- ,,პარიზმა სილა გააწნა ტერორიზმს' - ეს დუელში გამოწვევა და, როგორც ბევრი ვარაუდობს, მესამე მსოფლიო ომის ანონსი ხომ არაა?
- მესამე მსოფლიო ომი არ იქნება! ეს ფრაზა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, საუკუნის ავანტიურისტმა სააკაშვილმა რუსეთ- საქართველოს ომის დროს გამოიყენა. მსგავსი სირთულის წინაშე მსოფლიო რუსეთ- უკრაინის კონფლიქტის დროსაც დადგა, თუმცა მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად საკმარისი არც აღმოჩნდა. საფრანგეთში მომხდარის შემდეგ პირველი, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა ისაა, რომ ქვეყანაში რელიგიური ექსტრემიზმის საფუძველი არ არსებობს! ამ ტერაქტის სათავეში მდგომმა ვერ გათვალა, რომ რელიგიურ ექსტრემიზმში იმ ქვეყანას ვერ ჩაითრევ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია!
- თუმცა შარიათის მიმდევართა მხრიდან მუქარა კვლავ ისმის. სისხლიანი სასაკლაოს გაგრძელება იქნება?
- გამორიცხული არაფერია. თუმცა ამ ქვეყანაში არაერთი კულტურისა თუ რელიგიური მიმდინარეობის ადამიანი ცხოვრობს და არავინ არაფერში იზღუდება. ჩემი ფანჯრიდან კათოლიკური ეკლესიის სამრეკლოსა და მუსლიმების რელიგიური რიტუალების ხმა ერთნაირად ისმის. ამ დღეების მთავარი სლოგანმა „მე შარლი ვარ“, მთელი საფრანგეთი აიყოლია. ყველა ამ ერთი, მომცრო ტირაჟისა და საოცრად უგემოვნო კარიკატურული გაზეთის ფანატად იქცა. არადა, ეს გაზეთი ეთიკის დაუწერელ ნორმებს არაფრად აგდებდა, აშარჟებდა ქრისტიანებს, მუსულმანებს, ქვეყნის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მოხელეებს.
- თუმცა ეს არ ნიშნავს მთავარი ღირებულების, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლებას.
- ცხადია, დღეს ამაზე არავინ დავობს. სხვათა შორის, „შარლ ჰებდოს“ ერთ-ერთი გადარჩენილი კარიკატურისტი მხარდაჭერის ამ ტალღას დასცინის - ბერნარდ ჰოლტროპი, რომელიც თავდასხმის დროს ოფისში არ იყო, აცხადებს, რომ მხარდაჭერას ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებსაც „შარლ ჰებდოს“ არც ერთი ნომერი არ წაუკითხავთ. ჰოლანდიელი ჟურნალისტი აცხადებს: ,,მოულოდნელად, გამოჩნდნენ ახალი მეგობრები, მათ შორის, რომის პაპი, დედოფალი ელისაბედი და ვლადიმერ პუტინი. გული გვერევა ,,მოულოდნელ მეგობრებზე'. მხარს გვიჭერენ ისინი, ვისაც არასდროს უნახავს ,,შარლ ჰებდოს' არცერთი ნომერი'. პასუხი კითხვაზე, რამ შეაყვარა ერთ დღეში ეს გაზეთი 66 მილიონ ფრანგს, ერთია - სიტყვის თავისუფლების დაკარგვის საფრთხემ! ამიტომ ყვიროდნენ „მე შარლი ვარო'. ამ სიტყვებში რელიგიური ექსტრემიზმი არაა, პარიზმა ასე გააწნა სილა ტერორიზმს!
- მომხდარს საქართველოში არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ - ვიღაც ფიქრობს, რომ რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფა უნდა დაისაჯოს, ვიღაცის აზრით, სიტყვის თავისუფლება რელიგიაზე მაღლაც დგას. სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის?
- დასამალი არაა, რომ საფრანგეთში სიტყვის თავისუფლება რელიგიაზე მაღლა დგას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ მორწმუნეები არ ცხოვრობენ. ამ ტერაქტმა საფრანგეთი კი არ გახლიჩა, შეკრა ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც პარიზსა და ცივილიზებულ სამყაროსთან ომში სასტიკად დამარცხდა! ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და რელიგიურ შეურაცხყოფას შორის ღვთისმოშიშობაზე გადის, მაგრამ ის არავის დაუდგენია. ეს, ალბათ, ოჯახიდან, ქვეყნის ტრადიციებიდან მოდის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩემთვის ყოველთვის საამაყოა! თუმცა სახტად დავრჩი, როცა ჩემი ფოტორეპორტაჟების ქვეშ მწვავე მინაწერები ამოვიკითხე - ზოგი, რელიგიური შეურაცხყოფის გამო, ტერორისტებს ამართლებდა მაშინ, როცა ამას მუსულმანებიც კი გმობენ! მიმაჩნია, რომ ყველა ჟურნალისტს თვითცენზურა უნდა ჰქონდეს - რაზე და როგორ წეროს. თუმცა რაც უნდა მიუღებლად აკეთო შენი საქმე, არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება!
- მსოფლიო მარშში ქართული დელეგაციის მონაწილეობითა და აქტიურობით კმაყოფილი ხართ?
- რასაკვირველია, სააკაშვილი უკეთ მოახერხებდა მარშზე წინა რიგებში ჩადგომას, ცრემლსაც დაღვრიდა და სახესაც ჩამოიკაწრავდა. ალბათ, რომ შესძლებოდა, ჟურნალისტების სამგლოვიარო პროცესიაშიც მიიღებდა მონაწილეობას და სხვის დასანახად, მათ საფლავშიც ჩაჰყვებოდა. თუმცა საკითხავია, რითაა ჩვენი ექსპრეზიდენტი იმ ტერორისტებზე უკეთესი - თავად არ შეუვარდა ავტომატებით „იმედის“ ჟურნალისტებსა და გამომცემლობა „სამშობლოს“?
- სწორედ ეს მინდა გკითხოთ - ე.წ. სამართლიანობის აღდგენამ, ალბათ, გვერდი ჩაგიარათ, რადგან საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების დროს, დევნილი და შევიწროებული იყავით. რა ხდებოდა თქვენს გარშემო 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2012 წლამდე და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?
- „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს ჯერ საერთოდ არ ჩამოუვლია, სადღაც, წიფის გვირაბთანაა გაჩხერილი. თუმცა ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ადამიანებს ძველებურად აღარ იჭერენ, უდავოდ პროგრესის ნიშანია. ხშირად მეკითხებიან, საქართველოში როდის დაბრუნდებიო - მაშინ, როცა სააკაშვილს დააბრუნებენ! ამ ხელისუფლებამაც ასე თუ გააგრძელა, გასაყრელები გახდებიან! ვფიქრობ, ქვეყანას ახალი სისხლი და შემართება სჭირდება, რაღა დროს ბერძენიშვილები და ბურჯანაძეებია! დიდი ხანია დეპოში ვდგავართ. იმით კი ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი კოლეგები ყოველთვის მხარში მედგნენ. თუმცა ყველა ერთად რომ ვმდგარიყავით, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა, სააკაშვილი საქართველოდან კარგა ხნის წინ გაიქცეოდა და არც მე მომიწევდა სამშობლოს იძულებით დატოვება. დღესაც მხოლოდ თავისუფლება გადაგვარჩენს!