საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლველად უკანონო ფორმირებებში გაერთიანდებიან, კანონით დაისჯებიან. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დაისჯება ასევე წვრთნა ან ამავე ფორმირებებში მონაწილეობისაკენ მოწოდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 13 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილება, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა, გულისხმობს, რომ კანონით დაისჯება ყველა, ვინც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში გაერთიანდება და ბრძოლას გადაწყვეტს - იქნება ეს სირია, ერაყი თუ უკრაინა.
13 იანვარს საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ამ საკითხზე ღიად მსჯელობა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტამდე, 18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დაიწყო. მთავრობის სხდომას წინ უსწრებდა წელიწად-ნახევრის წინ მისი სტუმრობა პანკისში, სადაც, როგორც წულუკიანი აცხადებს, უხუცესებისა და მოსახლეობისგან პირადად მოისმინა წუხილი ზოგიერთი ახალგაზრდის ტერორისტული ორგანიზაციებით დაინტერესებისა და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების გამო. მთავრობამ გადაწყვიტა, საკითხი კანონით დაერეგულირებინა და საკნონონმდებლო ინიციატივა უკვე გაუგზავნა პარლამენტს:
„სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი, 312 პრიმა, მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისათვის წვრთნა, ან მოწოდება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით. თუ ეს ფორმირება იქნება უკანონო, ხოლო ჩვენი მოქალაქე ან აქ გაიწვრთნება, ან გადაიბირებს ვინმეს, ეს ყველაფერი კანონით იქნება დასჯადი და ორი წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არ შეიძლება ამ ტიპის ქმედებისადმი სახელმწიფო იყოს ტოლერანტული“.
თეა წულუკიანს მაგალითად მოჰყავს გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც, მისი განცხადებით, ასევე დგანან მსგავსი გამოწვევის წინაშე - ამ ქვეყნებშიც არაერთი ახალგაზრდა ერთიანდება სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში. შეკითხვაზე, დაისჯებიან თუ არა, მაგალითად, უკრაინაში საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეები, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის შემთხვევაში კანონი მათზეც გავრცელდება.
პარლამენტში ჯერჯერობით კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა უმრავლესობაში მას ჰყავს მხარდამჭერები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით აქამდე დაურეგულირებელი სფერო კანონის ფარგლებში მოექცევა. სესიაშვილის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას მთავრობამ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაც გაიზიარა:
„ორი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პირველი - ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ თუკი ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციებს რაიმე ფორმით დაეხმარებიან, ფინანსური დახმარებით თუ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვით, ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ამისათვის დაისჯებიან, რაც აქამდე არ არსებობდა საქართველოში. მეორე - ჩვენი სხვა მოქალაქეებიც უნდა დავიცვათ იმისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირები არ დაბრუნდნენ და საფრთხე არ შეუქმნან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე“.
„ნაციონალური მოძრაობისათვის“ მნიშვნელოვანია რამდენად მკაფიო განმარტება ჩაიწერება კანონში - როგორ განმარტავს კანონი უკანონო ფორმირებებს. უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ იგულისხმება ის დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის აღიარებული და რომელთა ჩამონათვალიც ცნობილია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან, მათი აზრითაც, საქართველოს მოქალაქეები ტერორისტები არ უნდა ხდებოდნენ, თუმცა არის ერთი მაგრამ:
„ჯერჯერობით, რაც მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, ეს ტექსტი იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა ასევე შეეხოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის საქართველოს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. თუ კანონი ამასაც მოიცავს, მაშინ ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით ამ ინიციატივას“.
კანონპროექტზე მსჯელობას საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, თებერვლიდან შეძლებს, როცა ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველივე ბიუროს სხდომა გაიმართება და საპარლამენტო სესიები გაგრძელდება.