სიბრიყვე - შეურაცხყოფა თუ დიაგნოზი
ტვინი ბურუსით იფარება, ადამიანი სულელდება, ცუდად აზროვნებს და ყველაფერი ავიწყდება...
ბრიყვო!.. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ იცის, მაგრამ იმას თუ წარმოიდგენთ, რომ ეს შეურაცხყოფა კი არა დიაგნოზია?! დიახ, მსოფლიო მეცნიერები განგაშის ზარს რეკენ და პროგნოზირებენ, რომ მალე მოსახლეობის სიკვდილიანობა მკვეთრად მოიმატებს. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიბრიყვის ვირუსი აღმოაჩინეს და კვლევის შედეგები ჟურნალში Proceeding of National Academy of sciences გამოქვეყნდა. ახლავე აგიხსნით რაშიცაა საქმე _ მიკროორგანიზმი, რომელიც აქამდე მხოლოდ მწვანე წყალმცენარეებში შეინიშნებოდა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდა. ამ დროს ტვინი, ფაქტობრივად ბურუსით იფარება _ ადამიანი სულელდება, ცუდად აზროვნებს და ყველაფერი ავიწყდება. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 90 მოხალისეს შორის, მიკროორგანიზმი 40 ადამიანში ბინადრობდა. ამბობენ ქლოროვირუსის აღმოჩენა ყელის უმარტივესი ნაცხითაა შესაძლებელიო, მაგრამ მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არავინ საუბრობს. რა სისწრაფით ვრცელდება ბაქტერია? - ამერიკელმა მიკრობიოლოგმა, ჩარლზ გერბმა მიკროორგანიზმებით მხოლოდ ოფისის კარის სახელური დაამუშავა, შემდეგ კი, იგი აღმოჩნდა ჩამრთველებზე, ლიფტის ღილაკებზე, ტელეფონებზე და ჭიქებზეც კი - 6 საათში მთელი შენობა იყო ოკუპირებული ბაქტერიებით.
ზოგი მეცნიერი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ სწორედ ეს ბაქტერია გახდა ებოლას ვირუსის საფუძველი და ირწმუნება, რომ ებოლა ერთადერთი საფრთხე სულაც არ არის - ბოლო პერიოდში ქოლერას კერები ერთდროულად 58 ქვეყანაში დაფიქსირდა: ჰაიტიზე ეპიდემია არაერთი წელია მძვინვარებს და დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასია; ყვითელმა ცხელებამ მოიცვა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა; ფილტვების ჭირია მადაგასკარზე და მჭიდროდ ჩასახლებული ტერიტორიაც ხელს უწყობს სწრაფად გავრცელებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინფექციური დაავადებები წლიდან წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებლის მხრივ პირველ სამეულშია... ეს მხოლოდ ვარაუდებია, რეალურად კი რა ხდება, არავინ იცის, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ადრე ამ ვირუსის აღმოჩენა მეცნიერებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გარდაცვლილი ადამიანის ტვინში, თუმცა მაშინ არც უფიქრიათ, რომ ვირუსმა ორგანიზმში ადამიანის სიცოცხლეშივე შეაღწია. ექსპერიმენტებიც და კვლევებიც არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს - 33 მოხალისიდან ნახევარმაც ვერ შეძლო უმარტივესი ტესტირების გავლა! ვირუსოლოგი რობერტ იოლკენი აღნიშნავს, რომ ვერასოდეს დაუშვებდა, ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებში სხვაობა ამ ვირუსით თუ იქნებოდა განპირობებული და არა გენებით: ,,ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ვითომ უვნებელი მიკროორგანიზმები, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ბინადრობს, გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე'. ასე რომ, რეალობა შემაშფოთებელია - სიბრიყვის ვირუსი არსებობს! - მეცნიერულად ეს დამტკიცებულია, თუმცა ალბათ საქართველოს, ებოლას მსგავსად, არც ის ემუქრება. რატომ? - მიზეზი მარტივია, როცა რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი გაქვს, იმუნური სისტემა მის მიმართ ბევრად მდგრადი ხდება და შესაბამისად ნაკლებად გემუქრება საფრთხე. ვიმეორებ, არავის შეურაცხვყოფ, მაგრამ, როდესაც გამუდმებით გესმის, რომ ერში რაღაც პრობლემა არსებობს და ჩვენი ყოფაც მოკლე მეხსიერების ბრალია, თავისთავად ჩნდება ერთი მარტივი, რიტორიკული კითხვა - სიბრიყვე, ამნეზია... ეს ყველაფერი ჩვენ ხომ უკვე გადავიტანეთ?