უკვე ჩანს, რომ ბიუჯეტის გაზრდა და ახალი ევროობლიგაციების გამოშვება მთავრობისთვის ასე მარტივად არ ჩაივლის. ამას ხელისუფლებაშიც გრძნობენ, ამიტომაც „თავდაცვით ბარიკადებს“ აქედანვე აგებენ. ოპოზიციისა და ექსპერტების შეტევის მოგიერიება ადვილი ნამდვილად არ იქნება.
ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი გამორიცხავს ბიუჯეტის ზრდის ინფლაციასთან კავშირს. მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი აპელირებს, რომ ბიუჯეტის ზრდა დამატებული ღირებულების გადასახადით იზრდება და ის ინფლაციამ განაპირობა. მინისტრი ამ არგუმენტს არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა მოგების გადასახადის ზრდამ განაპირობა და არავითარ კავშირში არ არის ინფლაციასთან.
„2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, აქედან მხოლოდ ნაწილი 230 მილიონი ლარია გაწერილი, ხოლო დანარჩენი 118 მილიონი აკუმილირდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და წლის განმავლობაში საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ ხარჯები, შევამციროთ დეფიციტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.
„ჩემი აზრით, შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციაა. სურსათი 30%-ით გაიზარდა, ამიტომ 30%-ით გაიზარდა დღგ-დან შემოსავლებიც“, - ამბობს ნოდარ ხადური.
რადგანაც ვალის გასტუმრების ფანდი მთავრობას გაუცუდდა, ახლა მორიგი ვალის წამოკიდების გამართლების გზებს ეძებს. ამჯერად მთავრობის საპარლამენტო მდივანი მორიგ არარეალურ განცხადებებს აკეთებს, თითქოდა ევრობონდების გამოშვების შემდეგ ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი (როდის იყო, რომ ვალების წამოკიდებით უცხოური ინვესტიციები აქტიურდებოდა?).
ხუროშვილის განმარტებით, 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვის სახელმწიფო 10-წლიან ევრობონდებს უშვებს.
ევრობონდებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 10-წლიანი ევრობონდები დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი თანხა დააბანდონ.