პირველად, ბოლო 5 წელიწადში - ექსპორტი შემცირდა

პირველად, ბოლო 5 წელიწადში - ექსპორტი შემცირდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში, პირველად, ექსპორტის მოცულობამ იკლო. ამის მიზეზი, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრანიაში მიმდინარე მოვლენებია. იმპორტი კი განუხრელად იზრდება და მასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო სალდოც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11,459 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,863 მილიარდი დოლარი იყო (2013 წელთან შედარებით, 2 პროცენტით ნაკლები), იმპორტი კი ერთბაშად, 7 პროცენტით გაიზარდა და 8,595 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა 5,732 მილიარდი დოლარია, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ბოლო წლებში ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო სალდო აქამდე 2012 წელს გვქონდა - 5527 მლნ აშშ დოლარი, თუმცა შარშანდელმა მაჩვენებელმა იგი გააქარწყლა. ყველაზე მცირე სალდო კი 2009 წელს დაფიქსირდა. მაშინ ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი 3367 მლნ დოლარი იყო. სწორედ 2009-დან მოყოლებული ექსპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელი აღმოჩნდა.

შარშან აგვისტომდე ექსპორტი სტაბილურად მატულობდა, შემდეგ კი ამ მაჩვენებელმა გაუარესება დაიწყო. აგვისტოდან მოყოლებული დეკემბრის ექსპორტის სტატისტიკა ქვემოთ დაეშვა. 2014 წლის დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 57 მილიონი დოლარით შემცირდა.

რასაკვირველია, ექსპორტის მაჩვენებლის გაუარესებაში ყველაზე დიდი გავლენა რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ითამაშა. ორივე მიმართულებით ქართული პროდუქციის გადაზიდვა შემცირებულია. პირველ რიგში, ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ეხება.

მაგალითად, ქართველი მეღვინეები უკვე ჩივიან რუსეთში შემცირებულ შეკვეთებსა და ექსპორტირებული პროდუქციის საფასურის ამოღების პრობლემებზე. კომპანია „შუხმან ვაინზ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ რუბლის გაუფასურებამ გაყიდვის შემცირება გამოიწვია:

„შემცირდა რეალიზაცია. ჩვენ პარტნიორებს უჭირთ თანხების ამოღება, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია“, - ამბობს აბრამიშვილი.

რუსეთში პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ ღვინის სხვა მწარმოებლებიც.

კლებას განიცდის ქართული ექსპორტის ლიდერი პროდუქციაც - მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. მისი წილი მთლიან ექსპორტში ბოლო ორი წლის განმავლობაში 24-დან 19 პროცენტამდე შემცირდა და ვარაუდობენ, რომ კლების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. ამის მიზეზი კი აზერბაიჯანში განხორციელებული ცვლილებებია, რაც საქართველოდან ავტომობილების ექსპორტს აძვირებს.

ექსპერტები ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებენ. „გამოცხადება, დეკლარირება არ ყოფნის საქმეს. რაკი საქმე ასეა და ექსპორტი იკლებს, ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება, არაეფექტურია. მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა მომართული უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული მიზნისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ და სამუშაო ადგილების შექმნისკენ. რაკი ეს არ ხდება, ესე იგი პოლიტიკა მცდარია“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ დემურ გიორხელიძე.

ექსპორტის კლება, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას. ლარის გაუფასურება კი ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობ ფინანსურ ზარალს აყენებს საქართველოს მოსახლეობას.