზღვრელად ეკონომიკურის გამოყენება, ვინმეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდეს.