არასამთავრობო ორგანიზაციამ - „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ავტოგაზის ბაზარზე გამოვლენილი სავარაუდო დარღვევები უკვე გააცნო. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ქირია აცხადებს, ამის შესახებ განცხადება შეიტანეს კონკურენციის სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტოში მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. დარღვევები ეხება 2014 წლის აგვისტოში, ერთდროულად ფასების გაზრდას.
„ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განცხადება. ავტოგაზის ბაზრობაზე სავარაუდოდ კანონდარღვევით, მწარმოებლების მიერ, შეთანხმებით მოხდა 2014 წლის აგვისტოში 5 თეთრით ფასის ზრდა. მსგავსი მეთოდით მოქმედება არის კანონდარღვევა. ჩვენ წარვუდგინეთ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს გამოვლენილი სავარაუდო დანაშაულის შემცველი ფაქტები და მტკიცებულებები, მივიღეთ დაპირება, რომ სააგენტო მათ შეისწავლის“, - განაცხადა ქირიამ.
კონკურენციის სააგენტო ჯერ დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს. მისი ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე ამბობს, რომ სააგენტო უკვე 6 მიმართულებით მუშაობს და მათ შორისაა ავტოგაზის თემაც.
„2014 წლის 26 დეკემბერს შემოვიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტის განცხადება „ავტოგაზის“ ფასების მომატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების დაშვებადობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში, ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება ამ ბაზრის სუბიექტთა ქცევას და ბაზარზე არსებულ ფასწარმოქმნის საკითხებს. შესაბამისად, სააგენტო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა მოკვლევის პროცესის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს კომპეტენტურობისა და ობიექტურობის მაღალ სტანდარტებს, რაც შედის როგორც საზოგადოების, ასევე ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ინტერესებში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოკვლევის შუა ეტაპზე, რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება მოკვლევის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით დააზიანებს მოკვლევის ინტერესებს და უარყოფითად აისახება მის საბოლოო შედეგზე“, - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.
ამასობაში საქართველოში საავტომობილო გაზის დისტრიბუციის სფეროში მომუშავე კომპანებმაც ამოიღეს ხმა. კომპანია „ეკოგაზში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, გაზზე ფასის აწევა მარტო დოლარის გამყარებას არ უკავშირდება და ეს გაზის იმპორტიორი კომპანია „სოკარის“ მიერ კომპანიებისთვის შესასყიდ ფასზეა დამოკიდებული. თუმცა კომპანიაში მაინც აცხადებენ, რომ საავტომობილო გაზი უახლოეს პერიოდში, მხოლოდ ლარის სტაბილური, მინიმუმ 2-3 თვიანი გამყარების შემთხვევაში გაიაფდება.
საავტომობილო გაზის გაძვირების მიზეზად „სოკარის“ მიერ დაწესებულ ფასებს ასახელებენ მცირე გაზგასამართ კომპანია „გამაშიც“.
კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ჩახტაური „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აჟამად, მათთან 1 კუბური მეტრი საავტომობილო გაზი 1.15 ლარი ღირს. ეს ფასი კი, მისი თქმით, დაახლოებით ორი თვის წინ ყველა გაზგასამართმა კომპანიამ 5 თეთრით სწორედ „სოკარის“ მიერ ფასის გაზრდის შემდეგ გაზარდა.
„მომწოდებელმა ლარით რომ შეამციროს ფასი, საავტომობილო გაზის ფასს მეც იმ დღესვე ლარით გავაიაფებ“ - აცხადებს ჩახტაური. იგი ასევე ამბობს, რომ დახმარებისთვის შესაძლოა, პრემიერ მინისტრსაც მიმართონ.
კომპანია „სოკარში“ კი საავტომობილო გაზის სარეალიზაციო ფასის ფორმირებაზე მოქმედ ორ ძირითად ფაქტორზე საუბრობენ.
„ამის პირველი მიზეზია ლარის გაცვლითი კურსის რყევა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მისი გაუფასურების მიმართულებით. მეორე კი - დამატებითი ინვესტიციის განხორციელებაა, რომელიც ავტოგაზგასამართი სადგურების თანამედროვე დონეზე და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის ტექნიკური აღჭურვისთვისაა საჭირო. მათი შესყიდვა განხორციელდა საბანკო კრედიტების მეშვეობით, რომელთა ფინანსური მომსახურება მკაცრად რეგლამენტირებულია და მოითხოვს თითოეულ სადგურზე განხორციელებული ინვესტიციების დროის განსაზღვრულ პერიოდში დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ღებულობს ჯარიმებს“, - განმარტა „კომერსანტთან“ კომპანიის კორპორატიული ბიზნესის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.
იგი განმარტავს, რომ ბაზარზე მოქმედი წესის მიხედვით, მისი ნებისმიერი მოთამაშის მიერ ფასის ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოსდევს დანარჩენი მონაწილეების მხრიდან ფასების შესაბამისი კორექტირება.